ზურა ინგოროყვა: “სააკაშვილის ბრძანება იყო, რომ ფილმ ”დეტექტივებში” რუსთაველის თეატრის მსახიობებს არ ეთამაშათ”

ზურა ინგოროყვა: "სააკაშვილის ბრძანება იყო, რომ ფილმ ”დეტექტივებში” რუსთაველის თეატრის მსახიობებს არ ეთამაშათ”რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურა ინგოროყვა საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს ირაკლი ალასანიას პარტიიდან. ჟურნალ “სარკესთან” ამბობს, რომ დღეს უხერხულად გრძნობს თავს, როცა ის პერიოდი ახსენდება.

ზურა ინგოროყვა:

– ჩემი და პოლიტიკის ურთიერთობა არ შედგა და ასეც ვიცოდი, ჩვენ ერთმანეთისგან შორს ვართ. იყო შემოთავაზებები, პოლიტიკაში გამეგრეძელებინა საქმიანობა, მაგრამ უარი ვთქვი, თან ირაკლიც წავიდა პოლიტიკიდან. რომ გამახსენდება, პოლიტიკაში ვიყავი, იქვე ვამთავრებ ამაზე ფიქრს, იმდენად მეუხერხულება ჩემს თავთანაც კი.

– მაღალჩინოსნის როლი ითამაშეთ გოგა ხაინდრავას ფილმში “ჰეროკრატია”, რომელიც ნაციონალების მმართველობის პერიოდს ეხება. მსახიობები ხშირად თავს არიდებენ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ფილმებში თამაშს. თქვენ რატომ დათანხმდით?

– სცენარი მომეწონა. ამას გარდა, ძალიან მაინტერესებდა გოგა ხაინდრავასთან მუშაობა. ნაციონალების სახელისუფლებო რეჟიმი პირადად შემეხო. მაშინ ხომ ყველაფერს ისინი განაგებდნენ, მათ შორის, კულტურასაც. რუსთაველის თეატრის მსახიობების გადაღება ყველას ეკრძალებოდა.

ძალიან კარგი ქართული სერიალი “დეტექტივები” გადიოდა, რომელიც პირდაპირ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, დაკვეთა იყო. რეჟისორებს ბრძანება ჰქონდათ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობები არ უნდა გადაეღოთ. რეჟისორმა უთხრა, თუ გვინდა, სერიალი კარგი გამოვიდეს, რუსთაველის თეატრის მსახიობებს ვერ ავცდებითო. იქიდან კი ასეთი პასუხი გასცეს, მაშინ უარყოფითი პერსონაჟები ათამაშეთო. წარმოგიდგენიათ?!

სააკაშვილის რეჟიმი ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს შეეხო. ჩემ ირგვლივ უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს.

– იმაზე არ დაფიქრებულხართ, ეს პოლიტიკური ფილმი თქვენს კარიერაზე როგორ იმოქმედებს?

– ვისთვისაც ამ ფილმში ჩემი თამაში პრობლემა აღმოჩნდება, ჯობს, მასთან ურთიერთობა არც მქონდეს.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”