ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს.
– ბატონო გია, უმაღლესი თანამდებობის პირებისგან გვესმის შეფასებები, რომ ბიზნესი ყვავის ჩვენს ქვეყანაში, რომ გადავინაცვლეთ წამყვან პოზიციებზე და ასე შემდეგ. როგორია თქვენი შეფასებები?
– მე არც ზედმეტად ოპტიმისტი ვიქნებოდი და არც ზედმეტად პესიმისტი. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა მიმართულებით და მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით ცდილობს, არაფერი გააფუჭოს. გაკეთებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. ესეც რაღაცას ნიშნავს, რომ ცდილობენ, არ გააფუჭონ. ერთი მხრივ, ჰუმანური ეკონომიკური პოლიტიკა ტარდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას შევყავართ ჭაობში. არანაირი სისტემური რეფორმები არ ტარდება, ეკონომიკის რეალური სექტორის ტირაჟირება ძალიან სუსტია და ფრაგმენტული. ამიტომ ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა არ გვაქვს. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა.
– ის, რაც დღეს ლარს სჭირს, ამ ყველაფრის გამოძახილია?
– რა თქმა უნდა, ლარიც იქცევა შესაბამისად. ლარის სტაბილურობის ერთადერთი ფუნდამენტია იმპორტ-ექსპორტი. ტურიზმი და ასე შემდეგ ან საახალწლო ინდაურები – ეს ყველაფერი არის სუბიექტური ფაქტორები. ეს არის რეალობა. ხელისუფლება დღეს რაზეც ლაპარაკობს, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება რეალობას.
თუნდაც სტატისტიკა რომ ავიღოთ, როდესაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება ხატავს, რომ ჩვენთან არის საინვესტიციო სამოთხე თუ არა, ოაზისი მაინც, ამ ფონზე ევროპაში გასული ჩვენი მოქალაქეების 6%-მა დაარღვია სავიზო რეჟიმი, ანუ შეგნებული უკანონობა ჩაიდინა. ამას ჩადიან ადამიანები და ასეთ რისკზე მიდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც განსაკუთრებულად უჭირთ და, რაც მთავარია, ამ სტატისტიკაში მოხვედრილი ადამიანების უმრავლესობა არის 31-დან 40 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი, ყველაზე ამბიციური და ყველაზე აქტიური მოქალაქე.
ეს აბსოლუტური მაჩვენებელი 10 ათასი კაცია. 7 თვეში რომ 10 ათასი კაცი ასე გავა, კანონდარღვევით, ამხელა რისკზე წავა, შრომისუნარიანი და ენერგიული, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან საინვესტიციო წალკოტი არ არის.
– კვირიკაშვილი კი აცხადებს, რომ ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რათა მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს.
– ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება, ყოველ წელს გვეუბნება ჩვენი ხელისუფლება, რომ ეს წელი იქნება გადამწყვეტი, გარდამტეხი და ასე შემდეგ. კარგით, რა! ყველა ხელისუფლება ასე იყო, ყოველ მომდევნო წელს აცხადებდა იბერიის გაბრწყინების წლად. რეალურად კი ისევ იმ რუხ ფერებში ვცხოვრობთ, რაშიც ვცხოვრობდით.
– ხელისუფლებას რას ვერჩით, როდესაც ესტონეთის პრეზიდენტი გვიმტკიცებს, თქვენთან საშუალო ხელფასი 500 დოლარიაო. არის და ჩვენ არ ვიცით?
– სტუმარსაც ატყუებენ. გასაგებია, რომ თვითონ არ მოელანდებოდა ესტონეთის პრეზიდენტს ეს ციფრი. რა თქმა უნდა, ის იყო შეცდომაში შეყვანილი და მანაც ეს თქვა. 500 დოლარი ლამის ესტონეთშია, ცოტა მეტი. გაუკვირდა იმ ქალს და ვერც ის წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა, ასეთი ტყუილი ეთქვათ მისთვის და გაიმეორა, რა ექნა?!
– როდესაც ლარის გაუფასურებაზე ვსაუბრობთ, სხვადასხვაგვარი შეფასება გვესმის. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კომერციული ბანკების მანიპულაციების ბრალია, ნაწილი ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებს. სად არის პრობლემის სათავე?
– ცოტ-ცოტა ალბათ ყველა მიზეზია, მაგრამ ეს მიზეზები მოკლევადიანია, შესაძლოა მნიშვნელოვანი კონკრეტული თემისთვის, მაგრამ სისტემური, ფუნდამენტური მიზეზი მაინც გახლავთ ის, რომ ეკონომიკა არ გვაქვს! ლარის კურსის სტაბილურობას გამოიწვევდა მხოლოდ ის, რომ ჩვენთან შემოდიოდეს სტაბილურად იმდენივე დოლარი, რამდენიც გაედინება. იმპორტიდან მიღებული შემოსავლები უნდა დააბალანსოს ექსპორტზე გატანილი პროდუქციიდან მიღებულმა შემოსავალმა. სხვა ყველაფერი სუბიექტური ფაქტორია.
ასე რომ, სანამ ჩვენი ეკონომიკა არ განვითარდება იმდენად, რომ კონკურენტული სისტემა შევქმნათ, მანამდე ეს პრობლემა მუდმივად იქნება. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ეკონომიკის რეალური სექტორი არ ავამუშავეთ, თანაც კონკურენტული, მანამდე სულ იქნება ეს თამაში.
– ამ პროცესში კომერციული ბანკების როლზე არაფერი გითქვამთ.
– რა თქმა უნდა, მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ბანკები, როგორც დაინტერესებული მხარე, ასეთი ტიპის ოპერაციებს ატარებდნენ. ამაზე შეგვიძლია ბევრი ვიდავოთ, მაგრამ ასეთია ბიზნესის ბუნება, თუ ხვდება, რომ შეიძლება იმაზე მეტის შოვნა, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნებოდა სტაბილურ ვითარებაში, ბუნებრივია, ის მოგებაზეა ორიენტირებული.
– და მორალი?
– გასაგებია, რომ მორალური თვალსაზრისით ეს ძალიან მძიმედ გამოიყურება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაგრამ რა ვქნათ?! ასეთია სამყარო. როგორც ჩანს, ხელისუფლებაც ამ ყველაფერს უყურებს ზერელედ, ადმინისტრაციულ ბერკეტებს ნაკლებად იყენებს და ამით სარგებლობენ, ბუნებრივია.
– ბატონო გია, ლარის გაუფასურება ყოველთვის მწვავედ აისახება ხოლმე სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ჯიბეზე. წინ ზამთარია. როგორია თქვენი პროგნოზი?
– რა თქმა უნდა, ეს ზამთარი უკეთესი ნამდვილად არ იქნება. პირიქით, გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე გასული ზამთარი. მოსახლეობის ხარჯები გაიზარდა, იმიტომ, რომ ინფლაცია საკმაოდ სერიოზულია.
– 2.62-ს ასცდა ლარის ნიშნული.
– დიახ, სურათი მძიმეა. ხარჯები გაიზარდა და შემოსავლების ინდექსაცია არ მომხდარა. შესაბამისად, საშუალო სტატისტიკური ქართველი დამძიმდა. ბუნებრივია, ეს ზამთარი იქნება უფრო რთული, ვიდრე იყო წინა თუ იმის წინა!

