სახალხო დამცველმა აჰმედ ჩატაევის საკითხზე განცხადება გააკეთა. უჩა ნანუაშვილი უცხოური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევია. როგორც ცნობილია, ნანუაშვილი 2012 წელს აცხადებდა, რომ ჩატაევი უდანაშაულოა.
– სასამართლომ გაათავისუფლა იმის გამო, რომ ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ის იყო დაკავებული. ეს იყო ის რეალობა, მოცემულობა, რომელიც არსებობდა და სასამართლომ ის გაამართლა. ის იყო სხვა დროს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული, საქმეში ასევე იყო მესაზღვრეების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალით მიაცემინეს გარკვეული ჩვენება. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ შემდეგ ის მოხვდა ტერორისტთა სიაში და იყო “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მებრძოლი. ის იყო მოწვეული ხელისუფლების მხრიდან საქართველოში ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ლოპოტაში განვითარდა. მას ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც ავსტრიის ხელისუფლების მხრიდან იყო გაცემული და ის ამ დაცვით სარგებლობდა და ამით ისარგებლა მაშინაც, როცა ექსტრადიციის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დაკმაყოფილდა,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
Habertürk daily-ს ცნობით, საქართველოს პოლიციამ კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა და ჩეჩნური წარმოშობის 3 ტერორისტი მოკლა. მათ შორის აჰმედ ჩატაევიც.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა.
“კავკასიის იმირათის“ ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის თანამებრძოლის, აჰმედ ჩატაევის საქართველოსთან კავშირი ბოლო წლებში 2010 წლიდან ფიქსირდება. ამ წლის იანვარში ის უკრაინაში დააპატიმრეს. მოსკოვი მის ექსტრადირებას ითხოვდა, მაგრამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჩარევით ეს არ მოხდა. ჩატაევს ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა, რამაც უშველა.
2010 წლის მარტში, უკრაინამ ჩატაევის დეპორტაცია საქართველოში განახორციელა. ჩატაევს დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ აღმოუჩინა, ოღონდ რა მიზნით, ამაზე მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ლაპარაკობდნენ. 2010 წლიდან ის პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა, სადაც მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა.
ჩატაევი საქართველოში 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის იყო მომლაპარაკებელი საქართველოს ხელისუფლებასა და მებრძოლებს შორის, რომლებიც მოგვიანებით, პოლიციასთან შეტაკებისას ლაფანყურის ტყეში მოკლეს და რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა. ამ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ პოლიციელებიც.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკარგა მან მარცხენა ფეხი, ხოლო 2000 წელს მეორე ჩეჩნური ომის დროს – მარჯვენა ხელი.
ჩატაევს პროკურატურა სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით ედავებოდა, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. 2012 წლის 6 დეკემბერს, აჰმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლა. მის გათავისუფლებას აქტიურად მოითხოვდნენ უფლებადამცველები. იმავდროულად, ჩატაევის გადაცემას კვლავ ითხოვდა რუსეთის პროკურატურა, რომელსაც მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
2012 წლის დეკემბერში პატიმრობიდან გათავისუფლებული აჰმედ ჩატაევი ქართველ ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ მუდმივად ავსტრიაში ცხოვრობდა ლტოლვილის სტატუსით, სადაც პატარა მაღაზია ჰქონდა და ამ მაღაზიაში ვაჭრობით იყო დაკავებული, საქართველოში კი 3 თვეში ერთხელ, ცოლ-შვილის სანახავად რეგულარულად ჩამოდიოდა.
2013 წლის იანვარში ჩატაევის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა. მან საქართველო დატოვა. არსებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ის სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდა.
იმედინიუსი

