ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე, სადაც ქართული ოცნება განმეორებით კენჭისყრას ითხოვს, საარჩევნო ოქმის მიხედვით, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოიგო.
ამ უბანზე 712 ამომრჩეველი მივიდა, მათგან 280-მა ხმა ქართული ოცნების კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს მისცა, 394 ამომრჩეველმა კი დამოუკიდებელ კანდიდატს – კონსტანტინე შარაშენიძეს.
ოქმი უკვე გადაგზავნილია ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ამ დროისთვის, ოზურგეთში 62 უბნიდან დათვლილია 61 უბანი. წინასწარი შედეგებით, სიორიძეს 50.05% აქვს, შარაშენიძეს – 49.95%. ბეგლარ სიორიძემ 16.947 ამომრჩევლის ხმა მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი – 16.912.
თუ ამას 59-ე უბნის მონაცემებს დავამატებთ, სიორიძეს გაუხდება 17.227 ხმა, შარაშენიძეს კი – 17.306. შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად კონსტანტინე შარაშენიძე უნდა გამოცხადდეს.
ამ დროისთვის 59-ე უბნის მონაცემები ცესკოს ვებ-გვერდზე ჯერ ატვირთული არ არის. ქართულმა ოცნებამ ამ უბანზე განმეორებით კენჭსყრას მოითხოვა. ამის შესახებ ქართული ოცნების ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა. ღურჯუმელიძის თქმით, ამ უბანზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა.
შარაშენიძის მომხრეები #60 საოლქო საარჩევნო კომისიასთან იმყოფებიან. მათი განცხადებით, ქართული ოცნება ცდილობს არჩევნები სიორიძეს მოაგებინოს, ამიტომ ისინი კომისიასთან ამომრჩეველთა ხმების დასაცავად არიან.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.
იმედინიუსი

