“გახარია პრემიერობაზე ფიქრს უნდა დაემშვიდობოს. ივანიშვილმა ამ პოსტზე ბახტაძის კანდიდატურა შეარჩია”

ლადო სადღობელაშვილი: “ჩინოსნები ნაშებსაც კი ბიუჯეტის ხარჯზე ინახავენ”
"გახარია პრემიერობაზე ფიქრს უნდა დაემშვიდობოს. ივანიშვილმა ამ პოსტზე ბახტაძის კანდიდატურა შეარჩია"რა შეცდომებს უშვებს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაზე შეთანხმდნენ მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება, რამდენი ადამიანი უპირისპირდება “ოცნებიდან” რეალურად ნაციონალებს, რატომ უნდა შეიცვალოს 2 წელიწადში ერთხელ მთავრობის მეთაური, ვინ აშენებს თბილისში ელიტურ ჰარამხანას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– ძალიან მალე ბორდელებით გაძეძგილ თბილისს კიდევ ერთი ასეთი დაწესებულება შეემატება. სასტუმრო “საქართველოს” ადგილზე ელიტური ჰარამხანის გახსნა იგეგმება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, დავით კოდუამ სხვადასხვა მეწილისგან გამოისყიდა ეს სასტუმრო და ახლა მის გაყიდვას აპირებს. შენობის შეძენა არაბებს სურთ. ოფიციალურად ისინი დიდი, გასართობი ცენტრის გაკეთებას აპირებენ. სინამდვილეში იქ ბორდელები და ჰარამხანა იქნება. ეს ჰარამხანა კეთდება არაბებისთვის, რომლებმაც აქ თავიანთი ბინძური ვნებები უნდა დაიკმაყოფილონ.
დაახლოებით ისეთივე კომპლექსი აშენდება, როგორიც რესპუბლიკის მოედანზე სასტუმრო “ივერიის” ქვემოთ არის. არაბები უფრო სოლიდური ბორდელის გაკეთებას აპირებენ.
– პრემიერმა იცის ეს ამბავი? ახლო წარსულში მთავრობის სხდომაზე გამოხატა აღშფოთება ამგვარი დაწესებულებების გამო.
– პრემიერი პიარისთვის აღშფოთდა. თბილისის ცენტრში ჰარამხანის გახსნის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმაც იცის და კახა კალაძემაც. მეტსაც გეტყვით, ბატონ კალაძეს აქტიურად “ეჩალიჩებიან” იმაზე, რომ რამდენიმე სართულის დაშენების უფლება მისცეს. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
– თქვენი ამის შესახებ როგორ გაიგეთ?
– ძალიან მარტივად. სასტუმრო “საქართველოში” ქართულ მარშს ჰქონდა ოფისი. ერთ-ერთმა ძველმა მეწილემ გვათხოვა 2 ოთახი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენთან მოვიდნენ არაბები და იქაურობის დატოვება მოგვთხოვეს. ამ ადამიანებს თანხის ნაწილი უკვე გადახდილი აქვთ და ეს ისტორიული შენობა, ფაქტობრივად, მათი საკუთრებაა.
ჩვენ ნაციონალური მოძრაობა რომ ვყოფილიყავით, ოფისის დაცლას არ მოგვთხოვდნენ. სწორედ იმიტომ გამოგვყარეს იქიდან, რომ ქართულ მარშს წარმოვადგენთ. ქართული მარში ის ძალაა, რომელიც ბორდელებს, მამათმავლებსა და ასეთი ტიპის გარყვნილების გავრცელებას უპირისპირდება.
მინდა საზოგადოებას მივმართო და ვთხოვო, რომ თბილისის ცენტრში არაბების ჰარამხანა არ დაუშვან. ამ საკითხის მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოს კულტურის მინისტრმა. სასტუმრო “საქართველო” ისტორიული შენობაა და მიხეილ გიორგაძეს მისი პატრონობა ევალება.
ამის ვალდებულება აქვს ეკონომიკის მინისტრსაც. “დელეცის” სახით რომ დადის ქუმსიშვილი, ასეთ რამეებს უნდა მიხედოს.
