პარიზის მოდის კვირეულზე დემნა გვასალიამ მთელი მსოფლიო გააოგნა – “ბალენსიაგას” მოდელები პოდიუმზე ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული “კროქსებით” გამოჩნდნენ, რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოდელები პოდიუმზე “კროქსებით” გამოვიდნენ – გასულ წელს ეს ფეხსაცმელი კრისტოფერ კეინის გაზაფხულის კოლექციაშიც გამოჩნდა, თუმცა “ბალენსიაგამ” მაინც მოახერხა ყველას გაოცება, რადგან ამჯერად “კროქსების” პლატფორმის სიმაღლემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
დემნა გვასალია განმარტავს, რატომ შეაჩერა არჩევანი “კროქსზე”.
– ეს არის ინოვაციური ფეხსაცმელი. მსუბუქია, ერთ მთლიან ნაწილად ჩამოსხმული. ასეთი ტექნოლოგია და მასალა “ბალენსიაგასთვის” ძალიან შესაფერისია, – ამბობს გვასალია.
როგორც აღმოჩნდა, დიზაინერს “კროქსი” აქამდე არასოდეს სცმია და პირველად წელს, ზაფხულში მოისინჯა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ეღირება “ბალენსიაგას” “კროქსი”, თუმცა ვარაუდობენ, რომ 1 წყვილის ფასი 250 დოლარი იქნება. შედარებისთვის – ჩვეულებრივი “კროქსი” დაახლოებით, 30 დოლარი ღირს.
“ბალენსიაგას” ფეხსაცმელი კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. ბრიტანული გამოცემა “მეტრო” წერს, რომ პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციით “მოდა მოკვდა.”
ამბები.გე