ახალგაზრდა გოგონამ პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ სიყვარული ტელეფონით იპოვა. ერთი წლის მერე კი შეიტყო, რომ ის მამაკაცი პატიმარია, თუმცა, ამ ფაქტს მისთვის პრობლემა დიდად არ შეუქმნია. ამბობს, რომ რამდენიმე თვეში, როცა ის ციხიდან გამოვა, დაქორწინდებიან.
თამრო, 30 წლის:
– დამემართა ის, რაც მეგონა, არასდროს დამემართებოდა. თავი ყოველთვის ამაყად მეჭირა და სხვებს დავცინოდი, როცა ასეთ ამბებს ვიგებდი. ტელეფონით გაცნობილი კაცი შემიყვარდა და აღმოჩნდა, რომ ის პატიმარია.
იმისთვის, რომ უკეთ გაგარკვიოთ ყველაფერში, მოყოლას ცოტა შორიდან დავიწყებ. მე ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი, თუმცა, ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მომიტაცა. როგორც ხდება ხოლმე, მშობლებმა თავი გაიგიჟეს და უკან არ წამომიყვანეს, რადგან გაიგეს, რომ ჩვენ შორს ფიზიკური სიახლოვე უკვე იყო. მე ჩემი მეუღლე არ მიყვარდა. რომ მომიტაცა, დიდი პანიკები ავტეხე, მან კი ყურიც არ დამიგდო და იმავე ღამეს ჩემზე ძალა იხმარა. ჩემი ხვეწნა-მუდარა არ შეისმინა. ამის მერე ეს ადამიანი ძალიან შემზიზღდა. ერთი სული მქონდა, ჩემი მშობლები მოსულიყვნენ და სახლში წავეყვანე. მათ კი, რომ გაიგეს, რაც მოხდა, უკან აღარ წამიყვანეს. არაფრით დაიჯერეს, რომ ის ბიჭი არ მიყვარდა და მან ყველაფერი ძალით გააკეთა.
იძულებული გავხდი, ბედს შევგუებოდი, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ მაგ ადამიანის გვერდით დიდხანს ვერ ვიცხოვრებდი. მასთან ყოფნა და სიახლოვე მძულდა. ორი წელიც ვერ გავძელი ასეთ მდგომარეობაში. ახლოს არ ვიკარებდი. ბოლოს თვითონაც დაიღალა ამ ყველაფრით და დავშორდით. ჩემი მშობლები ძალიან მეჩხუბნენ და ქმრის ოჯახში დაბრუნებას მაიძულებდნენ, მე კი მკაცრად ვუთხარი, რომ იქ აღარ დავბრუნდებოდი და, საერთოდაც, მათი ბრალი იყო, ეს 2 წელი ამდენს რომ ვითმენდი. მოკლედ, ასე დასრულდა ჩემი ქორწინება და მას მერე მრავალი წელიც გავიდა.
ამის მერე ურთიერთობა ვერავისთან ავაწყვე. ვინც გაიგებდა, რომ განათხოვარი ვიყავი, მაშინვე სხვა განზრახვით მიყურებდა. მე ამაზე ძალიან ვღიზიანდებოდი. ამიტომაც გადავწყვიტე, კაცებისგან თავი შორს დამეჭირა. თუმცა, დღეს ყურებამდე შეყვარებული ვარ და თანაც, რაც ყველაზე გასაკვირია, ეს არის ვირტუალური სიყვარული. ბევრს გაეცინება, უფრო მეტი ვერ გამიგებს, თუმცა, ვისაც მსგავსი რამ გამოუცდია, მიხვდება, რაზეც ვსაუბრობ.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მეცინებოდა, როცა სადმე გავიგებდი, რომ წყვილს ერთმანეთი ვირტუალურად უყვარდა და მერე დაქორწინდნენ. ვამბობდი, ვერ გამიგია, როგორ უნდა შეიყვარო ადამიანი, რომელსაც ვერ ხედავ და არ იცი, როგორია-თქო. ახლა კი ამ კითხვაზე პასუხი მაქვს, თანაც, საკმაოდ არგუმენტირებული. მეორე წელია, მიყვარს მამაკაცი, რომელიც ტელეფონით გავიცანი.
