გახდება თუ არა საქართველო ტერორისტების სამიზნე, რა კითხვებს უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ, რა კავშირშია ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან რუსეთის ულტიმატუმი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.
– რამდენიმე თვის წინ თქვენ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადეთ, რომ რუსეთმა საქართველოს ვაზიანის სამხედრო ბაზის გადაცემა მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას გადაბუგვით დაემუქრა. ზაფხულში ძალიან ბევრი ხანძარი გაჩნდა საქართველოში და თქვენ ეჭვი გამოთქვით, რომ ამის უკან რუსეთი იდგა. მაშინ ისიც განაცხადეთ, რომ მალე რუსეთი ტერაქტებსა და დივერსიებზეც გადავიდოდა. 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დაკავებულია რუსეთის მოქალაქე. თქვენი აზრით, ამ ამბავთან რუსეთს რაიმე კავშირი აქვს?
– არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მით უმეტეს, რუსულ კვალზე. დღეს ყველაზე სერიოზული საფრთხე საქართველოს სწორედ ჩრდილოეთიდან ემუქრება. როცა მე “ახალ თაობას” რუსეთიდან წამოსულ მუქარაზე ვესაუბრე, მაშინ ტერაქტების წინაპირობა არ იყო, მაგრამ ვთქვით, რომ ეს მოსალოდნელი იყო.
მაშინ მოსკოვმა თბილისს საშინელი პირობები წაუყენა. მათი შესრულება ფაქტიურად კაპიტულაციას ნიშნავდა. ისინი ვაზიანის სამხედრო ბაზას ითხოვდნენ, სადაც ანტიტერორისტული ცენტრის გაკეთებას აპირებდნენ. ამაზე ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა. სასწრაფოდ ჩამოვიდნენ ამერიკელები და ამ ბაზაზე საერთაშორისო წვრთნები ჩატარდა. არც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ყოფილა შემთხვევითი. მოკლედ, ამერიკელების ჩარევით ვაზიანის სამხედრო ბაზა რუსებმა ვერ მიიღეს.
მაშინ რუსეთის ხელისუფლება ჩვენებს პირდაპირ დაემუქრა, გადაგბუგავთო. ცოტა ხანში დაიწყო კიდევაც ხანძრები. მაშინ ვივარაუდეთ, რომ ამის გაგრძელება იქნებოდა ტერაქტები.
რუსებს ანტიტერორისტული ბაზის გახსნაზე სააკაშვილმაც უარი უთხრა. მოსკოვი მაშინ ბათუმის სამხედრო ბაზის გადაცემას ითხოვდა. ამ უარის საპასუხოდ მივიღეთ გორის ტერაქტი.
აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იმის უკან, რაც ახლა მოხდა, რუსეთი იდგეს.
– გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. ის წლების მანძილზე ებრძოდა რუსებს. ის 19 წლის იყო, როცა რუსებმა გაიტაცეს, აწამეს და ხელი მოაჭრეს. შეიძლებოდა ამ ადამიანს რუსეთის სპეცსამსახურების დავალება შეესრულებინა?
– ეს ადამიანი ნამდვილად რუსებმა გააუბედურეს, მათ წინააღმდეგაც იბრძოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მათი დავალებების შემსრულებელი არ გახდებოდა.
ჩატაევი 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. პატიმრობიდან ის “ოცნებამ” გაათავისუფლა. გასული წლის ზაფხულში მან სტამბულის აეროპორტში სერიოზული ტერაქტი მოაწყო. ბუნებრივია, დაისვა კითხვები, თუ რატომ მოხდა მისი გათავისუფლება. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ჩატაევი იყო საქართველოს სპეცსამსახურების აგენტი.
გამომდინარე იქედან, რომ სესიაშვილს წვდომა აქვს საიდუმლო ინფორმაციებზე, აგენტების შესახებაც ეცოდინება. მე მის განცხადებაში ეჭვი არ შემპარვია, მაგრამ აქ მეორე საკითხია, რამდენად შეიძლება ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელება. ამის გამო სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრმა მის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელიც შეიტანა. ჩვენს საჩივარს შედეგი არ მოჰყოლია.
