საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში იმყოფება. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ მისმა პრესმდივანმა განუცხადა.
ეს ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმაც დაადასტურა.
– დიახ, მიხეილი უკვე პეჩერსკის სასამართლოშია. მე დოკუმენტებზე ვმუშაობ, – განაცხადა ბოგომაზოვმა.
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცესი სავარაუდოდ, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
სასამართლოში იმყოფება სააკაშვილის მეუღლე, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.
მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ინტერპრესნიუსი

