უკრაინული პარტია “ბატკივშინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტი უწოდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის დაპატიმრება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაგმო და პეტრო პოროშენკოს ხელისუფლება ტერორში დაადანაშაულა.
“მაშინაც კი, თუ ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვართ, არავის აქვს უფლება თავისუფალი რევოლუციის შემდეგ, უკრაინის ორი რევოლუციის შემდეგ, მასობრივი რეპრესიების შემდეგ, მთელი ცივილიზებული სამყაროს თვალწინ საქართველოს პრეზიდენტი გაანადგუროს. სწორედ ეს არის განადგურება,”- განაცხადა ტიმოშენკომ.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რადასკენ დაიძრა. მასთან ერთად, მისი რამდენიმე ათასი მხარდამჭერი იმყოფება.
მანამდე სააკაშვილი მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა და მხარდამჭერებს მაიდანზე მშვიდობიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კურჩენკო.
სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იმედინიუსი