აქვე თქვენს მკითხველს ერთ შემაშფოთებელ ამბავზეც მინდა მოვუთხრო. ეს ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს. საქართველოში ირანიდან ბევრი ტურისტი ჩამოდის. მათი გიდებიც ირანელები არიან. ისინი ტურისტებს ეუბნებიან, საქართველო 300 წლის წინ ირანის შემადგენლობაში იყო და დროა, დავიბრუნოთო.
დემოგრაფიული თვალსაზრისით ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა. ქართველები იხოცებიან და საზღვარგარეთ გარბიან, აქაურობას კი უცხოტომელები ეპატრონებიან. ძალიან მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ამას მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება შეაჩერებს. ამის გაკეთება “ქართულ ოცნებასაც” შეუძლია, მაგრამ მისი იმედი არა მაქვს.
– რატომ არა გაქვთ დღევანდელი ხელისუფლების იმედი?
– ამათი იმედი როგორ უნდა მქონდეს, როცა ისინი თავად ქმნიან ასეთ ვითარებას. ამათი უმოქმედობა და ასეთი ქმედებები რომ არა, ასეთ დღეში არ ვიქნებოდით. უდიდესი ნდობით მოვიდნენ, მაგრამ ბოლოს საშინელი შედეგი მივიღეთ. მთელი ეს 5 წელიწადი საშინელ ტყუილში გვაცხოვრეს.
შეეცდებიან, რომ კიდევ რამდენიმე წელი გვაცხოვრონ ტყუილში. მერე მოვა 2020 წელი და მოატრიალებენ ნაციონალებს.
– ნაციონალების მოტრიალებაში ხელისუფლების გადაბარებას გულისხმობთ?
– ან ხელისუფლებას გადააბარებენ, ან ოფიციალურად გაერთიანდებიან.
– “ოცნების” და ყოფილი ხელისუფლების ოფიციალური გაერთიანება გადაჭარბებული ხომ არ არის?
– რატომ არის გადაჭარბებული, ისედაც ერთად არ არიან? 2020 წლისთვის ისინი ოფიციალურად გაერთიანდებიან. არ გამოვრიცხავ, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკიც კი შექმნან. “ოცნება” და ყოფილი ხელისუფლება ერთი დიდი ფურუნკულია.
– ყოფილ ხელისუფლებაზე როცა საუბრობთ, რომელ ფლანგს გულისხმობთ, მელიასა და ბოკერიას?
– მაგათ ცალ-ცალკე არც განვიხილავ. 2020 წლისთვის ისინი “ოცნებასთან” გაერთიანდებიან.
– შარშან არაერთ ინტერვიუში თქვით, ოცნებას” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევსო. ახლა რამდენჯერმე ახსენეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. აღარ განიხილავთ ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობას?
– ვადამდელმა არჩევნებმა ამ მომენტში აზრი დაკარგა. “ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ 2020 წლამდე მიაღწიოს. ამ გუნდში საინტერესო ამბები ხდება. ყოფილმა ნაციონალმა და ახლა “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვანო ზარდიაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
წლის ბოლოს პარლამენტში “ქართული ოცნების” ბაზაზე ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა. ერთ ფრაქციას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს, მეორეს – ბიძინა გეგიძე. ზარდიაშვილს ჰკითხეს, რა მოტივით გამოეყო “ოცნებას” ეს ფრაქციებიო. ზარდიაშვილმა ამაზე უპასუხა, ენუქიძის ხალხი ეკონომიკურ ამბებს მიაწვებაო. გეგიძის ფრაქციაში, მისი თქმით, ისეთი ხალხი შევიდა, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას არ ეგუებიან.
ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და მინდა, რომ ხალხმა ამას ყურადღება მიაქციოს. “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა აღიარა, რომ მმართველი გუნდი ნაციონალებს ეგუება. ყოფილი ხელისუფლების მიმართ ანტიპათია მხოლოდ იმ 7 კაცს აქვს, რომლებიც გეგიძის ფრაქციაში არიან.
რა გამოდის, 119 კაციდან 112 ნაციონალებთან არის ალიანსში? ეს სამარცხვინო საქციელი და ქართველი ხალხის დაცინვაა.
