მსახიობ ზურა ინგოროყვას მაყურებელი ძირითადად დადებითი გმირებით იცნობს. გამონაკლისი ახლახან მოხდა – მსახიობი სერიალ “ელიტარულ დახმარებაში” მოღალატე ქმრისა და მოთამაშე კაცის როლშია. მსახიობმა ჟურნალ “სარკეს” ახალ სერიალის საინტერესო დეტალები გააცნო.
— ბატონო ზურა, მკვეთრად უარყოფით გმირს თამაშობთ. რამ მიგიზიდათ ამ როლში, რომ დათანხმდით?
– სცენარი რომ წავიკითხე, დამაინტერესა. რეჟისორს, გიორგი ჯაფარიძეს, სურდა,ჩემი გმირი უფრო ცუდი ტიპი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, თამაზი კარგი პერსონაჟი არ არის, თუმცა დადებითი თვისებები შევძინე და ცოტა სითბოც შევმატე.
— მოღალატეა, მექალთანეა, თან ძალიან ჩახლართულ სიტუაციებშია.
– კი, მექალთანეა, დიდი ფულის პატრონია და განებივრებულია.
— სერიალში თქვენს პარტნიორს, მომღერალ ნუცა შანშიაშვილს, როგორ შეეწყვეთ?
– არაჩვეულებრივი პარტნიორია. ნუცა ძალიან ნიჭიერი, საინტერესო ადამიანია. ნუცას გმირი ორსულადაა და არც იცის, ვისგან. ამბები ძალიან საინტერესოდ განვითარდება. მაგალითად, თამაზს შვილმა თავისი საცოლე გააცნო, რომელიც ჩემი გმირის ყოფილი მეგობარი ქალი აღმოჩნდა. ისტორიები უფრო და უფრო ჩაიხლართება.
— როგორ ფიქრობთ, ეს ისტორიები რეალობასთან ახლოსაა?
– სამწუხაროდ, მსგავსი ამბები რეალურ ცხოვრებაშიც ხდება. რამდენიმე გადაღება გვქონდა სტრიპტიზკლუბში, რომლის პერსონალიც ისეთ საინტერესო ისტორიებს მოგვიყვნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ დადიან, გაოცებულები დავრჩით.
ერთ-ერთმა მეპატრონემ გვიამბო, სტრიპტიზკლუბში ქართველ ცოლ-ქმარს შორის ისეთი რაღაც მოხდა, ამდენი წელია აქ ვმუშაობ და მსგავსი არაფერი მინახავსო.
თამაზის მსგავს სიტუაციაში მყოფი ადამიანები არც უფიქრდებიან რაღაცებს, ფული აქვთ, ბედნიერები არიან, ქალები, გართობა, კაზინოში სიარული არ აკლიათ, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იკარგება – სიყვარული, ერთგულება, პატიოსნება.
— დამდგარხართ ცდუნების წინაშე, მაგალითად, აზარტული თამაშებით ყოფილხართ გატაცებული ან დიდ ფულთან გქონიათ შეხება?
– აზარტულ თამაშებთან მქონია შეხება. იყო შემთხვევა, როცა ფული მოვიგე, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, თუმცა ერთხელ წავაგე, თან დიდი ფული. ეს იმდენად არ მესიამოვნა, იმის მერე არ მითამაშია. მოგება მსიამოვნებდა, მაგრამ პირველივე წაგების შემდეგ, აგერ უკვე 20 წელია, არ მითამაშია.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”