ერთხელ ჩემთან ვიღაც სასიამოვნო ხმის მამაკაცმა დარეკა. სხვაგან მოხვდა, მაგრამ რადგან ჩემი ხმა მოეწონა, თავი აღარ გამანება. მეც ავყევი და ასე თამაშ-თამაშით გავიცანით ერთმანეთი. მამუკა ჩემზე 3 წლით უფროსი აღმოჩნდა. მასზე ბევრი რამ გავიგე, თუმცა, ყველაზე მთავარი რამ საკმაოდ გვიან შევიტყვე. ერთი წლის მერე გავიგე, რომ ის პატიმარი ყოფილა. ტაქსის ქურდობისა და ტაქსის მძღოლის დაჭრისთვის დაიჭირეს და 5 წელი მიუსაჯეს. როგორც ამიხსნა, ეს იყო ჯგუფური დანაშაული და ის მეგობრებმა გაწირეს. მძღოლი მისმა მეგობარმა დაჭრა, მაგრამ დანაშაული მან დაიბრალა. როცა მე სიმართლე გავიგე, მამუკას უკვე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. ის დაახლოებით 2 თვეში უკვე თავისუფალი იქნება.
მისი პატიმრობის ამბავი რომ შევიტყვე, ძალიან გავბრაზდი, თავიდანვე სიმართლე რომ არ მითხრა. ეს კი იმით ახსნა, სიმართლე რომ მეთქვა, აღარ დამეკონტაქტებოდიო. არადა, მამუკას ისე შევეჩვიე, რომ მის გარეშე არსებობა ვერ წარმომიდგენია. ნურავინ განმსჯის ამის გამო, რადგან მე ის ასეთნაირად მიყვარს. მიუხედავად ამ ტყუილისა, მისი ყველა თვისება მომწონს და ვატყობ, რომ ისეთი მამაკაცია, რომელიც მე გამაბედნიერებს. თანაც, ტყუილი მალევე აღიარა და პატიება მთხოვა. ის ძალიან თბილად მექცევა, პატივს მცემს. იცის, რომ განათხოვარი ვარ და ამის გამო პრობლემას არ მიქმნის. ციხეში მის სანახავად რამდენჯერმე ვიყავი. შორიდან ვხედავდით ერთმანეთს, მაგრამ ესეც კარგი იყო. ერთმანეთი ორივეს ძალიან მოგვეწონა. მართალია, ციხეშია, მაგრამ ოჯახის ყველა წევრი გამაცნო. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, ერთ ადგილას მიხვალ და ჩემს მეგობარს შეხვდები, ჩემგან რაღაცას გაჩუქებსო. ცოტა კი შემეშინდა, მეგონა, რამეს მატყუებდა და ამიტომ დაქალიც თან წავიყვანე. იქ ერთი ბიჭი დამხვდა და მითხრა, მე მამუკას ძმა ვარო. ძალიან დავიბენი. მითხრა, ახლა ჩვენს ოჯახში სუფრაა გაშლილი, ყველა შენ გელოდება. მამუკას უნდა, რომ მისი ოჯახი ახლოს გაიცნოო. დაბნეულობისგან ხმას ვერ ვიღებდი და არც კი ვიცი, როგორ გავყევი მამუკას ძმას სახლში. იქ მართლაც გაშლილი სუფრა და მომღიმარი სახეები დამხვდა. ყველანი თბილად შემხვდნენ. რაც მთავარია, მამუკას დედაც და მამაც ძალიან კარგი ადამიანები არიან. ორი ძმა ჰყავს და ერთი და. მოკლედ, ყველას მოვეწონე და მეც ყველა მომეწონა. მას მერე ისინი სულ მეხმიანებიან, ყურადღებას მაქცევენ. ჩემმა ოჯახმაც იცის, რომ პატიმარი მიყვარს. თავიდან კი გაიგიჟეს თავები, იყო ერთი ამბები, მაგრამ ბოლოს დავარწმუნე, რომ ჩემი ბედნიერებისთვის ასე აჯობებდა. მათი “წყალობით” ერთხელ უკვე გამოვცადე უიღბლო ქორწინება და ახლა უფლება მაქვს, 30 წლის ქალმა არჩევანი თავად გავაკეთო.
რამდენიმე თვეში მამუკა ციხიდან გამოვა და ჩემ გვერდით იქნება. ხელის მოწერას, ჯვრისწერასა და პატარა სუფრის გაკეთებას ვგეგმავთ. იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანში არ შევცდები და მასთან მაინც მექნება ბედნიერი ოჯახი.
ცოტა უცნაურად კი გავიცანით ერთმანეთი და უცნაური სიყვარულის ისტორია კი გვაქვს, თუმცა, ამას მთლად ვირტუალურსაც ვერ დავარქმევ, რადგან ერთი წლის თავზე ის ციხეში ვნახე და ერთმანეთს გარეგნულადაც ვიცნობთ. მამუკას ერთი სული აქვს, რომ ციხიდან გამოვიდეს და ცოლად შემირთოს. მეც სულმოუთქმელად ველოდები ამ დღეს. წერილს იმიტომ გწერთ, რომ მინდა დაგარწმუნოთ, სიყვარულს ვერც ციხის გისოსები, ვერც სიშორე და ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის, თუკი ის ნამდვილი სიყვარულია.