ზემოთ გავიხსენეთ, რომ ჩატაევს ხელი რუსებმა მოაჭრეს. ფეხი მან ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაკარგა და, ამის მიუხედავად, როგორც სესიაშვილი გვეუბნება, ის საქართველოს აგენტი იყო. ამავე ლოგიკით, ის ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის აგენტი. რუსეთი მას იქ გამოიყენებდა, სადაც დასჭირდებოდა.
მის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მითქმა-მოთქმაა. ხელისუფლებას ამის დამთავრება ძალიან მარტივად შეუძლია. გამოძიების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა, ლიკვიდირებულთა ვინაობის გამხელა სარისკოა, მაგრამ ვინაობის გამხელის გარეშეც შეიძლება იმის თქმა, რომ ლიკვიდირებულთა შორის ჩატაევი არ არის.
– ალბათ ყველაზე მარტივად მისი იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ადამიანს ხელი და ფეხი აქვს მოჭრილი.
– ეს ასეა და ჩატაევის გვარის ხსენება თუ ეშინიათ, გვითხრან, რომ ლიკვიდირებულთა შორის არ იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. გარდაცვლილთა შორის თუ მართლაც აღმოჩნდება ჩატაევი, ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება.
– ამ შემთხვევაში ალბათ უნდა აგვიხსნან, როგორ მოხვდა ის საქართველოში.
– ამაზე მართლაც მოუწევთ პასუხის გაცემა. თუ მართლა ჩატაევია ლიკვიდირებული, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ საქართველოს საზღვარი მთლიანად მორღვეულია.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ტერორიზმთან ბრძოლა სპეციფიკურია და მას სხვანაირი დამოკიდებულება სჭირდება. 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციასთან ბევრი შენიშვნა მაქვს და ხელისუფლებას ვურჩევ, ამ მიმართულებით იმეცადინოს. ამ შემთხვევაში ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ, კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი სიცოცხლე და უსაფრთხოება მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.
სპეცრაზმელებთან დაკავშირებით საყვედურს ვერ ვიტყვი. ისინი კარგად არიან მომზადებული და არაერთი მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია აქვთ ჩატარებული. ჩვენ ძალიან მაგარი სპეცსამსახურები გვყავს. სამაგიეროდ, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დაგეგმარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
ჩვენ ყველამ ვნახეთ ფანჯრიდან გადმოყუდებული ტერორისტები, რომლებიც სპეცრაზმელებს ესროდნენ. მათთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ. აივანზე გადმოყუდება კი არა, როგორც კი ფანჯრიდან გამოიხედავდა, იქვე უნდა დაედუღებინათ.
მიმდებარე ტერიტორია სნაიპერებით უნდა ყოფილიყო გადაჭედილი. ისინი უნდა მსხდარიყვნენ ხეებზე, სახურავებზე. ყველა ფანჯარა კონტროლზე უნდა ყოფილიყო აყვანილი. მით უმეტეს, ვიცით, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ ტერორისტებს ვერ ვუწოდებთ, რადგანაც ეს დამტკიცებული არაა, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას იყვნენ.
– თუ ეს ადამიანები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ, მათ ასაყვანად ამხელა სპეცოპერაცია გამართლებულია.
– სპეცოპერაცია სპეცოპერაციაა, ამ ადამიანებმა პოლიციას გაუხსნეს ცეცხლი. ერთი სპეცრაზმელი გვყავს დაღუპული და 3 დაჭრილია. ასეთ დროს რაღაც კომპრომისებზე წასვლა არ შეიძლება. როცა პოლიციას ანუ სახელმწიფოს ესვრი, იქ აუცილებლად უნდა მიიღო პასუხი. სამართალდამცავებს ლეგიტიმური უფლება აქვთ, მოახდინონ მათი ლიკვიდაცია.
დაგეგმარების და სნაიპერების თემას გავაგრძელებ. ძალიან მაგარი სნაიპერები გვყავს. როგორც ჩანს, მათ დავალება არ ჰქონდათ მიღებული, თორემ დამნაშავეებს ცხვირს არ გამოაყოფინებდნენ გარეთ.
