საფრანგეთის სკოლებში მომავალი წლიდან მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება აეკრძალებათ, – ამის შესახებ The Times წერს.
მობილურ ტელეფონებს სკოლებში დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები ვერ შეიტანენ. ამავდროულად, ლიცეუმებს აღნიშნული აკრძალვა არ შეეხება.
საფრანგეთის განათლების მინისტრის, ჟან-მიშელ ბლანკეს განცხადებით, ეს აკრძალვა მოსწავლეებს სპორტულ მოედნებზე დააბრუნებს.
– აკრძალვა შემდეგი წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. ჩვენ სკოლებში გუნდური სულისკვეთების პოპულარიზაცია გვჭირდება. ხშირად ვხედავთ საბავშვო მოედნებს, სადაც ბავშვები ფეხბურთს კი არ თამაშობენ, არამედ სმარტფონებში იყურებიან. პედაგოგიური გადასახედიდან ეს პრობლემაა, – განაცხადა ბლანკემ.
აღნიშნული ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო პროგრამით არის გათვალისწინებული.
ინტერპრესნიუსი

