მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი – ”ცხოვრებაში ორი აღთქმა მაქვს დადებული – ქალი არ მეყოლება და ვიქნები უფულო და უპოვარი. ამ ორ აღთქმას არ ვარღვევ”

მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი - ”ცხოვრებაში ორი აღთქმა მაქვს დადებული - ქალი არ მეყოლება და ვიქნები უფულო და უპოვარი. ამ ორ აღთქმას არ ვარღვევ”რამდენიმე ხნის წინ მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა მძიმე განსაცდელი გადაიტანა.  ის კომაში იყო, 7 დღის შემდეგ კი მოულოდნელად თვალები გაახილა და ამქვეყნიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ახლა ამბობს, რომ კომაში ყოფნის დროს მთელი იქაური სამყარო შემოიარა. ჟურნალ “სარკეს” ის იმ “ქვეყანაზე” უამბობს, რაც კომის დროს იხილა.

– მამა ანთიმოზ, “ფეისბუქში” წერდით, რომ ახლობელი გარდაგეცვალათ, რომელიც კანონიერი ქურდი იყო. ამის გამო გადაიღალეთ და კომაც ამან გამოიწვია?

– დიახ, ასე იყო. ერთად გავიზარდეთ მე და პაატა თვალჭრელიძე, რომელიც კანონიერი ქურდი იყო. ნახალოვკაში დავიბადე და გავიზარდე და სულ კანონიერი ქურდების გარემოცვაში ვიყავი. იცით, ქურდული კანონები რატომ შეიქმნა? ათეისტ კომუნისტებს ებრძოდნენ. მოწამეობრივ სიკვდილზე მიდიოდნენ ქრისტეს გულისთვის. წესები და კანონები ჰქონდათ კაცობისა და ვაჟკაცობის.

ბოლო 3 დღე ნაკლებად მეძინა და ცოტას ვჭამდი. პაატა რომ დავასაფლავეთ, მეორე დღეს საჭესთან ვიჯექი და უცებ ცუდად გავხდი. გვერდით მეგობარი მეჯდა, რომელმაც მანქანის გაჩერება შეძლო, თორემ ცუდად ვარ-მეთქი, ამის თქმაც ვერ მოვასწარი, საჭეზე დავეცი. ეს თურმე სისხლში შაქრის შემცველობის უეცარ დავარდნას სცოდნია.

– მანამდე გაწუხებდათ დიაბეტი?

– არასოდეს შევუწუხებივარ. 7 დღე კომაში ვიყავი. პატრიარქმა გაიგო ჩემი ავადმყოფობის შესახებ და მღვდელიც გამომიგზავნა, რომელმაც ჯანმრთელობის პარაკლისი გადამიხადა.

ყოველდღე მოდიოდა ჩემი ნახალოვკელი მეზობელი, რეზიკო. ის 2 წლის იყო, ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში შემთხვევით რომ დაიკარგა და პატრიარქს მიუყვანეს. უწმინდესი მოეფერა. ამის მერე ჩააცვა სტიქარი და სულ თავისთან ჰყავდა, აღარ გაუშვა ეკლესიიდან.

რეზიკო მეუბნება, რომ პატრიარქი ყოველდღე ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით. ფულადი დახმარებაც უნდა გაეწია ჩემთვის პატრიარქს, მაგრამ არ დამჭირდა.

– კომიდან გამოსულები ათას ამბავს ყვებიან საიქიოზე. თქვენ, სასულიერო პირმა, ნახეთ საიქიო ცხოვრება?

– როგორ არ ვნახე?! თუმცა, რაც მე ვნახე, ის რეალობაა თუ არა, რთული სათქმელია. შეიძლება იყოს აბსტრაქცია ან ილუზია.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დედამიწაზე კარცერში ვსხედვართ და კარი გვაქვს გადაკეტილი, რადგან ხორციელ ადამიანს გადაადგილების საშუალება არ აქვს. უცოდველი სხეულები, ანგელოზები კი სადაც უნდათ, იქ გადაადგილდებიან. ადამიანი ხილული და უხილავი სამყაროს დამაკავშირებლად შეიქმნა.

