გახდება თუ არა გახარია მეორე მერაბიშვილი

 

გახდება თუ არა გახარია მეორე მერაბიშვილირატომ წააგო ხელისუფლების კანდიდატმა არჩევნები გურიაში, რაზე უნდა დაფიქრდეს ოპოზიცია, რას მოუტანს ქვეყანას საკადრო ცვლილებები, რა ნიშნით შეარჩიეს შს მინისტრად გახარია? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

ნიკოლოზ მჟავანაძე:

– 12 ნოემბერს ოზურგეთში მერის განმეორებითი არჩევნები გაიმართა, სადაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა კოტე შარაშენიძემ გაიმარჯვა. ოზურგეთი ჩემი კუთხეა, იქ არსებულ სიტუაციას კარგად ვიცნობ და ჩემთვის არჩევნების ასეთი შედეგით დასრულება მოულოდნელი არ ყოფილა. მე ის უფრო გამიკვირდა, “ოცნებამ” მერობის კანდიდატად ბეგი სიორიძე რომ დაასახელა.

ამ კაცს ოზურგეთში კარგი საქმეებიც აქვს ნაკეთები, მაგრამ საზოგადოებაში მის მიმართ მაინც არ იყო დადებითი დამოკიდებულება. ხალხის ასეთი განწყობა “ოცნებაშიც” იცოდნენ და მისი კანდიდატურის დასახელებას მეოცნებეებიც არ მიესალმებოდნენ.

– თუ არ მიესალმებოდნენ, რატომ წარადგინეს?

– ვერ გეტყვით. ეტყობა, ვიღაცამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და შემდეგ აღარ შეცვალეს.

– ის ვიღაც ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილი ხომ არ არის? მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერის ძმა ბეგი სიორიძის აქტიური მხარდამჭერი იყო.

– ეს ინფორმაცია ადიკო ივანიშვილმაც უარყო. და არც იმაში იქნებოდა ტრაგედია, სიორიძის მხარდამჭერი რომ ყოფილიყო. რახან ბიძინას ძმაა, ვინმეს მხარდაჭერა კი არ ეკრძალება.

ისევ არჩევნებს დავუბრუნდები და ოზურგეთში კარგი ამბავი მოხდა. ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან კარგია, როცა ხელისუფლება ყველგან არ იგებს არჩევნებს.

ასეთი ფაქტი დაფიქსირდა არჩევნების პირველ ტურშიც. თიანეთში არჩევნები დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა მოიგო. ნამდვილად არ იქნებოდა კარგი, ყველა თემი და ქალაქი “ოცნებას” რომ დარჩენოდა.

– ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ ოზურგეთში გამარჯვებული შარაშენიძე და თამაზ მეჭიაური ყოფილი მეოცნებეები არიან.

– ვიღაცა საიდანღაც მოდის, შესაბამისად, მეჭიაური და შარაშენიძეც არ ჩამოფრენილან ციდან. ისინი ახლა იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატები და მათი გამარჯვება მხოლოდ მისასალმებელია.

თავად ეს არჩევნები კი “ქართული ოცნებისთვის” გაკვეთილი უნდა იყოს – როდესაც ხალხის განწყობას უკუაგდებ, ცუდად დაამთავრებ. რატომღაც მგონია, რომ “ოცნებაშიც” ძალიან გაუხარდათ მისი წარუმატებლობა.

ყველაზე საოცარი ისაა, რომ სიორიძის დროს ბევრი რამე გაკეთდა ოზურგეთში. ამას ოპოზიციაც აღიარებს, მაგრამ ფაროსანამ ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა არჩევნებზე ხელისუფლებას. სააკაშვილი გზებს რომ აგებდა, მშიერი ხალხი ამბობდა, ასფალტი ვჭამოთო. ახლა გურიაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ხალხი კითხულობს, ფაროსანა ვჭამოთო. ფაროსანამ მთელი გურია მშიერი დატოვა.

– კი მაგრამ, ფაროსანას გამო გადაემტერნენ სიორიძეს, ახლო ნათესავები არიან თუ რა?

– ფაროსანა სიორიძეს ნათესავი როგორ იყო? ამ ადამიანის მიმართ სხვა რაღაცების გამო ჰქონდა ადგილობრივებს პრეტენზიები. რაც შეეხება ფაროსანას, მის წინააღმდეგ საბრძოლველად ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა.

– ფაროსანამ სამეგრელოც იავარჰქმნა, მაგრამ იქ “ოცნებამ” უპრობლემოდ მოიგო.

– იქაურმა ხელისუფლებამ უფრო აქტიურად იმუშავა ხალხთან. გურიაში ეს არ გაუკეთებიათ და შედეგიც დადგა.

ეს არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება გარდამტეხი – საქართველომ დაინახა, რომ ხალხი თუ მოინდომებს, სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება შეიძლება. ასე მოხდა თიანეთში, ასე იყო ოზურგეთში. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ოპოზიციას რომ ჰქონოდა რესურსი და თავისი მომხრეები არჩევნებზე მიეყვანა, ბევრგან მოიგებდა არჩევნებს. ხელისუფლებას ჰქონდა ეს რესურსი და მიიყვანა ხალხი უბნებზე. ეს არ არის კანონდარღვევა.

