რამაზ საყვარელიძე: “ელისაშვილმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა”

 

რამაზ საყვარელიძე: "ელისაშვილმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა"პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მიერ დადებულ შედეგებზე საუბრობს.

– ბატონო რამაზ, თქვენ ამბობთ, რომ პარტია, რომელსაც არასდროს არ გაუმარჯვია, დროა სახლში წავიდეს. თბილისში უპარტიო კანდიდატის, ელისაშვილის მიერ დადებულმა შედეგმა მართლაც ხომ არ დააყენა ასე საკითხი, რომ დრომოჭმული პარტიების დრო დასრულდა?

– არის ეს განწყობა ანალიტიკოსებში და არის მოსახლეობაში, ეს აჩვენა თუნდაც ამ არჩევნებმა. თუმცა, წასვლაში ალბათ უფრო იგულისხმება ის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, უნდა დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ რაღაც ისე არ არის. ან შეიძლება გარკვეული ვაკუუმი გვქონდეს, რომ ახალი ძალები ბუნებრივად გაჩნდნენ, დაიბადონ, დაბადება მტკივნეული პროცესია, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს.

– ელისაშვილის შედეგმა ეს სურათი კიდევ უფრო წარმოაჩინა, უფრო გაამძაფრა?

– დიახ, კიდევ უფრო გაამძაფრა. ელისაშვილის შედეგმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა. ელისაშვილს პარტიებმა გაუკეთეს შეთავაზება თავის დროზე, მაგრამ ელისაშვილმა კარგად გათვალა, რომ საქართველოში პარტიები პოპულარულები არ არიან და მან ეს ნაბიჯი არ გადადგა. თუ ელისაშვილი პარტიული კანდიდატი იქნებოდა, ამის ნახევარსაც ვერ აიღებდა.

უფრო ინდივიდუალური პოლიტიკა მოდის წინა პლანზე. ადამიანებს მობეზრდათ პარტიები, რომლებიც პარტიების გადარჩენაზე უფრო არიან ორიენტირებულები, ვიდრე ქვეყნის განვითარებაზე, მის წინსვლაზე.

ინდივიდუალური პოლიტიკა წინა პლანზე მოდის ევროპულ ქვეყნებშიც. აღარაფერს ვამბობ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მთლიანად სისტემა ინდივიდზე, მაჟორიტარზეა აწყობილი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისთვის ცივი შხაპი იყო. მე ვიტყოდი, არანაკლები ცივი შხაპი არის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, მაგრამ აქ მოულოდნელი არაფერი არ იყო. ეს ყველაფერი წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ასე მოხდებოდა. მოხდა ის, რაც სრულიად კანონზომიერი იყო. მაგალითად, თბილისის საკრებულოში შედის დეპუტატთა უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიიდან და თითო-ოროლა ოპოზიციონერი დეპუტატის შესვლაზეა საუბარი.

ამ შედეგებმა პარტიებს მისცა შესაძლებლობა, რომ დაფიქრდნენ და შემდეგ ისე გადადგან ნაბიჯები. უნდა მიხვდნენ, რომ რაღაც შესაცვლელია.

– ამას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ვერ მიხვდნენ, თუ პრობლემა უფრო ღრმაა და უფრო მეტია გასაკეთებელი?

– სავსებით გეთანხმებით, რომ პრობლემა უფრო ღრმა არის, მაგრამ ისინი არიან ოპოზიცია, ისინი არიან პარტიები და ეს მათი გასაკეთებელი საქმეა, სხვა ვერავინ გააკეთებს მათ მაგივრად.

– ნაციონალური მოძრაობის შედეგებზე რას იტყვით? მათ თბილისში მეორე ადგილი დათმეს მერის პოზიციაზე.

– ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტად მოუწევს დაფიქრება, ვიდრე მათგან გამოყოფილ “ევროპულ საქართველოს”, რადგან აქ ზრდის ტენდენცია შეინიშნება, ნაციონალურ მოძრაობასთან კი პირიქით, კლების.

– შეიძლება ვთქვათ, რომ ალეკო ელისაშვილმა სერიოზული დარტყმა მიაყენა არა იმდენად ზაალ უდუმაშვილს, რამდენადაც ნაციონალურ მოძრაობას?

– სრულიად გეთანხმებით, სწორი ანალიზია. ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩევლის მიზიდულობა დაკარგა. ეს მიზიდულობა ზაალ უდუმაშვილს კი არ დაუკარგავს, პარტიამ დაკარგა.