– თქვენი სული გავიდა ამ “კარცერიდან”?

– დიახ. ძალიან დიდი მანძილი ვიარე.

– როგორია სამოთხე და ჯოჯოხეთი?

– ჩემი სული სხეულს მოშორდა, მაგრამ გარდაცვლილი არ ვყოფილვარ. სხვა სივრცესა და განზომილებაში ვიყავი, მაგრამ ისეთი არ იყო, როგორიც სამოთხე და ჯოჯოხეთი წარმოგვიდგენია. იმას, რაც მე ვნახე, სიტყვებით ვერც გადმოვცემ.

სხვადასხვა სივრცესა თუ დროში რაღაც საოცარ ბუნებაში ვხვდებოდი. ასეთი ლამაზი ბუნება თუ არსებობს, ვერც წარმოიდგენთ. სხვადასხვა არსებებიც ვნახე.

თითქოს დედაჩემთან და მამაჩემთანაც მქონდა რაღაც კავშირი, მაგრამ ეს ხილული შეხვედრის მსგავსი არ იყო. ულამაზესი, სიფრიფანა სახეები ჰქონდათ. ორივე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა და ისევ ამ ასაკის იყვნენ. არ გვისაუბრია, მაგრამ რა იყო ეს, ვერც ვხსნი.

გარდაცვლილი რადგან არ ვიყავი, იმიტომაც ვერ აღვიქვი გარდაცვლილთა სამყარო ხილულად. ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეში ბევრი შრეებია. ჩვენ ერთი გვგონია თეთრი, მეორე – შავი, მაგრამ ასე არ არის. დედამიწაზე რაც არსებობს, იქ ყველაფერი ირეკლება, არაფერი იკარგება.

იქ ვნახე ცხოველების მსგავსი არსებები და დარწმუნებული ვარ, ისინი სიკვდილის შემდეგ საიქიოში მიდიან. ცხოველებიც ხომ ცხოვრობდნენ ადამიანის დაცემამდე სამოთხეში. ჩვენ, ადამიანები რომ დავეცით, ცხოველებმაც ხომ დაკარგეს ის სამოთხე?! იქაურ სამყაროში ბოროტი სულებიც არიან და სხვა ცივილიზაციებიც, რომლებზეც საუბარი მიჭირს, რადგან ამას ვერ ავხსნი.

სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც თავიანთი ადგილი აქვთ. ყველაფერი შრეებად არის დაყოფილი. ისეთი მრავალფეროვნებაა, ვერც წარმოვიდგენთ.

ორი უზარმაზარი იმპერია არსებობდა: ძველი ბერძნული და ძველი რომაული. მათ ჰქონდათ თავიათი რელიგია და ტაძრები. ალექსანდრე მაკედონელს სწამდა, რომ ზევსის შვილი იყო. ის, რასაც მითოლოგიას უწოდებენ, ჩემთვის ახლა სხვა რამეა. როგორ შეიძლება ორი უზარმაზარი იმპერიის რელიგია მითოლოგია იყოს?! მათი რელიგია დამარცხდა, ქრისტიანულმა რელიგიამ დაამარცხა. 300 წელი მიდიოდა რელიგიური ომი.

325 წელს რომის იმპერიამ კონსტანტინეპოლში ქრისტიანობა გამოაცხადა, ხოლო სახელმწიფო რელიგია და ძველი რელიგია მითოლოგიად და ზღაპრად კი არა, დამარცხებულად სცნო. ის რელიგია დამარცხდა მიწაზე, მაგრამ იმ სამყაროში ისევ არის. სანამ იქაურ სამყაროშიც არ დამარცხდება ზევსი, სატანა ჩვენკენ არ მოექცევა. ლუციფერი ზევსს ემორჩილებოდა.

ახლა ვამტკიცებ, რომ მთავარანგელოზი ლუციფერი, რომელიც დაცემული ანგელოზია, ქალია და თან ძალიან ლამაზი. დიახ, ანგელოზებსაც აქვთ კაცური და ქალური საწყისები. კომაში მყოფმა ვნახე ეს სატანა და ვესაუბრე კიდეც.

