გუშინ ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში თანამშრომელი ლიფტში ჩავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლინიკის მეოთხე სართულზე ლიფტი დამლაგებელმა ქალმა გამოიძახა, თუმცა, კარის გახსნის შემდეგ მას ლიფტის კაბინა არ დახვდა. ქალმა ეს ვერ შენიშნა და ლიფტში შევიდა.
დაშავებული 45 წლის ქალი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს ხერხემლისა და გულმკერდის მალების კომპრესიული მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაზიანება, ნეკნების ორმხრივი მრავლობითი დაზიანება და პნევმოჰემოთორაქსი აქვს.
დაშავებული კლინიკაში გუშინ 20:00 საათზე შეიყვანეს.
საზღვაო ჰოსპიტალში მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 124-ე მუხლის შესაბამისად, რაც გაუფრთხილებლობით ჩადენილ ჯანმრთელობის ნაკლებად, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