იმას თავი დავანებოთ, რომ დამნაშავეები აივანზე გამოდიოდნენ და სპეცრაზმელებს დამიზნებით ესროდნენ და ბინიდან ბინაში გადადიოდნენ. ერთ-ერთმა დამნაშავემ, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, სადარბაზოდან გამოსვლა მოახერხა, სადღაც 20 მეტრი გაიარა და მერე აიფეთქა თავი. ვიღაცამ გვითხრას, ამ ადამიანმა როგორ გამოაღწია ბლოკირებული სადარბაზოდან, როგორ გაიარა 20 მეტრი და როგორ აიფეთქა თავი. ეს ფაქტიც მიუთითებს იმაზე, რომ სპეცოპერაცია დაგეგმილი არ იყო.
როგორც გვეუბნებიან, სპეცოპერაცია 21 ნოემბრის 22.00 საათზე დაიწყო. იმ სადარბაზოდან ადამიანების ევაკუაცია 22 ნოემბრის 03.00 საათზე დაიწყეს. დამნაშავეებს ფაქტიურად 5 საათი ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ მძევლები აეყვანათ.
– დამნაშავეებმა, თავის მხრივ, კეთილი ნება გამოიჩინეს და მძევლები არ აიყვანეს.
– როგორც ჩანს, იმათ რაღაც მნიშვნელოვანი არ ჰქონდათ დაგეგმილი და მძევლების აყვანა არც უცდიათ. ეს რომ სდომნოდათ, ამისთვის 5 საათი ჰქონდათ დრო.
– იქნებ ეს ადამიანები ვერ მიხვდნენ, რომ სპეცოპერაცია მათ წინააღმდეგ ტარდებოდა და ამიტომ არ აიყვანეს მძევლები.
– არა მგონია, ისეთი მიამიტები ყოფილიყვნენ, რომ ეჭვი არ აეღოთ. მთელი უბანი ალყაში იყო და იმ სადარბაზოდან ხდებოდა ხალხის გამოყვანა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ. სპეცოპერაცია ნორმალურად რომ დაეგეგმათ, ხალხის ევაკუაცია მაშინ დაიწყებოდა, როგორც კი ყვითელი ლენტები გაავლეს.
დამნაშავეებს იმ ღამით მძევლები რომ აეყვანათ, სპეცოპერაცია ახლაც არ იქნებოდა დამთავრებული. როდესაც დამნაშავეებს მძევლები აჰყავთ, იქ უკვე ისინი განკარგავენ პროცესებს. სახელმწიფო მძევლებს არ დახოცავს, ბოლოს და ბოლოს რუსეთში ხომ არა ვართ, სადაც მძევლების დახოცვა არ ადარდებთ.
– მადლობა ღმერთს, რომ რუსეთი არა ვართ.
– რუსეთი არა ვართ და ჩვენი სახელმწიფოც იზრუნებდა მძევლების გადარჩენაზე. ხისტი მოქმედებების საშუალება არ ექნებოდათ და, როგორც უკვე გითხარით, სპეცოპერაცია ახლაც არ იქნებოდა დამთავრებული.
იმ ადამიანებმა, ვისაც ასეთი სპეცოპერაციების დაგეგმვა ევალება, ცოტა მეტი უნდა იმეცადინონ. მადლობა ღმერთს, ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით მეოთხე დონეზე ვართ. მეოთხე დონე იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმისგან ბევრად უფრო დაცულები ვართ, ვიდრე ევროპა და ამერიკა.
21-საათიანი სპეცოპერაციის ჩატარება საჭირო სულაც არ იყო და მათი განეიტრალება ძალიან მარტივად შეიძლებოდა. ჩუმად შეიძლებოდა მისვლა და თოფებით ფანჯრებიდან დასაძინებელი გაზის კაფსულების შეყრა. დაიძინებდნენ ეს ადამიანები, მერე შეანგრევდნენ კარს და დაძინებულებს აიყვანდნენ.
ოპერაცია რომ მოუმზადებელია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დამნაშავეთა ვინაობას მათი ლიკვიდაციის შემდეგ ადგენენ.
– გვეუბნებიან, რომ 3 კვირა უთვალთვალებდნენ და წესით მათი ვინაობა მაინც უნდა დაედგინათ. თქვენ გჯერათ, რომ 3 კვირის მანძილზე ვინაობის დადგენა ვერ მოახერხეს?