– რა გითხრათ ლუციფერმა?

– ეშმაკის სამსახურში ჩადგომა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გამოვბრუნდი მისგან. ვუთხარი, რომ ჩემი სული არ იყიდება. სანამ კომაში ჩავვარდებოდი, ლუციფერი გამოცხადებაშიც ვნახე. მაშინაც იგივე შემომთავაზა. შეიძლება ეს მაშინაც ჩემი ილუზია ან აბსტრაქცია იყო.

– როგორ გახსოვთ კომიდან გამოსვლა?

– უცებ გავახილე თვალები და ვერ მივხვდი, სად ვიყავი. ცოტა ხანში გამახსენდა, ცუდად რომ გავხდი. 11 სექტემბერს დამემართა ეს ამბავი და თვალები რომ გავახილე, ისევ ის დღე მეგონა. არადა უკვე 18 სექტემბერი იყო. თურმე მთელი 7 დღე სხვა განზომილებაში ვიყავი. ამ დღის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება.

– როგორ შეიცვალა?

– მართალი გითხრათ, რაღაცნაირად მოწყენილი მქონდა ცხოვრება, სიცოცხლის წყურვილი – დაკარგული. ახლა სიცოცხლის სიყვარული დამიბრუნდა.

– სიცოცხლის სურვილი რამ დაგაკარგვინათ, მღვდელმსახურების უფლება რომ შეგიჩერათ პატრიარქმა, ამან ხომ არა?

– ჩემთვის პატრიარქს მღვდელმსახურების უფლება არ შეუჩერებია! თავად დავწერე განცხადება და შორენა თეთრუაშვილს მივუტანე. ვწერდი, გადავიღალე, მღვდელმსახურება აღარ შემიძლია, მუხლები მტკივა და პენსიაზე გამიშვით-მეთქი.

მეორე დღეს მივედი და შორენა გადარეული დამხვდა, ეს რა დაწერე, ლამის თავზე დამახია პატრიარქმაო. 3 თვის მერე იგივე განცხადება დავწერე. პატრიარქი შეწუხდა და დამთანხმდა.

– რატომ გინდოდათ პენსიაზე გასვლა?

– იმიტომ, რომ ბერი ვარ და, როცა თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მივიღე, არც ვაპირებდი, ტაძარში წირვა აღმევლინა და აღსარებები მიმეღო.

დავითგარეჯში ვმსახურობდი, მაგრამ აზერბაიჯანელები რომ მოადგნენ ჩვენს საზღვარს და დავითგარეჯის მონასტერს… აზერბაიჯანელი მესაზღვრე ჯოხით ვცემე. ჯერ დავემუქრე, აქ თუ დაგინახავთ, გცემთ-მეთქი. კიდევ მოვიდნენ. ავდექი და ჯოხი ვურტყი. მეორედაც ვცემე და პრეზიდენტ ალიევამდე მივიდა ეს ამბავი, ეს გიჟი ბერი მოგვაშორეთო. პატრიარქმა ამიტომ გადმომიყვანა სამებაში.

პროფესიით ხიდების მშენებელი ინჟინერი ვარ. მერე სასულიერო სემინარია დავამთავრე. მღვდლობას, ტაძრების წინამძღვრობას მთავაზობდნენ, მაგრამ უარს ვამბობდი. მღვდლობით ფულის შოვნა არ მინდოდა.

– მღვდლობა ფულის შოვნას ნიშნავს?

– რატომღაც მრევლსაც ასე ესმის და სამღვდელოებაშიც ცოტა წახდენილია ეს ამბავი. ეკლესიაში მივიდე იმიტომ, რომ ფული ვიშოვო, ჩემთვის ძალიან მიუღებელია.

17 მაისის (გულისხმობს 2013 წლის 17 მაისის აქციას, სადაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ლგბტ თემის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა, რედ.შენ.) მერე მინდოდა, ტაძრიდან წამოვსულიყავი და 17 მაისის საწინააღმდეგოდ რაიმე ორგანიზაცია შემექმნა და ამ ლგბტ-ებს შევბრძოლებოდი.

