წყალტუბოში, სოფელ გეგუთში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 4.453 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა შპს „შარას“ საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ,,შარას” მიწის ნაკვეთი მთავრობის განკარგულების საფუძველზე გადაეცა, სადაც 2 წლის ვადაში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო უნდა შეიქმნას.
კომპანიისთვის მიწის ნაკვეთისა და 1.210 კვ.მ განაშენიანების შვიდი შენობა-ნაგებობის პირდაპირი წესით გადაცემა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №495 განკარგულების საფუძველზე, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა. „შარას“ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში იმავე წლის 6 მაისს დარეგისტრირდა.
განკარგულების თანახმად, „შარამ“, მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნაში, 352 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანიის 1/3 წილის მფლობელია პარლამენტში გორის მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის მეუღლე ციცინო კალანდაძე.
შპს „შარა“ 2002 წლის 12 აპრილს შეიქმნა. კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორია პარლამენტის მაჟორიტარი წევრის იოსებ მაკრახიძის მეუღლე – ციცინო კალანდაძე, რომელიც კაპიტალის 33 %-ს ფლობს.
ბიზნესმენი იოსებ მაკრახიძე საქართველოს პარლამენტში გორის №41 მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული დეპუტატია. იგი ფლობს კაპიტალის 40 %-ს კომპანია „იბოლია“-ში, სადაც 30 %-ის მფლობელები არიან მისი შვილები – მარიანა და ოფელია მაკრახიძეები.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იოსებ მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო, – სახელისუფლებო პარტიას მან 50 000 ლარი გადაურიცხა.
საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ, გორის მაჟორიტარი და მისი კომპანიები „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლებიც იყვნენ. 2010 წელს შპს „იბოლია“-მ მაშინდელ მმართველ პარტიას 100.000 ლარი ჩაურიცხა, 2011 წელს – ასევე 100.000 ლარი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი იოსებ მაკრახიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 39.000 ლარი შესწირეს.

