გიორგი კვირიკაშვილი: „საწოლები ისე გვედგა, ტყვია რომ შემოვარდნილიყო, ვინმეს არ მოხვედროდა“

გიორგი კვირიკაშვილი: „საწოლები ისე გვედგა, ტყვია რომ შემოვარდნილიყო, ვინმეს არ მოხვედროდა“საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალ “OK“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროსა და ოჯახის შექმნის ისტორიას იხსენებს:

– დიპლომიანი ექიმი გახლავართ. არ ვიცი, რატომ ავირჩიე სამედიცინო, არავინ მყოლია ექიმი, თანაც რთული იყო ჩაბარება, კორუფციაც იყო და სხვაც. ერთი გამოცდით მოვხვდი, რადგან ოქროს მედალი მქონდა კომაროვის სკოლიდან. პირველი ბარდებოდა ფიზიკა. მაშინ დანიშნეს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ გია მაჩაბელი. ნამდვილად სამართლიანი გამოცდა იყო. დავწერე, ხუთიანი მივიღე და ჩავირიცხე. ეს დიდი ამბავი იყო. 6 კურსი ვისწავლე, მერე ერთი წელი ინტერნატურაში, თანაც 2 წელი ჯარში გავატარე და 9 წელი გამომივიდა სამედიცინო ინსტიტუტში. მაგრამ იმ დროს უკვე საბაზრო ეკონომიკა შემოდიოდა, ამ მხრივ უამრავი საინტერესო რამ ხდებოდა და მივხვდი, რომ ეკონომიკა უფრო მაინტერესებდა, მაგრამ დედაჩემის თხოვნას ანგარიში გავუწიე და მაინც დავამთავრე სამედიცინო.

პარალელურად ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაქულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. დავდიოდი კიროვის პარკში და საბაზრო ეკონომიკის წიგნებს ვყიდულობდი. მაშინ შემოვიდა პოლ სამუელსონის „ეკონომიკა“, ფილიპ კოტლერის „მარკეტინგი“, „ფულის თეორია“, „ეკონომიკური აზროვნების წესი“. ეს ლიტერატურა ჩვენთვის სულ ახალი რამ იყო და ამას დიდი ინტერესეით ვკითხულობდი. სამედიცინო ინსტიტუტიდან დამრჩა დიპლომი და მეუღლე, მაკა ცინცაძე, რომელიც ჩემს კურსზე, ჩემს ჯგუფში სწავლობდა. ინსტიტუტს ვამთავრებდით, როდესაც დავქორწინდით. ჩემმა ცოლმა წითელ დიპლომზე დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, მერე ორდინატურა კარდიოლოგიის განხრით და მერე ოჯახს მიუძღვნა თავი. როცა იყო უშუქობა, სიცივე, სროლა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით სამი შვილით, პირველ სართულზე. საწოლები ისე გვედგა, ტყვია რომ შემოვარდნილიყო, ვინმეს არ მოხვედროდა. მძიმე დრო იყო, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ ყველაფერს უძლებ. გამოცდილებით კი არა, გუმანით ხვდები რა და როგორ. წინ მთელი ცხოვრება გაქვს, ე.წ. გაქვს იმედი, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.