პატრიარქს რომ ვუთხარი, ისე ლამაზად მომიგვარა… ჩვენ შორის ისეთი თბილი საუბარი შედგა – მელაპარაკებოდა, როგორც ბერი ბერს… კურთხევა ვთხოვე ლგბტ-ების საწინააღმდეგო ორგანიზაციის გაკეთებაზე.

ვუთხარი, მარტო მათ უნდა ჰქონდეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რა, ჩვენც რომ გვქონდეს, არ შეიძლება-მეთქი? მინდოდა, მათ წინააღმდეგ მებრძოლა. პატრიარქმა მიპასუხა, კარგი, გახვედი პენსიაში, მაგრამ ბერი რომ ხარ, ამას რას უშვრები, ბერობა ხომ მღვდლობაზე აღმატებულიაო. ბერობიდან პენსიაზე როგორ გახვალო, მკითხა. ხელები ავწიე და აღარც ის ორგანიზაცია გავაკეთე.

– თავის დროზე ლგბტ-ებთან ბრძოლაში “ტაბურეტკით” გაითქვით სახელი…

– მე “ტაბურეტკა” არ მჭერია! სასამართლოზე კი დამტკიცდა, რომ არავის საცემრად გამიწევია, პირიქით, გავრბოდი და ლგბტ-ებს ვეხმარებოდი, რომ ავტობუსში ასულიყვნენ. მძღოლს ვეძახდი, დროზე წადი-მეთქი. ვცდილობდი, დაპირისპირება თავიდან აგვეცილებინა. სულ სხვა რამეს ვაკეთებდი და სულ სხვა რაღაც დამაბრალეს.

– მღვდლობა და აღსარებების ჩაბარება რატომ არ გინდათ, ადამიანთა ცოდვების ტვირთვა არ შეგიძლიათ?

– ბერად იმიტომ შევდექი, რომ არ მინდოდა, მრევლი მყოლოდა. ბერი აღსარებას ქალისგან რომ მიიღებ, როგორ შეიძლება?! ეს დიდი დარღვევაა. გოგოები რას არ ეტლიკინებიან ბერებს. არადა ქალს არც უნდა გაეკარო ბერი!

– ახლა პენსიაზე ხართ, სახლში ზიხართ და ისევ ბერი გქვიათ, ხომ?

– დიახ, ბერი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნები. მინდა, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერი ავაშენო, მეც იქ დავიდო ბინა და ხანდახან წირვა აღვავლინო კიდეც. მთელი ნახალოვკა მზადაა, ეს ტაძარი ჩემთან ერთად ააშენოს. არქიმანდრიტი ვარ, ჯვრის ტარების უფლება მაქვს და არაფერი მაქვს აკრძალული.

ცხოვრებაში ორი აღთქმა მაქვს დადებული – ქალწულობას შევინარჩუნებ, ქალი არ მეყოლება და ვიქნები უფულო და უპოვარი. ამ ორ აღთქმას არ ვარღვევ. ეს სახლი, სადაც ახლა იმყოფებით, ჩემია, მაგრამ სახლი კი არა, ჩემთვის მონასტერია. მარტო ვცხოვრობ და კელია უფროა. პენსიით ვცხოვრობ – სამების ტაძარი და საპატრიარქო მიხდის ამ პენსიას და თვიდან თვემდე ძლივს გამაქვს თავი.

– ცოტა ხნის წინ “ფეისბუქში” წერდით, პატრიარქის ნაჩუქარმა ფეხსაცმელმა განმკურნაო.

– მარჯვენა ფეხზე მეოთხე ხარისხის ართროზი მაქვს, მეორე ფეხზე კი – მეორე ხარისხის. ოპერაციის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ პატრიარქმა კურთხევა არ მომცა. თავისი ფეხსაცმელი მაჩუქა – სულ ორჯერ მეცვაო. ჩავიცვი თუ არა, ტკივილები გამიჩერდა. რწმენას დიდი ძალა აქვს!

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი “სარკე”