– ცხადია, ამის არ მჯერა. რატომღაც მგონია, რომ ოპერატიული ინფორმაცია შეუვიდათ და დაუგეგმავად გადაწყვიტეს სპეცოპერაციის ჩატარება. ოპერაცია დაიწყო სუსმა, მერე მიხვდნენ, რომ პრობლემას ვერ უმკლავდებოდნენ და ანტიტერორისტულს დაუძახეს. ანტიტერორისტული სამსახური ოპერაციაში გამთენიისას ჩაერთო.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, დროის რა მონაკვეთში დაიჭრნენ ჩვენი სპეცრაზმელები. შესაძლოა, ანტიტერორისტული მათი დაჭრის შემდეგ გამოიძახეს. იმის შესახებ თუ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბინაში ტერორისტები იყვნენ, ოპერაცია ანტიტერორისტულს უნდა ჩაეტარებინა.
– თქვენი აზრით, ისინი მარტივად ჩაატარებდნენ სპეცოპერაციას?
– ეჭვიც არ მეპარება. ეს ადამიანები ტერორისტებთან საბრძოლველად არიან მომზადებული. ტერორისტებთან ბრძოლაში არც კრიმინალურ პოლიციას ავარჯიშებენ, არც საპატრულოს და არც სუსს. ტერორისტებთან ბრძოლის უნარ-ჩვევებს მხოლოდ ანტიტერორისტულის მებრძოლებს ასწავლიან.
ძალიან მაინტერესებს, რატომ არ ჩართეს თავიდანვე საქმეში ანტიტერორისტული. გარდა იმისა, რომ ოპერაცია მათ უნდა ჩაეტარებინათ, მისი დაგეგმარებაც ანტიტერორისტულს უნდა მოეხდინა.
ამათი დაგეგმილი სპეცოპერაცია, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ წარმატებით დასრულდებოდა. 3-4 ადამიანის გამკლავება არ არის რთული. მით უმეტეს, როცა მათი ლოკაცია იცი და ისინი ერთ ადგილზე იმყოფებიან. გაშლილ სივრცეში ბევრად რთულია სპეცოპერაციის ჩატარება.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია დილეტანტმა დაგეგმა. ამის შედეგები სახეზეა – 21 საათი ებრძოდა სახელმწიფო 3 ადამიანს. აქედან ერთი შესაძლოა ცალფეხა და ცალხელა იყოს.
ნამდვილად არ მიხარია, რომ ხელისუფლების სისუსტე გამოჩნდა. ეს ისეთი ამბავია, სადაც წარმატება ყველას უნდა გვინდოდეს. იმედია, ამას გაკვეთილად მიიღებენ და იმეცადინებენ. 2 თუ 3 კაცს 21 საათი ვებრძოდით და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, იმ ბინაში 10 ან 15 კაცი რომ ყოფილიყო.
– ამ შეცდომების გაანალიზების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დაცულია ტერორისტებისგან? თქვენ ზემოთ მეოთხე დონე ახსენეთ და ისევ ამ დონეზე დავრჩებით?
– ტერორისტებისგან დაცული არავინ არ არის. ამის მიუხედავად, ტერორიზმის თვალსაზრისით საქართველო მაინც უსაფრთხო ქვეყანა ვართ და მეოთხე დონეზე ვრჩებით. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. ეს ყველაფერი ხელისუფლების სწორ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
ერთ-ერთ გადაცემაში გამოსვლისას გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ამ სპეცოპერაციის შემდეგ ხალიფატი გადაგვემტერება. ეს არის ხალხის დაზაფვრა. მსგავსი არაფერი მოხდება. თან ჯერ ისიც არ ვიცით, ვინ არიან დაღუპულები.
ერთ-ერთმა ადამიანმა ისიც კი თქვა, რომ ესენი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას აპირებდნენ, რაც სისულელეა.
– ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგაც ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, ამბობდნენ, სააკაშვილმა მაშინ ჩეჩნები იმიტომ დაახოცინა, რომ მათ ივანიშვილის ლიკვიდაციაზე თქვეს უარი.
– ესეც სისულელეა. ახლა ათასი ვერსია გავრცელდება. ამ დღეებში ჩატარებულ ოპერაციასთან ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და რაც მალე გასცემს ხელისუფლება ამ კითხვებს პასუხს, მით უკეთესი იქნება.

