თბილისის საკრებულოს ბევრი უცნაური რამე უნახავს, მაგრამ აქ ჯერ ყანწით ხელში არავინ შესულა. ეს ტრადიცია მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელმა დიმიტრი ბიძინაშვილმა დაამკვიდრა.
მას სასმისით ხელში საკრებულოში მისვლა დედაქალაქის მერმა შთააგონა – კახა კალაძემ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, კაი თამადა წარადგინა.
ყანწთან ერთად ბიძინაშვილმა საკრებულოში რამდენიმე ადამიანის დახასიათება მიიტანა. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ კარგი თამადები არიან, გინებაც იციან და საქალაქო სამსახურებში დასაქმებას ითხოვენ.
რა საქმე დევს კალაძეზე სუსში, რა ნიშნით არჩევს მერი თანამშრომლებს, რად გადაიქცა თბილისის საკრებულო? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყანწიანი მონიტორი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
– 17 ნოემბერს თქვენ თბილისის საკრებულოში ყანწით მიხვედით და რამდენიმე თამადის დახასიათებაც მიიტანეთ.
– ეს ჩემი მხრიდან მერის დამცინავ განცხადებებზე სრულიად ადეკვატური რეაქცია იყო. თბილისში 100.000 სოციალურად დაუცველი ცხოვრობს. ამ ადამიანებს დღეში საკვებად 1.18 თეთრი უნდა ეყოთ. ამ დროს კახა კალაძე ერთ-ერთი საქალაქო სამსახურის უფროსად ადამიანს იმ მოტივით გვინიშნავს, რომ ის არის კარგი თამადა.
ამის საპასუხოდ მივედი საკრებულოში ყანწით და კარგ თამადებს გავუწიე რეკომენდაცია. ჩვენ რამდენიმე ადამიანმა გვთხოვა, მერთან რეკომენდაცია გაგვეწია. ისინი ამტკიცებენ, რომ კარგად შეუძლიათ ქართული სუფრის გაძღოლა.
– ამ თამადებთან დაკავშირებით ხუმრობთ თუ მართლა მოგმართათ ვინმემ?
– რამდენიმე ადამიანმა მართლაც მოგვმართა, მათი მიმართვა ხუმრობანარევი იყო, მაგრამ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, მათთვის რეკომენდაცია გაგვეწია. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვაცხადებ, რომ ეს ადამიანები გადასარევი თამადები არიან, კარგად ცეკვავენ და მღერიან, ფეისბუქის ორი ექაუნთი აქვთ და არც მესამის გაკეთებაზე აქვთ პრობლემა. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ლანძღვა-გინებაც შეუძლიათ.
საქალაქო სამსახურის უფროსისთვის ეს უნარ-ჩვევები, როგორც ვატყობ, აუცილებელია და ამიტომაც ამ ადამიანებს ვუწევთ რეკომენდაციას. კალაძეს აშკარად უჭირს კადრების მოძებნა და ჩვენ მოვუნახეთ კარგი თამადები.
იმედი გვაქვს, გამოგვეხმაურება და ამ ხალხს გასაუბრებაზე დაიბარებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ისინი არავისზე ნაკლები თამადები არ არიან.
– მართალია, ამ ადამიანების დახასიათება მიიტანეთ საკრებულოში, მაგრამ დედაქალაქის მერი იქ არ მოვიდა, არადა, საქალაქო სამსახურების უფროსები უნდა წარედგინა დასამტკიცებლად. მის მიუსვლელობას რითი ხსნით?
– ეს იმაზე მეტყველებს, რომ კალაძე საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევას არ აპირებს. საკრებულოში ის დეპუტატები სხედან, ვისაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოუცხადეს ნდობა. აქედან გამომდინარე, კალაძე ვალდებული იყო, საკრებულოში მისულიყო და თავად წარედგინა ის გუნდი, რომელიც მან დაასახელა.
– საკრებულოს წევრები და განსაკუთრებით მისი თავმჯდომარე გააფთრებით იცავდა კალაძეს. გიორგი ტყემალაძე ამბობდა, რომ მერი სულაც არაა ვალდებული, საკრებულოში გამოცხადდესო.
