თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის მიზეზით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მიერ სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერებას ეხება. საკითხის შესწავლისთვის საჭირო ინფორმაცია, სახალხო დამცველმა 2017 წლის 3 ივლისს წერილობით გამოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურისგან. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საჭირო ინფორმაცია სახალხო დამცველს არ მიაწოდა, რადგან, მისივე განმარტებით, ამ სახის საიდუმლო ინფორმაციაზე სახალხო დამცველს წვდომა არ აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველის არგუმენტები არ გაიზიარა, რაც სახალხო დამცველის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის საფუძველი გახდა.

