ლევან ნატროშვილი: “თბილისში ვითარება საარჩევნოდ შეიძლება დაიძაბოს”

ლევან ნატროშვილი: "თბილისში ვითარება საარჩევნოდ შეიძლება დაიძაბოს"„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დღეს თბილისის მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევის შედეგებს გააცნობს. თუ როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რა სახის დარღვევები დაფიქსირდა, რამდენად კანონიერად მიიღეს პარტიებმა შემოწირულობები? “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი პასუხობს.

– ლევან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდმა უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სხვა შეფასებები გვესმის ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. როგორია თქვენი ორგანიზაციის შეფასებები, რის თქმა შეგიძლიათ არჩევნებამდე ორი დღით ადრე?

– მთლიანობაში თუ შევაფასებთ, შეგვიძლია იმის თქმა, რომ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი, თუ რამდენიმე ინციდენტს არ ჩავთვლით. ეს დადებითია, რა თქმა უნდა, თუმცა გარკვეული პრობლემები, ტენდენციები მაინც ფიქსირდება.

– კერძოდ, რა კუთხით?

– ჩვენ გამოვაქვეყნეთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ანგარიში და საუბარი გვქონდა გარკვეულ პრობლემებზე. ყველაზე მეტად რაც არის გამოკვეთილი და პრობლემური, ეს არის საჯარო მოსამსახურეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ძალიან აქტიური ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში და ეს ჩართულობა ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს არა ნებაყოფლობითი, არამედ ძალდატანებითი. გვქონდა თბილისის ბაგა-ბაღების შემთხვევა, როდესაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, სავარაუდოდ, ავალებდა ბაგა-ბაღების დირექტორებს, რომ მხარდამჭერთა სიები შეეგროვებინათ. ამაზე ჟურნალისტური გამოძიებაც იყო, არსებობს ჩანაწერები და რეალურად მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო.

– ცესკომ თქვა, რომ კანონი არ ირღვევა, თუ ბაღის მასწავლებელი იმავდროულად პარტიის წევრიც არის.

– გასაგებია, პარტიის წევრობას არავინ უკრძალავს მასწავლებელს. აქ საუბარია იმაზე, რომ უკანონო დავალებებს იღებენ ისინი სააგენტოდან. ბაღების მართვის სააგენტოს ფუნქციებში არ შედის ის, რომ მსგავსი ტიპის დავალებები გასცეს. ეს პოლიტიკური პარტიის საქმეა და არა ბაღების მართვის სააგენტოსი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მათი ქმედება იყო უფლებამოსილების გადამეტება.

– ამას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყოლოდა?

– ამაზე უნდა დაწყებულიყო გამოძიება პროკურატურის მხრიდან, თუმცა არ დაიწყო და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, ყველა დიდ საარჩევნო შეხვედრაზე, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” გამართა რეგიონებში, იყო საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების სრული მობილიზება.

– კანონით ეს აკრძალულია?

– კი ბატონო, არ არის აკრძალული, აქვთ უფლება, რომ დაესწრონ ამ შეხვედრებს, თუ ეს ხდება არასამუშაო საათებში, მაგრამ ბევრ კითხვას აჩენს ის, თუ რამდენად ნებაყოფლობით ხდებოდა ამ ადამიანების მობილიზება. აქ იყო სრული ორგანიზება, მთელი სამსახურები მოდიოდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ სურვილი არ ჰქონდათ, წამოსულიყვნენ, მაგრამ ასეთი ინსტრუქცია გაიცა და იძულებული იყვნენ, წასულიყვნენ. ეს პრობლემა ყოველთვის იყო ჩვენი საარჩევნო ისტორიის განმავლობაში და ახლაც რჩება.

– ანუ მთავარ პრობლემად რჩება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?

– დიახ, შეიძლება ასე ითქვას, რომ მთავარი თემა არის ეს. ეს აშკარა და თვალშისაცემია.

– ბოლო ორი დღეა, აქტიურად განიხილება შემოწირულობების საკითხი. “ქართულმა ოცნებამ” ძალიან დიდი თანხები მიიღო, ხოლო ოპოზიციამ – მინიმალური. ამ საკითხით თუ დაინტერესდით?

– რეალურად ძალიან დიდი სხვაობაა მმართველი პარტიისა და სხვა პარტიების დაფინანსებას შორის. ესეც, ტრადიციულად, ყოველთვის არის ხოლმე საარჩევნოდ, რაც სერიოზულ უპირატესობას ანიჭებს სახელისუფლებო პარტიას. საკმაოდ დიდი ფორა აქვს ხოლმე ყოველთვის ხელისუფლებას.

– დაფინანსებასთან დაკავშირებით რა კანონდარღვევები გამოიკვეთა?

– ჩვენ ამ კვლევაში ძირითადად შემოწირულობები გვაქვს შესწავლილი – რამდენი შემოწირულობა გაკეთდა, ვინ არიან ეს შემომწირველები, ფიზიკური თუ იურიდიული პირები. ვეცადეთ, დაგვედგინა ფიზიკური პირების კავშირები ბიზნესებთან და ბიზნესკომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში, ანუ ჰქონდათ თუ არა ამ კომპანიებს პირდაპირი კონტრაქტები მიღებული სახელმწიფო შესყიდვებში ტენდერის გარეშე და რა რაოდენობით. აი, ასეთი ტიპის ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ. ჯერ დასრულებული არ გვაქვს და საბოლოო ანგარიში ცოტა ხანში გვექნება მზად.

– ასევე საუბარია ზეწოლის ფაქტებზე. თქვენს კვლევაში თუ მოხდა მსგავსი შემთხვევები?

– კი ბატონო, მოხვდა სავარაუდო ზეწოლის რამდენიმე შემთხვევა. განსაკუთრებით ამ მხრივ გამორჩეული იყო ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც რამდენჯერმე იყო ინფორმაცია გავრცელებული კანდიდატების მხრიდან, რომ მათზე ზეწოლას ახდენენ. შესაძლოა, ამის მასშტაბები არ იყო დიდი, მაგრამ ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა და განსაკუთრებით ეს ხდებოდა ქვემო ქართლში.

– კეთდება შეფასებები, რომ საარჩევნოდ დაძაბულობის ეპიცენტრი სამცხე-ჯავახეთი და მარნეული იქნება. თქვენ თუ შეგიძლიათ მსგავსი პროგნოზის გაკეთება და რატომ მაინცდამაინც ამ ორ რეგიონში?

– აქ რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. ეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული

რეგიონებია და იმ დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო, რაც ამ რეგიონებშია, სამწუხაროდ, მარტივად მანიპულირებდი ხდება ხოლმე ეს ხალხი საარჩევნოდ და, აქედან გამომდინარე, პრობლემებიც ხშირია.

– როგორია თქვენი მოლოდინი?

– ჩვენი მოლოდინია, რომ ასევე საკმაოდ კონკურენტული და დაძაბული არჩევნები იქნება თბილისშიც. თბილისში საკმაოდ ძლიერი მერობის კანდიდატები არიან, კონკურენცია უნდა შედგეს პირველ ტურში და არსებობს გარკვეული ალბათობაც, რომ მეორე ტური ჩატარდეს. ასე რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, მდგომარეობა თბილისშიც დაიძაბოს.

– ანუ დაძაბულობას ელით?

– ზოგიერთ ადგილას. იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ საშინელება მოხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზოგიერთ ოლქსა და რაიონში შესაძლოა იყოს დაპირისპირებები და გართულებები სხვადასხვა პარტიებს შორის.