15 წლის გიორგი ბარბაქაძის გმირი, ჯეკო გოცირიძე სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” შეყვარებულმა მიატოვა და ამის გამო დიდ განცდებშია. გიორგის პერსონაჟის გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებს, რომლებიც მოზარდთან ურთიერთობაში ერთიმეორეზე მიყოლებით უშვებენ შეცდომებს. თავის გმირსა და რეალურ ცხოვრებაზე გიორგი ჟურნალ “სარკეს” უყვება.
გიორგი ბარბაქაძე:
– ჯეკო დეპრესიაშია, იმედგაცრუებულია, გაბრაზებულიცაა, არავისთან უნდა საუბარი. ჯეკო და მარიკუნა ძალიან დიდი ხანი იყვნენ შეყვარებულები.
– ჯეკოსთვის მტკივნეული რომ არ ყოფილიყო, მარიკუნა როგორ უნდა დაშორებოდა?
– მე მგონი, მარიკუნამ სწორი გზა გამოიყენა დასაშორებლად, სიმართლე პირდაპირ უთხრა. თუმცა ის, რომ იტალიაში სხვა შეუყვარდა, ცოტა არასერიოზულია. ალბათ ჯეკოს სიყვარულს არასერიოზულად აღიქვამდა.
– შენ თუ ყოფილხარ ჯეკოს მდგომარეობაში, გამოგიცდია მსგავსი გრძნობა?
– შეყვარებული არ მყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, გოგო მომწონებია. ალბათ სერიოზულად არ ვუდგებოდი, მარტივად აღვიქვამდი.
– ჯეკოს ადგილას რომ აღმოჩენილიყავი, როგორი რეაქცია გექნებოდა?
– ალბათ იგივენაირი. როცა ვიღაც გშორდება, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდე. ამ დროს ალბათ გაბრაზებულიც ხარ, ის ადამიანი შეიძლება შეგძულდეს კიდეც. ჩემთვისაც ძნელი იქნებოდა ამ ამბის გაგება და არავისთან საუბარი მენდომებოდა.
– სწორად მოიქცნენ ჯეკოს მშობლები, როცა ეს ამბავი ყველას გააგებინეს?
– არც დაფიქრდნენ, ისე გააკეთეს ეს. მათი გადმოსახედიდან ჯეკოს შეყვარებულთან დაშორება რთული არ ჩანდა. საერთო ჯამში კი, არასწორად და დაუფიქრებლად მოიქცნენ. არავისთვის უნდა ეთქვათ, მხოლოდ მათ უნდა სცოდნოდათ.
– მამამ და მისმა საძმაკაცომ ჯეკოს ქალებში წაყვანა გადაწყვიტა, დედამ და მისმა მეგობრებმა – ფსიქოლოგთან. რომლის იდეა უფრო მოგწონს?
– ორივეს მხრიდან ცუდი და დაუფიქრებელი საქციელი იყო. როცა დეპრესიაში ხარ, ალბათ გართობა კი გინდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დათომ მოიფიქრა. ასეთ დროს არასწორია, როცა მამას საქეიფოდ და ქალებში მიჰყავხარ. თუმცა ნინას საქციელიც არ იყო სწორი, მთელ სადაქალოს გააგებინა.
– როგორ მოიქცეოდნენ შენი მშობლები, როგორ დაგიდგებოდნენ გვერდით, თუკი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდი?
– ჩემი მშობლები საერთოდ არ ჰგვანან მათ. თუ რამეს შემამჩნევენ, მკითხავენ, რა მომივიდა, სერიალის მშობლების მსგავსად არაფერს ართულებენ. თუ რამე პრობლემა მექნება, სახლშივე მოგვარდება. ისე, მხოლოდ ჩემს ძმას ვუყვები რაღაცებს, სხვებს – არა. ჩემი ძმა მიგებს. ჩემი და 21 წლისაა, ძმა 18-ის.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”