– ამას რითი ხსნით?

– ამის ბევრი მიზეზი არის. პირველ რიგში, ინტერესი თავად მიხეილ სააკაშვილს გაუნელდა. სააკაშვილი გადაერთო უკრაინაზე, ნაციონალებისადმი თუნდაც მისი ერთგული ამომრჩევლის ინტერესი გაცივდა. ის მხარდაჭერაც, რაც დღეს ნაციონალებმა დადეს, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგია. თუ სააკაშვილმა კიდევ უფრო მკაფიო მოძრაობა გააკეთა, რითაც აჩვენებს, რომ კიდევ უფრო არ აინტერესებს მას ნაციონალური მოძრობა, მაშინ ნაციონალები ამ პროცენტულ მაჩვენებელსაც დაკარგავენ. პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ამომრჩეველს სიახლე ვერ შესთავაზა, სახეებს არ ვგულისხმობ, სახეები სწორედაც ახლები იყვნენ, მაგრამ ძველებური ინტონაციით, ნაცნობი ინტონაციით. მათ აგრესიულ სტილში არაფერი შეცვალეს, დატოვეს იგივე და პრობლემაც ამაშია.

– “ევროპული საქართველო” თავისი შედეგით უკმაყოფილო არ არის, ისინი ამბობენ, რომ ახალი პარტიაა და ეს მისაღები შედეგია. რატომ არის დღეს გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას პარტია ამომრჩევლისთვის მისაღები? აქ მთავარი ხომ არ არის, რომ მათ არ უჭირთ შეცდომების აღიარება?

– მერწმუნეთ, უფრო სრულფასოვანი აღიარება რომ ყოფილიყო მათი მხრიდან, უფრო შედეგიანი იქნებოდა მათი პარტია თუნდაც ამ არჩევნებზე. შეცდომებს აღიარებენ და არა დანაშაულს, სწორედ ამიტომ გაუჭირდა ამომრჩეველს ნდობის მანდატის მიცემა თუნდაც ელენე ხოშტარიასთვის, რომელიც მართლაც არ ასოცირდება არანაირ დანაშაულთან და არანაირ შეცდომასთან. ადამიანებს არ აქვთ გარანტია, რომ ეს ძალა თუ ხელისუფლებაში მოვა, არ გაიმეორებს იგივე დანაშაულს. სანამ თავად არ შეაფასებენ კარდინალურად თავიანთ დანაშაულს და ამას ხმამაღლა არ იტყვიან, არ მოიბოდიშებენ, გულწრფელი სინანული არ ექნებათ, მანამდე იქნება ეს უნდობლობა. მიუხედავად ამისა, ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან და “ევროპული საქართველო” ალბათ კიდევ უფრო წამოიწევს წინ.

– “პატრიოტთა ალიანსიც” არის ერთ-ერთი ის პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა.

– სიმართლე გითხრათ, “პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან უფრო მეტ შედეგს ველოდი. თუმცა, მათ მიერ ნაჩვენები შედეგებით ვნახეთ, რომ ისინიც უფრო დაბლა არიან, ვიდრე გაიზარდნენ.

– რატომ, რა არის ამის მიზეზი?

– დიდი მქუხარე განცხადებები, რომლებიც იყო თუნდაც საპარლამენტო არჩევნების წინ, შემდეგ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ რა ნახა ხალხმა, რა შედეგი მიიღო ამით?! არ გამოვრიცხავ, რომ მათ თავიანთ სტრატეგიას გადახედონ, თუმცა, აქტიურობა, საპროტესტო აქციები, სკანდალური განცხადებები, როგორიც არის ნატო და რუსეთი ერთდროულად, მათი ნიშაა, მაგრამ რა დიდ დივიდენდებს მოუტანს, როგორც პარტიას, ეს არის აქ მთავარი.

ეს ოთხი პარტია პოლიტიკაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს. დანარჩენებს კი განაჩენი თავად ამომრჩეველმა გამოუტანა. თუ ოპოზიცია არ შეცვლის რადიკალურად თავის მიდგომებს, სტილს, რიტორიკას, სანამ რადიკალურად არ გადაჯგუფდება, მანამდე შედეგები ოპოზიციისთვის კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება.

მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი სამზადისია დიდი არჩევნებისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს იყო ტესტი, რომელიც ვნახეთ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს არის, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ოპოზიციამ რადიკალური ცვლილებები უნდა მოასწროს.