მე შემუშავებული მაქვს საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელსაც მთელმა რიგმა პარტიებმა მოაწერეს ხელი. ეს ინიციატივა ასეთია – არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.

– ეს არ იქნება იმ ადამიანების უფლებების დარღვევა, რომლებსაც რიგი მიზეზების გამო არჩევნებზე წასვლა არ გვინდა?

– ეს კითხვა არაერთხელ დაისვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდება, ამით ადამიანის უფლებები არ შეილახება.

ადამიანებს სახელმწიფოს წინაშე მთელი რიგი ვალდებულებები აქვთ. ესენია გადასახადების გადახდა, ჯარში სავალდებულო სამსახური. ასევე უნდა იყოს არჩევნებზე წასვლაც. ეგრე არ არის, რომ თქვა, არ მინდა და არ გავაკეთებ.

– თუ არც ერთი პარტიისთვის და კანდიდატისთვის არ ვაპირებ ხმის მიცემას, რატომ უნდა წავიდე არჩევნებზე?

– არჩევნებზე უნდა წახვიდე და თუ არავინ არ მოგწონს, შეგიძლია ყველა გადახაზო, ან ბიულეტენზე ყველას დაუწერო, ყველას დედა ვატირეო. ბიულეტენზე საოცარ რამეებს აწერენ.

– მაგის დასაწერად უბანზე რომ არ მივიდე, სახლში ვერ ვიტყვი ამას?

– ეგრე რომ ფიქრობს ხალხის უმეტესობა, მაგიტომაც იგებს ხელისუფლება სულ არჩევნებს. როგორც უკვე გითხარით, ჩემს ინიციატივას მთელმა რიგმა პარტიებმა მოაწერეს ხელი. მერე, როცა საქმე საქმეზე მიდგა, მხარი აღარ დამიჭირეს და ახლა იმაზე წუწუნებენ, ხელისუფლება არჩევნების დღეს აგიტატორებს რატომ ამუშავებდაო. დაეჭირათ ჩემი ინიციატივისთვის მხარი და აგიტატორები საჭირო აღარ იქნებოდა.

აუცილებელია ხალხთან მუშაობა და ხალხის განწყობის შესწავლა. თამაზ მეჭიაურზე რომ ატეხეს ამბავი, კაპოტზე ქეიფობსო, ხალხთან ერთად რომ სვამდა კაპოტზე, მაგიტომაც მოიგო თიანეთის მერის არჩევნები.

– კაპოტი თუ მაგას შველის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დეპუტატობის კანდიდატები კაპოტებიდან პურმარილს არ აიღებენ.

– იცინეთ, იცინეთ და კაპოტს დიდი ძალა აქვს, ისევე, როგორც ხალხის განწყობას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამომრჩევლის აქტიურობაა. არჩევნებზე წაუსვლელობისთვის უნდა დაწესდეს ფულადი ჯარიმა და ყველა წავა.

– რა ოდენობის ჯარიმა უნდა დაწესდეს?

– იყოს სიმბოლურად ერთი ლარი. მთავარია, ხალხი არჩევნებზე მივიყვანოთ. ან რა უბედურებაა, 3 წელიწადში ერთხელ რომ გეზარებათ არჩევნებზე წასვლა. ხშირად ერთ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომ ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდება.

– ისე დაჟინებით ითხოვთ ამას, რაღაც შარში გაყოფთ თავს. დაჟინებულ მზერაზე ითხოვენ სასჯელის შემოღებას და თქვენ დაჟინებასაც რაიმე მუხლი არ მიუსადაგონ.

– მთელი უბედურება ისაა, რომ ჩემი ინიციატივა არავინ განიხილა, სამაგიეროდ, მიშტერებაზე მიდის ერთი ამბები. მაგ კანონის ინიციატორები თუ მივუშვით თავის ნებაზე, ცოტა ხანში სექსზეც დაგვიწესებენ ლიმიტს და შეზღუდვებს.

ისევ ამომრჩევლის თემას დავუბრუნდები და გავიმეორებ, რომ “ოცნებამ” ხალხის განწყობას პატივი უნდა სცეს. ზოგიერთი მეოცნებე იმასაც კი ამბობს, არჩევნებში გამარჯვებულ შარაშენიძეს არ მივულოცავო.

იმედი მაქვს, რომ 12 ნოემბრის არჩევნები ხელისუფლებისთვისაც გაკვეთილი იქნება და ხალხისთვისაც. სადაც არის აქტიურობა, იქ არის შედეგი. ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავითარი აგიტატორი ქალები ვერ წავლენ, რაც არ უნდა ფურცლები აფრიალონ.

