ახალციხეში, სპორტდარბაზთან გაჩერებულ ავტომანქანასთან აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომანქანა ახალციხის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ამბარცუმ ბაბოიანს, ეკუთვნის. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
შიდა კამერებით დაფიქსირებული ვიდეო მასალის მიხედვით, აფეთქების ხმა 20:35 წუთზე დაფიქსირდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს მანქანასთან არავინ იმყოფებოდა.
ამ დროს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი სპორტდარბაზში იმყოფებოდა, მისი კუთვნილი ავტომობილი კი სკოლის წინ იყო გაჩერებული.
შემთხვევის ადგილზე აფეთქების დროს ბაბოიანის მანქანასთან ახლოს კიდევ ორი მანქანა იდგა. მათ შორის ერთ-ერთი დაზიანდა, მინები ჩაემტვრა და დაიხვრიტა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც აფეთქებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.