– მისგან ასეთი განცხადებები არ უნდა გაგვიკვირდეს. ეგ ის გიორგი ტყემალაძეა, რომელიც კალაძის წინამორბედ ნარმანიასაც ყველაფერს უპრავებდა. საკრებულოს წევრები გადაქცეულები იყვნენ პულტზე ხელის დამჭერებად. რაც არ უნდა გაეკეთებინა ნარმანიას, ყველაფერზე ხელს უწევდნენ.
დავით ნარმანიას მერობის დროს ვნახეთ, რომ უამრავი ადამიანი დაიჭირეს ქრთამის აღების ფაქტზე. უამრავი დარღვევა იყო მერიაში. ტენდერებზე არაერთხელ აგორდა სკანდალი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ათეულობით ათასი ლარი დაიხარჯა მერიის თანამშრომლებისთვის დანა-ჩანგლის ხმარების სწავლებაზე. სხვათა შორის, ბატონ ტყემალაძეს არც ამაზე არ ჰქონია რეაქცია.
– დანა-ჩანგლის ხმარების შემსწავლელი კურსები ახსენეთ და თუ ბოლო ტენდენციებს გავითვალისწინებთ, ახლა შესაძლოა თამადობის შემსწავლელი კურსები გაიხსნას მერიაში. საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციის დასაკავებლად კარგი სადღეგრძელოების თქმა ყოფილა აუცილებელი.
– არც ეგ გაუჭირდებათ. დანა-ჩანგლის ხმარება ისწავლეს, ახლა თამადის კურსებსაც გაივლიან. მოდი, პირდაპირ ვთქვათ ისიც, რომ ის ძირითადი მასა, ვისაც ვაკრიტიკებდით, მერიაში კვლავ რჩება თანამდებობაზე. ამათ დაამატეს უცნაური კადრები. უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ისეთი ადამიანი გაუშვეს, რომელიც ჰომოფობიურ განცხადებებშია შემჩნეული.
ასეთ გუნდს გამოუცხადა ნდობა საკრებულოს “ქართულმა ოცნებამ”, რის შედეგადაც კლანური თბილისის მერია მივიღეთ. მერი არა მოქალაქეებზე, არამედ საკუთარ თავზე და ახლობლების კეთილდღეობაზე იზრუნებს. კალაძისგან ამას ყველანი მიჩვეულები ვართ.
ის ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი იყო, როდესაც მერიაში ახლობლებს ასაქმებდა. ცოლისძმა საერთოდ საქალაქო სამსახურის უფროსად დანიშნა. მასზე სუსში ჯერ ისევ აღძრულია საქმე.
სუსი არც იმას გვეუბნება, რომ ბრალეულობა არ დადასტურდა და საქმე დაიხურა, მაგრამ არც გამოძიება მიჰყავთ ბოლომდე.
– საქმე დახურული არ არისო, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამას კალაძეს გაუხსენებენ?
– კი ბატონო, შეგვიძლია, ეს ვერსიაც განვიხილოთ. სავარაუდოდ, სანამ ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” იქნება, ეს საქმე თაროზე იდება. “ოცნებას” კიდევ ბევრი საქმეები აქვს თაროზე შემოდებული. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ საქმეებს გამოიძიებს.
– მერიაში არსებულ დარღვევებს აქტიურად სწავლობდა “მედიატორი”. ბოლო პერიოდში გაჩერებული იყავით.
– გაჩერებული ვიყავით არჩევნების გამო. ამ არჩევნებმა გაყალბების ფონზე ჩაიარა. ვნახეთ ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზება, რასაც არც “ოცნება” უარყოფს. საარჩევნო ადმინისტრირებაში მესაფლავეებიც კი ჩართული ჰყავდათ. აქამდე ამ საქმეებს ვსწავლობდით, ახლა მერიას მივხედავთ. გავაგრძელებთ კვლევებს და საზოგადოებას ვაჩვენებთ, რა ხდება მერიაში.