– რატომ გაგიკვირდათ, რომ “ოცნების” დიდი ნაწილი ნაციონალებს ეგუება. ისინი ჯერ კიდევ მოქკავშირიდან მოდიან. 2012 წლამდეც ერთად იყვნენ.
– ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ მაინც გამიკვირდა. ხელისუფლების შეცვლიდან 5 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ეგუება ყოფილ ხელისუფლებას.
ჩემდა სამწუხაროდ, დამნაშავე ნაცებს პატრიოტთა ალიანსი და ირმა ინაშვილიც ეგუებიან.
– მათი შემგუებლობა რით გამოიხატება?
– ბევრი რამით. ამ დამნაშავეებს რომ არ შეჰგუებოდნენ, ნაცებთან ერთად არ ივლიდნენ კონსტიტუციის საჯარო განხილვებზე. პატრიოტთა ალიანსმა დიდი ღალატი ჩაიდინა, როცა ნაცებთან შეკრულ ქოცებს კონსტიტუცია გაუპრავა.
მოდით, ახლა ვთქვათ, რა არის ქოცების დაწერილი კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ყველაფრის ბატონ-პატრონი ერთი კაცი ხდება. კონსტიტუციის მიხედვით, ამ ერთ კაცს მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია, ყველაფერი ისე გადაწყვიტოს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.
– იმ ერთ კაცში ივანიშვილს გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა. ყველაფერი ისე მიდის, როგორც მას უნდა. ვერ ხედავთ, როგორი სისტემა შემოგვთავაზა? მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ადამიანი 2 წელიწადზე მეტ ხანს არ უნდა დარჩეს. ასე იყო ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში და ასე იქნება გიორგი კვირიკაშვილთანაც.
– ღარიბაშვილი თითქმის 2 წელი და 2 თვე იყო პრემიერი. კვირიკაშვილს რაც შეეხება, მას ეს თანამდებობა უკვე 2 წელი და 1 კვირაა, რაც უკავია.
– 2-3 თვე რა მოსატანია. ივანიშვილმა ქვეყანაში ისეთი სისტემა დაამკვიდრა, რომ პრემიერი 2 წელიწადში უნდა შეიცვალოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები 2- წლიანი პროგრამებით მოდიან. ეს ძალიან ცუდია, რადგანაც გათვლა გვაქვს მხოლოდ 2 წელიწადზე.
ასეთი რამე არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ასეთი რამე მხოლოდ აფრიკული დონის ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ვართ კიდევაც აფრიკა. აფრიკა რომ არ ვიყოთ, “დელეცი” ბიჭი ქუმსიშვილი 21-ე საუკუნეში დენს დაგვამადლიდა?! თურმე ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ახალი წლის დღეებში 24-საათიან რეჟიმში მოგვეწოდებოდა ელექტროენერგია.
თამარ ჩუგოშვილმა მორიგი უსირცხვილობა დააბრეხვა, ტარიფების გაზრდაზე უტიფრად ამბობს, რომ თურმე ეს მოსახლეობისთვის ყოფილა კარგი. დენის ფასი იმიტომ გაუზრდიათ, რომ მოსახლეობას მიაწოდონ.
ნორმალური საზოგადოება რომ ვიყოთ, ამ განცხადებებს ასე არ გავუტარებდით – ტიპები ისე განაგლდნენ, რომ 21-ე საუკუნეში წყალს გვამადლიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წყლის ქვეყანაში წყალს კატასტროფული ფასი დაადეს. ძალიან მალე ალბათ ჰაერზეც დაგვიყენებენ მრიცხველებს და ჰაერზეც დააწესებენ გადასახადებს.
ხალხისთვის ამოცლილი ფულით თავად გულაობენ. გასულ წელს დეპუტატებმა 12-ჯერ მიიღეს დანამატი. მილიონერები არიან და ამათ რამდენიმე ათასი არ ჰყოფნით, კიდევ დანამატებს იწერენ, ხალხი კი ამ დროს შიმშილით კვდება.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყოველ წელს იცვლიან მანქანებს. ან რა გართულება აქვთ ამ ჯიპებზე. ქალაქში დადიან, ტყეში ხომ არა. ბარემ ვერტმფრენები იყიდონ და იმით იმოძრაონ.
