დავით ზურაბიშვილი: „რაში აწყობს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ეს ხმაური?!“

დავით ზურაბიშვილი: „რაში აწყობს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ეს ხმაური?!“დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გუშინ, 10 ოქტომბერს საკრებულოს შენობის გარეთ და სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

– ბატონო დავით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომის წინ საკრებულოს შენობაში მხოლოდ საკრებულოს წვერები და პრესის წარმომადგენლები შეუშვეს. რაც გააპროტესტეს პარლამენტის დეპუტატებმა. რამდენად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო ალიბეგაშვილმა?

– პირველ რიგში, აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ირღვევა კანონი. კანონდარღვევას აქვს ადგილი. ნამდვილად არ ჰქონდა არავითარი უფლება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ასეთი ბრძანება გამოეცა. საკრებულოს შენობაში და სხვა ნებისმიერ საჯარო შენობაში პარლამენტის წვერების, დეპუტატების შესვლის საკითხი კანონმდებლობით რეგულირდება. ეს საკითხი არ არის დამოკიდებული ვინმე, კონკრეტული პირის ნება-სურვილზე.

პარლამენტის დეპუტატს კანონი აძლევს ნებისმიერ წარმომადგენლობით ორგანოში შესვლის სრულ უფლებას, ამას მას ვერავინ აუკრძალავს. კანონის მოთხოვნა, ცხადია, ყველამ უნდა აღასრულოს და, რასაკვირველია, ეს მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარემაც უნდა აღასრულოს. სხდომათა დარბაზში თუ საკრებულოს შიგნით, ნებისმიერ ადგილზე ვიღაც იხულიგნებს და არასათანადო ქცევას გამოავლენს, მერე, რა თქმა უნდა, არსებობს უსაფრთხოების სამსახური და, ცხადია, რეაგირებას მოახდენს ამ ყველაფერზე. სამართალდამცავები არსებობენ იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინონ, მაგრამ მათ რეაგირება დანაშაულზე უნდა მოახდინონ, ვიღაცა რაღაცას რომ დაარღვევს, მერე უნდა იმოქმედოს, მანამდე თუ არ არის დანაშაული ჩადენილი. როდესაც კანონი არავის არ დაურღვევია და შენ არღვევ კანონს, მაშინ ამაზე პასუხი უნდა აგო. თუ შეწუხება არ უნდათ და ნერვების მოშლა, მაინც შეწუხდებიან.

– საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ტყემალაძემ განაცხადა, რომ სხდომის ფუნქციონირებას შეიძლება ხელი შეეშალოს, ვიღაცამ დებოში მოაწყოს, როდესაც თბილისის სასარგებლოდ ვიღებთ გადაწყვეტილებას.

– წინასწარ კანონის დარღვევა საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან იმ მოტივით, რომ ვიღაცა რაღაცას აპირებს, ეს სრულიად წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია, ეს გაამართლო. თანაც, ჩვენ ხომ ვიცით, რომ უმრავლესობა მათ ხელშია, მათ აქვთ პულტები და ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ. აქ ხომ პრობლემა საერთოდ არ ჩანს?!

მეორე პრობლემა, რაც ღიად გამოჩნდა, არის ის, რომ ხელისუფლებას სჭირდება ასეთი დონის მობილიზება. იყო არნახული რაოდენობის უშიშროებისა და საპატრულო პოლიციის მობილიზება. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ურდოების შემოსევის დროს შეიძლება დაცვის ასეთ ზომებს მიმართო.

რა გამოჩნდა ამით, რომ მორალური უპირატესობა არა აქვს დღეს ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ ზომებს არ მიმართავდა. სრულიად წარმოუდგენელია, სხვა მიზეზებით ეს ახსნა. ყოველ შემთხვევაში, მტყუანის პოზიციაშია, ეს ჩანს მისი მოქმედებიდანაც. ყოველგვარი განხილვის, გარჩევის, დისკუსიის გარეშე მოხდა ამ წინადადების საკრებულოში შემოსვლა და ხელისუფლებამაც გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა შეასრულოს. როგორც გითხრათ, ძალიან თავხედურად მოხდა ეს ყველაფერი და ეს ღიად ჩანს. იმის ნაცვლად, რომ გამართულიყო დისკუსია, განხილვა, მეტი ინფორმაცია მიგვეღო, რა? როგორ? რატომ? ამ კითხვებზე გაცემულიყო პასუხები, აეხსნათ, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები. როგორც გითხარით, თავხედურად მოხდა ყველაფერი.

