„დატოვოს ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაში და ისე გააკეთოს ავტოსადგომი. ვინმე უშლის?!“

„დატოვოს ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაში და ისე გააკეთოს ავტოსადგომი. ვინმე უშლის?!“საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე „ახალი თაობის“ კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

– ბატონო მამუკა, პრემიერმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს რადიკალები და პროვოკატორები უწოდა. მისივე განცხადებით, პოლიციაც და საკრებულოს თავმჯდომარეც სრული კანონის დაცვით მოქმედებდნენ. რამდენად იყო ასე და რომელი მხარის მიერ დაირღვა კანონი?

– ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმას, რომ ეს ყველაფერი კანონის დაცვით იყო გაკეთებული, რადგან ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის დეპუტატებს აქვთ უფლება საკრებულოს დარბაზში შესვლის. ეს კანონშია ჩაწერილი. პირიქით, სახელმწიფომ დაარღვია კანონი, როდესაც ეს ადამიანები არ შეუშვა.

– დახურული სხდომა იყოო.

– ვისთვის დახურული, დეპუტატისთვის?! არ არსებობს ასეთი სხდომა!

– გაკეთდა შეფასებები, რომ ისინი იქ დებოშის ასატეხად და პროვოკაციის მოსაწყობად მიდიოდნენ.

– წინასწარ როგორ შეიძლება განსაზღვრო, დებოშის ასატეხად მიდის თუ რისთვის მიდის. პირიქით, სწორედ `ქართული ოცნების~ დეპუტატები ტეხდნენ დებოშს პარლამენტში. ყველას ახსოვს, მოჭიდავეები რომ ჰყავდათ და იყო სულ გაწევ-გამოწევა. ნაციონალური მოძრაობის ადვოკატი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი დაირღვა. დეპუტატი ხალხის მიერ არის არჩეული, მისი წარმომადგენელია, მისი ხმაა, რა უფლებით არ უშვებ?! ეს კანონის დარღვევაა.

– რამდენად ცდილობს ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში დესტაბილიზაციის სურათის შექმნას?

– შესაძლებელია, ყურადღების მიქცევას და საკუთარი თავის აქტუალიზებას ცდილობს არჩევნების წინ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ცუდი და მანკიერი არის სწორედ ის, რასაც თბილისის მერია და საკრებულო ჩადის.

– კერძოდ რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ერთ ლარად გასცემს მიწის ნაკვეთს ვიღაცაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვისზე, ეს იქნება ნინო ბურჯანაძე, თუ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი. ეს დაიწყო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან და ეს მანკიერება დღემდე ვერ მოიშორეს. ერთ ლარად გასხვისება სახელმწიფო ქონების, ხალხის ქონების, ეს არის ქვეყნის ძარცვის მანკიერი პრაქტიკა. ეს როდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს?! ხალხი აპროტესტებს სწორედ ამას და არა სხვა რამეს.

– კანონი დაირღვა ამ ქმედებით?

– არა, კანონი არ დარღვეულა, კანონით აკრძალული არ არის ამის გაკეთება, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როდესაც ქალაქის ცენტრში ასე ძვირადღირებულ მიწას ერთ ლარად გადასცემ შენ ვიღაცას, რა მნიშვნელობა აქვს, ის ვინ არის, ეს ამორალურია. ხალხსაც ხომ უნდა დაეკითხო? შეიძლება კანონი არ დაარღვიო, მაგრამ მორალური და ზნეობრივი ნორმები დაარღვიო. გამოდის, რომ ადამიანები აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენენ.

– ისევ ხალხისთვის კეთდება ეს ავტოსადგომიო.

– მაშინ გვაჩვენონ, რას აკეთებენ. აჩვენონ ხალხს, რა არის დაგეგმილი. 30 მანქანის ავტოსადგომი?! ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა! ავტოსადგომის გაკეთება თუ უნდათ, ეს გათვლილი უნდა იყოს რამდენიმე ასეულ მანქანაზე! ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხსაც დაეკითხე, მის მიერ რომ ხარ არჩეული და გააკეთე ისე, რომ ამით მოსახლეობამ ნახოს სარგებელი და არა _ პირადად შენ!

– ნაციონალური მოძრაობა აქციებს აანონსებს, რამდენად გადაინაცვლებს პროცესები ქუჩაში?

– არჩევნები კარს მოგვდგომია, ცხადია, რომ ეს პოლიტიკური პარტია შეეცდება, გარკვეულად დაძაბოს და გაახუროს სიტუაცია, რათა არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს. ეს აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია. მეორე საკითხია, რომ ეს ყველაფერი კანონს ფარგლებს გარეთ არ უნდა გავიდეს. ეს თემა, რის გარშემოც ატეხილია ამხელა ხმაური, თავისთავად ძალიან არასასიამოვნოა. პირადად მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, საკუთარ თავს ვგრძნობ ძალიან შეურაცხყოფილად. იმიტომ, რომ ჩემი ქალაქის გულში, ამხელა ტერიტორია, ვიღაცამ ერთ ლარად უნდა წაიღოს.

– და თუ მართლა მოსახლეობისთვის კეთდება?

– თუ ამ ადამიანს მართლა ქალაქისთვის უნდა სიკეთის გაკეთება, მაშინ კეთილი ინებოს, დატოვოს ეს მიწის ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაში და ისე გააკეთოს ეს ავტოსადგომი. ვინმე უშლის?! ან იქირაოს ეს ტერიტორია, ესეც აბსოლუტურად გასაგები და მისაღები იქნება, მაგრამ როდესაც საკუთრებაში მიაქვს მიწა, ეს უკვე სხვაგვარად უნდა შეფასდეს.

– მაინც როგორ? 

– პირადად მე ვთვლი, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, არის სრულიად ამორალური პიროვნება.

– მას რაღას ერჩით?

– მას რომ კაცობა ჰქონდეს, უბრალოდ დაწერდა განცხადებას და გადადგებოდა! ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები არიან და მის ნება-სურვილზე დადიან. ეს არის ჯიბის ხელისუფლება, დავით ნარმანიას თამადობით. ნარმანიაზე აღარ ვისაუბრებ, ისედაც ყველამ კარგად იცის, ვინც არის.

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნარმანიას დაუფასეს ერთგულება და გერმანიაში ელჩად უშვებენ.

– ამაზე უბრალოდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. არ ვიცი, რა ვთქვა. გერმანია არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა და იქ უნდა წავიდეს ისეთი ადამიანი, რომელმაც, სხვა თუ არაფერი, გერმანული ენა იცის კარგად.

– ნარმანიასაც სცოდნია.

– კარგით რა… ასევე, იქ წასულ ელჩს დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, როგორც დიპლომატს. გერმანია არ არის სლოვენია იქნება თუ სლოვაკიის მსგავსი ქვეყანა, სადაც შეიძლება ნაკლებად გამოცდილი ადამიანის გაშვება. გერმანია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანა. ნარმანიაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ვისურვებდი, რომ იქ მეტად პროფესიონალი პირი წასულიყო. ბოლოს და ბოლოს, გერმანიაა, იქ ძალიან გამოცდილი ელჩი უნდა გვყავდეს.