– არც ვერტმფრენების ყიდვა გაუჭირდებათ.
– ვიცი, რომ არ გაუჭირდებათ და ამიტომაც ვარ ასეთი აღშფოთებული. ხალხს პურის ფული არა აქვს და ეს უნამუსოები ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნებაში იხრჩობიან. საწვავისა და ტელეფონების ხარჯებს ხომ სახელმწიფო უფარავდათ და ახლა ნაშებსაც ჩვენი ფულით ინახავენ.
ნაშები ჰყავთ სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული, რომ მერე სახელმწიფოს ხარჯზე დაიკმაყოფილონ ვნებები. წარმოგიდგენიათ, ნაშებისთვისაც კი არ უნდათ თავიანთი ფულის გადახდა. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, საქართველოს ქვეყანა ვუწოდო. ისიც კი აღარ ვიცი, რა გავაკეთო – ბიძინა 2 ვინატრო თუ აშშ-ის მიერ საქართველოს ოკუპაცია. იქნებ ამერიკელებმა მაინც ჩამოშალონ ეს მახინჯი სისტემა.
ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. ხალხმა თუ არ გამოიღვიძა, ჩათვალეთ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, დამთავრებულია, ისევე, როგორც გიორგი გახარიას გაპრემიერების ამბავი დამთავრდა.
ადრეც არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო გახარიას გაპრემიერება. ზვიად რატიანთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ შს მინისტრმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა. მან საზოგადოების თვალში ბევრი მინუსი ჩაიწერა.
როგორც წესი, საქართველოში ყველაზე ძნელი ინტელიგენციის კეთილგანწყობის მოპოვებაა. მნიშვნელობა არა აქვს, ეს ინტელიგენცია წითელი იქნება თუ გარყვნილი. სხვა საკითხია, რატომ უწოდებს ეს ხალხი თავის თავს ინტელიგენციას. ყველაფრის მიუხედავად, მასთან დაპირისპირება ძალიან წამგებიანია.
საქართველოში ყველა ხელისუფლების ლიდერი იმაზე ჩალიჩობდა, რომ ამათი გული მოეგო. გახარია პირდაპირ კონფრონტაციაზე წავიდა.
– გახარიას რა უნდა ექნა, რატიანისთვის გინების გამო მადლობა გადაეხადა?
– მადლობა არა, მაგრამ ასე ხისტად არ უნდა მოქცეულიყო. მან დამნაშავე პოლიციელის დასჯაზე უარი თქვა. ამან საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია.
ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ გახარიას ასეთი ქმედება პოლიციელებს ძალადობისკენ უბიძგებს. რატიანს სანამ სცემდნენ, პოლიციამ მე მცემა, მაგრამ არც ამისთვის დასჯილა ვინმე. მორჩა, პოლიციამ უკვე იცის, რომ ისინი ადამიანების ცემისთვის არ დაისჯებიან და ახლა ნახეთ, რა დაიწყება.
გახარიამ სერიოზული მინუსები დაიწერა და ის პრემიერობაზე ფიქრს უნდა დაემშვიდობოს.
– იქნებ არც ფიქრობდა პრემიერობაზე?
– ძალიან კარგადაც ფიქრობდა. ეს ამბავი ბიძინას დონეზე იყო შეთანხმებული.
– ბიძინას დონეზე თუ იყო შეთანხმებული, რა მნიშვნელობა აქვს, პლუსები დაიწერა გახარიამ საზოგადოებასთან თუ მინუსები.
– ბიძინას საზოგადოების განწყობა საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ პოეტი რატიანის ცემის ამბავმა ისიც გააღიზიანა.
– საიდან იცით, რომ გააღიზიანა?
– ამ ადამიანის ბუნება ვიცი კარგად. ის ლიბერალია და ასეთი რამეები არ უყვარს. აქედან გამომდინარე, გახარია უნდა დაემშვიდობოს ოცნებას პრემიერობაზე და იძახოს ახლა, ბერია ვარ, ბერიაო, არაფერი გამოუვა.
რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, ივანიშვილმა პრემიერობის ახალი კანდიდატურა უკვე შეარჩია. ახლა მთავრობის მეთაურის პოსტზე ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე განიხილება.