რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, თქვენ განაცხადეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამდგარი შედეგის, კონკრეტულად კი თბილისში კალაძის გამარჯვების საპასუხო სვლა გააკეთა ივანიშვილმა იმ სამთავრობო ცვლილებებით, რომლებიც კვირიკაშვილმა შემოგვთავაზა. რამდენად არგუმენტირებულია თქვენი მოსაზრება?
– ძალიან მოულოდნელად შემოვარდა ეს ცვლილებები. სერიოზული ლოგიკა არის იმაში, რომ დიახ, ეს სამთავრობო ცვლილებები პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მომზადებული. ეს არის ერთგვარი პასუხი იმაზე, რომ კახა კალაძე გახდა თბილისის მერი. თანაც კალაძემ ძალიან აქტიურად დაიწყო თავისი საქმიანობა, ის აცხადებს, რომ შეურიგებელი იქნება. რასაკვირველია, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კალაძე ივანიშვილთან აპირებს დაპირისპირებას ან პირიქით, მაგრამ ივანიშვილი ამ ნაბიჯით გარკვეულ მინიშნებებს უკეთებს კალაძეს. რა თქმა უნდა, მათ შორის ჯერჯერობით არანაირი განხეთქილება არ არის, მაგრამ ივანიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არავინ გაძლიერდეს ზომაზე მეტად.
მან დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პირადად მისი პროტეჟე და არა რომელიმე მასთან ახლოს მყოფი გარემოცვის წევრი. ასევე, აწინაურებს პირადად მის მიერ შერჩეულ კადრს რკინიგზიდან ბახტაძეს და აძლიერებს ქუმსიშვილის უწყებას. ეს ყველაფერი სწორედ იმაზე მიუთითებს, რაზეც მოგახსენეთ. ბევრი საპასუხისმგებლო უწყება პირადად ივანიშვილის ხელში ექცევა.
ასევე, საინტერესო იყო ამ კონტექსტში თბილისის მერიაში მომხდარი საკადრო ცვლილებები. ძველი გარემოცვიდან, მერის მოადგილეებიდან ერთადერთი კადრი დარჩა, ბატონი ნიკოლაიშვილი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა უშიშროებაში. ნიკოლაიშვილიც ივანიშვილის კადრია და სწორედ ამ ნიშნით დარჩა ის მერიაში. თავის დროზე ის ნარმანიას ოდეერი იყო.
ფაქტია, რომ თუ ვინმე დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს და დამატებით ინიციატივებს გამოავლენს, მაშინ ივანიშვილი ფლობს იმ ბერკეტებს, ისეთ ხერხებს, რომ ის კალაპოტში ჩააყენოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ივანიშვილს არ გაუჭირდება კალაძის ნარმანიზაცია.
– რაში სჭირდება ივანიშვილს პოზიციების გაძლიერება, როდესაც ის ისედაც არის ერთპიროვნული ლიდერი გუნდში თუ ხელისუფლებაში?
– რა თქმა უნდა, რასაკვირველია, მაგრამ ძალაუფლების ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს სწორედ კულუარებიდან მართვას და არანაირად პოლიტიკური გუნდის ყოლას და მათ მიერ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებსა და პასუხისმგებლობას, ეს გულისხმობს კადრების ხშირ ცვლას და ასევე, არანაირად ეს არ გულისხმობს ხელისუფლების შიგნით რომელიმე დაჯგუფების გაძლიერებას. პირიქით, როგორც კი რომელიმე თავს წამოყოფს, მას უნდა ჩაარტყა, სწორედ ამას გულისხმობს მართვის ეს სტილი. თანაც ერთმანეთთან დაპირისპირებაში უნდა გყავდეს. ეს არის ტიპიური მოდელი: გათიშე და იბატონე!
– თქვენ ამბობთ, რომ რეალურად პრემიერმა კვირიკაშვილმა არ შემოგვთავაზა ეს ცვლილებები?
– კვირიკაშვილი ვერანაირ ცვლილებებს ვერ შემოგვთავაზებდა. ეს ეტყობოდა კიდეც, რადგან საქმის კურსში არ იყო. ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2018 წლის ბიუჯეტი პარლამენტში უკვე კენჭნაყარია. ეს ცვლილებები კვირიკაშვილის ჩანაფიქრი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები შესაბამისად იქნებოდა ბიუჯეტის პროექტში ასახული თავის დროზე.
ეს ნიშნავს, რომ ამ სამთავრობო ცვლილებებზე და ოპტიმიზაციაზე არავის წარმოდგენა არ ჰქონდა. ამიტომ ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ ეს იყო არა კვირიკაშვილის ინიციატივა, არამედ ივანიშვილის გადაწყვეტილება. თან ივანიშვილს, როგორც ჩანს, კარგად ნაფიქრი აქვს. ის არ არის ის ადამიანი, რომელიც რაღაცაზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მიიღებს. კარგად იფიქრა, არჩევნების შედეგებს დაელოდა და მერე გააკეთა ეს სვლა.
– თქვენ ამბობთ, ეს არის ივანიშვილის პასუხი კალაძეს.
– დიახ, ჯერ მხოლოდ პასუხი.
– კალაძეს აქვს მეტი ამბიცია, ამ შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები?
– სამი ვარიანტია: ერთი, კალაძეს მოუწევს თავისი ამბიციების მოთოკვა და დამორჩილება იმ თამაშის წესებისთვის, რასაც ივანიშვილი შესთავაზებს. მეორე, თვითონ ივანიშვილს მოუწევს კალაძის ამბიციების შეგუება. მესამე, არც ერთი არ შეეგუება და მათ შორის იქნება ღია კონფლიქტი.
– გიორგი კვირიკაშვილი ჯერჯერობით შეინარჩუნებს პოზიციებს თუ შეიძლება საპრეზიდენტო კანდიდატად გადაინაცვლოს?
– გიორგი კვირიკაშვილი აშკარად ვერ არის პოლიტიკური ლიდერი. ვერ არის, არც თავად აქვს ამის ამბიცია. მას ნაკლებად ეკითხება პოლიტიკის წარმართვა, განსაზღვრა, მით უფრო, მას საერთოდ გამოცლილი აქვს უშიშროება, მთავრობის მეთაურია, მაგრამ უშიშროება მას არ ექვემდებარება. უფრო არის უცხოელებთან საურთიერთო კაცი, კონსტრუქციულ ურთიერთობაშია უცხოელებთან, ასევე განათლების სფეროში, სადაც მაქსიმუმ ჰყავდეს თავისი კადრი.
ამდენად, ივანიშვილისთვის კვირიკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად კარგი ფიგურაა. დასავლეთთან ცუდად არ მოიქცევა, არ შეგარცხვენს, მაგრამ ჯერ კვირიკაშვილს პრეზიდენტობის სურვილი არ აქვს და ეს განაცხადა კიდეც. თუმცა, მას შეუცვლია აზრი, როდესაც ივანიშვილის აზრი განსხვავებული ყოფილა.

