_ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს.
ამის შესახებ 24 ნოემბერს გვიან საღამოს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მის თქმით, შეხვედრაზე სულ 7 კანდიდატზე იყო საუბარი, თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაასახელა.
_ მათ შორის განიხილებოდა ის კანდიდატები, რომლებიც შემოთავაზებული იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოოდ ჩვენ შევჯერდით გადაწყვეტილებაზე – საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დასახელებული იქნება ნინო ლომჯარიას კანდიდატურა. გავითვალისწინეთ არასამთავრობოებთან კონსულტაციები, ასევე, გამოცდილება, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი, კვალიფიკაცია, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადება საკმაოდ დამაბნეველია, ვინაიდან მის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ”ქართული ოცნება” ომბუდსმენის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდა და კონსულტაციები გაგრძელდება.