მინდა, რომ არჩევით ორგანოში რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ძალა მოხვდეს. ერთადერთი, ვისი გამარჯვებაც არ გამიხარდება, ნაციონალური მოძრაობაა. დანარჩენები რაც მეტად იქნებიან წარმოდგენილი, მით მეტად განვითარდება დემოკრატია. დემოკრატიის განვითარება კი ავტომატურად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.

– საქართველოში არიან ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის განვითარებას ხელს ის სამთავრობო ცვლილებები შეუწყობს, რომლებიც ახლა განხორციელდა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ყველაზე მეტი კითხვა გიორგი გახარიას შს მინისტრად დანიშვნამ გააჩინა.

– ვის გაუჩნდა კითხვები, ნაციონალებს? მინდა მათ შევახსენო, რომ არც ვანო მერაბიშვილს ჰქონდა რაიმე შეხება პოლიციასთან, შს მინისტრად რომ დაინიშნა. მოგვიანებით მან პოლიცია უკანონო ბრძანებების შესასრულებლად გამოიყენა, თორემ თავიდან ბევრი რამე გააკეთა პოლიციის გასაძლიერებლად.

– მერაბიშვილს აქებთ? ადრე თქვენგან ასეთი რამე არ მსმენია.

– ვანო მერაბიშვილი როგორ უნდა შევაქო. მე იმას ვამბობ, რაც იყო. მერაბიშვილი შს მინისტრად რომ დაინიშნა, მაშინდელ პოლიციას არც ტანსაცმელი ჰქონდა და არც მანქანები ჰყავდა. არ იღებდნენ ხელფასს. მერაბიშვილის მისვლის შემდეგ ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა. პოლიცია დაფასებული გახდა.

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს დღემდე უყვართ. უნდა იცოდე, რომ როცა პოლიციაზე აუგს იტყვი, მთელი სისტემა დაგიპირისპირდება.

– პოლიციაზე აუგის თქმა ახსენეთ და გიორგი მღებრიშვილის ნათქვამი “ბალასტი” გაქვთ მხედველობაში?

– მარტო “ბალასტზე” არ ვსაუბრობ, თუმცა ეს ფრაზა მეც ცუდად მომხვდა ყურში. ძველ ამბავს გავიხსენებ. პროკურატურა ერთ-ერთ რეგიონში პოლიციელის დაკავებას აპირებდა, სპეცოპერაცია უკვე დაგეგმილი იყო. მერაბიშვილი ადგა, ჩავიდა იმ რეგიონში და ის პოლიციელი ორდენით დააჯილდოვა, რომელიც დასაჭერად იყო გამზადებული.

– ის პოლიციელი აღარ დაიჭირეს?

– კაცი მინისტრმა სახალხოდ დააჯილდოვა და მას ვინ დაიჭერდა. ის, რაც მერაბიშვილმა გააკეთა, მთელ პოლიციას მოედო და მის მიმართ კიდევ უფრო მეტი პატივისცემა გაუჩნდათ.

მესმის, რომ ის არასწორად მოიქცა, როცა დასაკავებლად გამზადებული პოლიციელი გადაარჩინა დაჭერას, მაგრამ რიგითმა პოლიციელებმა დაინახეს, რომ მინისტრი მათ გვერდში იდგა.

მაშინ პოლიცია ძალიან ცუდ რამეებს აკეთებდა და ეს ძალიან ცუდი იყო, მაგრამ რაც ახლა ხდება, არც ეგ არის კარგი. ექსპერტებიდან დაწყებული, ჟურნალისტებით დამთავრებული, ყველა პოლიციას აგინებს. ეს პოლიციელებზე მოქმედებს. ისინი ძველ დროს იხსენებენ და აღიარებენ, მაშინ უფრო დაფასებულები ვიყავითო.

ჩემი აზრით, გახარიას დანიშვნა ამ მხრივ კარგი იქნება. მგონია, რომ პოლიციაში დადებითი სიმპტომები გაჩნდება.

– თქვენ გინდათ, რომ გახარია მეორე მერაბიშვილი გახდეს?

– მეორე ვანო მერაბიშვილისგან ღმერთმა დაგვიფაროს. გახარია არასდროს იქნება ის კაცი, რომელიც გვამებს ითხოვდა და მიტინგებს არბევდა. უამრავ საზიზღარ თვისებასთან ერთად, მერაბიშვილსაც ჰქონდა დადებითი მომენტები. მან იმდენი შეძლო, რომ პოლიციას ღირსება დაუბრუნა.

მე მინდა, რომ პოლიცია ახლაც დაფასებული იყოს და მას პატივს სცემდნენ. ხალხს პოლიციამაც უნდა სცეს პატივი. თავიდან მერაბიშვილზეც იცინოდნენ, მაგრამ მან საქმის გაკეთება შეძლო. დარწმუნებული ვარ, გახარიაც იგივეს იზამს.

ჩემი აზრით, შს მინისტრს კარგი მენეჯერული თვისებები უნდა ჰქონდეს. გახარია ცუდ საქმეებთან არ ასოცირდება და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ დანიშნეს შს მინისტრად.