– ხელისუფლება თავდაცვით პოზიციაშია?

– მართალი გითხრათ, ვერ ვხსნი, რადგან ლოგიკას ვერ ვხედავ. რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ეს მისთვის მომგებიანი ნამდვილად არ არის. ეს არის ერთი მხრივ უკიდურესი არაკვალიფიციურობა. ხელისუფლებამ გამოავლინა არცოდნა თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში. პოლიტიკური გამოცდილების მხრივ ხელისუფლებამ აბსოლუტური უცოდინრობა გამოავლინა. მეორე მხრივ, ეს არის შინაგანად ავტორიტარული დამოკიდებულება, რომ არ გინდა, ვიღაცამ ნერვები მოგიშალოს, არადა პოლიტიკაში ასეა, წარმოუდგენელია სხვაგვარად. პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერი შენს სასიხარულოდ და გასახარად არ კეთდება. ვიღაცა პროტესტს გამოთქვამს, ვიღაცა რაღაცას იტყვის, ვიღაცაც შეგეკამათება, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ამისთვის შენ ყოველთვის მზად უნდა იყო და პასუხი მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა გასცე. როდესაც თავად გამოდიხარ კანონდამრღვევი, მერე უკვე სხვას ვეღარ შეეწინააღმდეგები.

– მართლაც პოლიტიკურ გამოუცდელობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას ეძლევა შესაძლებლობა, რომ ხმაურიანად წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია, როდესაც არჩევნები კარს არის მომდგარი?

– არა მგონია, რომ მხოლოდ პოლიტიკური გამოუცდელობა იყოს მიზეზი. არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სცოდნოდა, თუ რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა. რატომ აკეთებს ამას, და ეს რომ მის გარეშე არ კეთდება, თანაც მაინცდამაინც ახლა, არჩევნების წინ, ეს კითხვები მასთან არის, რადგან აქ ლოგიკა არ ჩანს და რაციონალურს ვერაფერს ვხედავ.

– ბატონო დავით, თვითონ შინაარსზე მინდა გკითხოთ, გარკვეული ახსნა გააკეთეს, თუმცა, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით ნაკლებად იყო დამაჯერებელი, რადგან ავტოსადგომი მხოლოდ 30 ავტომანქანაზეა გათვლილი. რაც შეეხება თაბორის მთას, აქ რა არის თქვენი შენიშვნები?

– რაც შეეხება პუშკინის სკვერს, არათუ დამაჯერებელი არ არის, კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება თაბორის მთას, ეს ახალი პროექტი არ არის. ადრე პროექტი იყო შემოტანილი, მსჯელობაც იყო, მაგრამ ახლა საუბარია დამატებით ტერიტორიაზე, დაახლოებით 4 ათას კვადრატულ მეტრზე. როგორც გვეუბნებიან, არსებობს გარკვეული ვალდებულება, რომ ამ ტერიტორიაზე დამხმარე შენობა-ნაგებობები განთავსდეს, მაგრამ რატომ? რისთვის? რა ნაგებობებზეა საუბარი და რატომ მაინცდამაინც 4 ათას კვადრატულ მეტრზე და არა, მაგალითად, 1 500 კვადრატულ მეტრზე, არავინ გვპასუხობს. აქ საუბარია დამოკიდებულებაზე, რომელიც არსებობს. ერთადერთი, რაც გამოასწორეს, არის ის, რომ ერთ ლარად ვერ იყიდის ეს კომპანია, 102 ათას ლარს გადაიხდის. თუმცა, ღიად ჩანს, რომ ეს ერთიანი პაკეტია და ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, ვერ ვხვდები ვერანაირად, რად უნდა კერძო საკუთრებაში. მიდგომა ტოვებს შთაბეჭდილებას, რასაც მინდა გავაკეთებ! ეს არის სწორედ შეურაცხმყოფელი.

– თუნდაც კეთილი მიზნებით იყოს ნაკარნახევი.

– დიახ, არ მგონია, ბოროტი მიზნებით იყოს, ალბათ მიზანი კეთილია, მაგრამ ხომ უნდა გაირჩეს, კარგია, ცუდია. ხომ უნდა ვიმსჯელოთ, ბოლოს და ბოლოს თავისუფლების მოედანზეა საუბარი, სადაც მართლაც ძალიან სუსტია პოზიცია. არანაირი ახსნა არა აქვს, თავისუფლების მოედანზე ვიღაცას, ერთი ლარი იქნება თუ რამდენიც არ უნდა იყოს, საკუთრებაში რატომ უნდა გადაეცეს ტერიტორია.