დავით დარჩიაშვილი: “ქართული ოცნების” გაყოფა არ მოხდება, სანამ ივანიშვილი უდგათ სათავეში”

დავით დარჩიაშვილი: "ქართული ოცნების" გაყოფა არ მოხდება, სანამ ივანიშვილი უდგათ სათავეში"“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ორად გაყოფა და ერთი ნაწილის ოპოზიციაში გადასვლა, მას შეუძლებლად მიაჩნია.

– ბატონო დავით, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია განახლებულ მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელოს არა კვირიკაშვილმა, არამედ ახალმა პრემიერმა. რას უკავშირებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეიძლება კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგეს?

– შეიძლება გადაიღალა, შეიძლება შიდა დაპირისპირებებში დასუსტდა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილის თვალში ვიღაც ახალია საჭირო, პერიოდულად ხომ ასე უყვარს ბიძინას. მოკლედ, ბევრი მიზეზია. შეიძლება ჭორია ეს ყველაფერი და საერთოდ არაფერიც არ ხდება. აბსოლუტურად დახურული პოლიტიკური პროცესია, რომლის შესახებაც გარეგნული ნიშნებითა და კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით უნდა ვიმსჯელოთ და გამოვიტანოთ დასკვნები.

– შესაძლებელია, ამ ყველაფერს საფუძველი უცნობსა და პრემიერს შორის სრულიად ღია დაპირისპირებამ დაუდო საფუძველი?

– შეიძლება ეს მხოლოდ საბაბია, გარეგნული ნიშნებია შიდა დაპირისპირების, მაგრამ ასევე, ეს შეიძლება იყოს ჩვენი პოლიტიკური სისტემის არანორმალურობის გამოვლენა, როდესაც საჯარო პოლიტიკას ასე განსაზღვრავს კერძო ურთიერთობები, როდესაც ასე აღრეულია ყველაფერი ერთმანეთში. ეს ღიად ჩანდა გაჩეჩილაძის დამოკიდებულებაში და კვირიკაშვილის რეპლიკებში.

– კვირიკაშვილმა გადადგომის მზადყოფნა გამოთქვა, თუ გაჩეჩილაძის ბრალდებები დამტკიცდება.

– ამ ქვეყნის ყოფის ირონია იმაშია, რომ ძმაკაცური ურთიერთობები, ე.წ. საქმის გარჩევები და შემდეგ ამის საჯაროდ გამოტანა, თავად პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი ხდება. ამაშია ჩვენი ქვეყნის არანორმალურობა, ეს არის პრობლემა, ამაშია მთელი უბედურება. მართლა ხდება ეს ამბავი, არ ხდება, ვგულისხმობ გაჩეჩილაძის სიძის უსამართლო დაჩაგვრას, თუ მათ ეს მოეჩვენათ, ვინც ამაზე ჩივის, ამ ყველაფერზე რეაგირება, თვითონ პრემიერის ჩათვლით, აჩვენებს, რომ საკუთარი ეზოსავით აქვთ ეს ქვეყანა.

– ექსპერტებმა განაცხადეს, რომ პრემიერის წაყრუება კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. თქვენ არ ეთანხმებით?

– პრემიერმა კვირიკაშვილმა ემოციური შეფასებები გააკეთა და ამ შეფასებიდან ჩანდა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება არის, გია გაჩეჩილაძის თვალში თუ როგორ გამოჩნდება. რეალურად ქვეყანაში რა ეკონომიკური პროცესები მიდის, რა ხდება ბიზნესში, ამაზე არავის უსაუბრია და, როგორც ჩანს, წარმოდგენაც არავის არა აქვს.

– მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებსა და რეფორმის ოთხპუნქტიან გეგმაზე პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების დროს იყო საუბარი. რამდენად მისაღებია განახლებული მინისტრთა კაბინეტი და სტრუქტურული ცვლილებები?

– რაც შეეხება ამ ცვლილებებს, ეს არის ზედაპირული, გარეგნული ცვლილებები და სხვა არაფერი. ეს არ არის გააზრებული ცვლილებები. რა ეკონომიური დანაზოგის მოტანა შეუძლია ამ სტრუქტურულ ცვლილებებს, ამის შესახებ კომპეტენტური აზრი მე არ მომისმენია მთავრობის არც ერთი წევრისგან და არც პრემიერისგან. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, დაზვერვა რომ არ შედის უშიშროების სამსახურში, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

– მაინც რაზე არის დამოკიდებული მთავრობის წარმატება, პერსონებზე?

– პრობლემა არის კონფრონტაციულობაში, ფრაქციულობაში, დანაწევრობაში, დაყოფაში, ერთმანეთის მიმართ მტრობაში. როდესაც სათავეში დგას ერთი და თუ იმასთან კარგად ხარ და თუ ის თავისიანად მიგიღებს, მაშინ გზა გაქვს გახსნილი. თუ არადა, ყველა ავტონომიური ინსტიტუტის, ჯგუფის სამოქმედო სივრცე დღენიადაგ მცირდება და ვიწროვდება. ეს არის მთავარი პრობლემა ამ პოლიტიკური სისტემის.

– როგორ ფიქრობთ, შეიძლება “ქართული ოცნება” გაიყოს, არ ვგულისხმობ ფრაქციებად დაყოფას. რამდენად მოსალოდნელია, ერთი ნაწილი ოპოზიციაში გადავიდეს?

– “ქართულ ოცნების” მმართველ ელიტას, მართლაც შეიძლება ცალკეული ადამიანები, ვისაც ივანიშვილი არ მოიწონებს, გამოეყონ, მაგრამ ის, რომ ფუნდამენტური გაყოფა მოხდეს, არ მგონია. ასეთი გაყოფა არ მოხდება, სანამ ივანიშვილი იქნება “ქართული ოცნების” სათავეში და ის რეალურად არ დაკარგავს ინტერესს პოლიტიკისადმი.

– ჯერ ისევ ინტერესს იჩენს?

– რასაკვირველია და ეს ჩანს კიდეც. ეს არის არა ღირებულებებსა და პრინციპებზე, არამედ ძალაუფლების სიყვარულითა და პირადი ლოიალობით, აღებ-მიცემობით გაერთიანებული ხალხი. შესაბამისად, სანამ ეს პირამიდა არსებობს, სანამ ქვეყანაში მძაფრი კრიზისული ვითარება არ არის, ამ პირამიდას არაფერი არ ემუქრება. ეს არ არის ჩვეულებრივი გაგრძელება ნომენკლატურული, ნეონომენკლატურული, კლანური მმართველობის. ამიტომ, მისი ორ ნაწილად გაყოფა შეუძლებელიც კი მგონია. ასეთი გაყოფა თავის დროზე მოხდა “მოქალაქეთა კავშირში”, რადგანაც მართლაც აღმოჩნდა იქ ახალგაზრდების, რეფორმატორთა ჯგუფი, რომელმაც დრომოჭმულ, პირად პატრონყმურ ურთიერთობებზე უარი თქვა და ამ ყველაფერს გაემიჯნა.

– ისე, ნაციონალური მოძრაობაც გაიყო.

– დიახ, ნაციონალურ მოძრაობაც აღმოჩნდა პრობლემების წინაშე და ნაციონალური მოძრაობაც გაიყო. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მილიარდელი კაცის იდეოლოგიის ბანაკებად დაყოფა ძნელად წარმომიდგენია.