გიორგი ტაბიძე: “დედაჩემი ჩიკასგან რადიკალურად განსხვავებულია”

გიორგი ტაბიძე: “დედაჩემი ჩიკასგან რადიკალურად განსხვავებულია”დამწყები მსახიობი გიორგი ტაბიძე ქუჩაში მიდიოდა, როცა დაურეკეს და უთხრეს, რომ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” როლზე დაამტკიცეს და მას ჩიკას შვილის, სანის, როლი უნდა ეთამაშა. 21 წლის მსახიობმა მეამბოხე ბიჭის სახის შექმნასაც კარგად გაართვა თავი და პარტნიორებთან ურთიერთობასაც. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ცხოვრება სანის ცხოვრებისგან ძალიან განსხვავებულია, თავის გმირს კარგად უგებს.

გიორგი ტაბიძე:

– ასეთ პოპულარულ სერიალში თამაშის დიდი სურვილი არ მქონია, მერჩივნა, მეტი გამოცდილება დამეგროვებინა. ჩვეულებრივად კასტინგზე ვიყავი. 2 კვირის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში მივდიოდით, როცა უცხო ნომრით დამირეკეს. უეჭველად “ჩემი ცოლის დაქალებიდან” იქნებიან-მეთქი, ვიხუმრე და მართლაც ასე აღმოჩნდა. ძალიან გამიხარდა, არც ველოდი, რომ დამირეკავდნენ.

_ რას ფიქრობთ თქვენს პერსონაჟ სანიზე, რა კატეგორიის ახალგაზრდაა?

– დიდად მოსაწონი ბიჭი არ არის, მაგრამ რაღაც მომენტებში ვამართლებ. არ მომწონს, მშობლებს თავხედურად რომ ესაუბრება, მაგრამ მას თავისი სიმართლეც აქვს. უნდა, რომ გაღორებული ბიზნესმენები გაამწაროს, რადგან ისინი ხალხს ამწარებენ. უნდა, რომ მათ ისე მოექცეს, როგორც ისინი სხვებს ექცევიან. ამბობენ, სანი ძალიან ბილწსიტყვაობსო, მაგრამ, მე მგონი, ამ პერსონაჟს ეს უხდება.

_ თქვენს ხასიათთან, ბუნებასთან ახლოს დგას სანი?

– არაფრით. მე სულ სხვანაირი ცხოვრება მაქვს, სანის – სხვანაირი. არასდროს გამჩენია სურვილი, რომ რაღაც დაჯგუფების უფროსი ვყოფლიყავი. მირჩევნია, ჩემთვის, წყნარად მეგობრებთან ერთად ვიყო და არაფერი გავაფუჭო. არც ბიზნესმენებს ვერჩი. ალბათ თავიანთი შრომით იშოვეს ფული.

_ როგორ ფიქრობთ, სანი ასეთად იმიტომ ხომ არ ჩამოყალიბდა, რომ მშობლებს მისთვის არასოდეს ეცალათ, მათთან ურთიერთობის დეფიციტი ჰქონდა?

– ზუსტად ეს უნდა მეთქვა. მშობლები გაშორებულები არიან. არც მამას სცალია მისთვის და არც დედას. დედა მეორე ქმართან ერთად ცხოვრობს, სანი კი ბებიასთანაა წყნეთში. ფული აქვს, ძალიან განებივრებულია, მაგრამ მშობლების მზრუნველობა აკლია. ალბათ ამან განაპირობა, რომ ახალი მეგობრები შეიძინა და სხვა იდეებზე გადაერთო. როცა არავინ გეუბნება, რა გააკეთო, რა არის ცუდი და კარგი, მერე ალბათ შენ თვითონ საზღვრავ ცუდსა და კარგს.

ფული როცა გაქვს, რაც გინდა, იმას აკეთებ. მდიდარი ბავშვები ძირითადად ყველაფერს სინჯავენ, ადრეულ ასაკში ნარკოტიკების მოხმარებასაც იწყებენ. კარგია, რომ ჩემს პერსონაჟ ეს პლუსი მაინც აქვს, ასეთი რაღაცებისგან შორს არის. ქუჩასთან ახლოსაა, მაგრამ “ბაბულიკებს” არ ჰგავს.

_ თქვენს მშობლებსა და მათთან ურთიერთობაზე გვიამბეთ.

– დედაჩემი ჩიკასგან რადიკალურად განსხვავებულია. არ არის ნარცისი, ვიღაცებს არ დასცინის და ა.შ. დედაჩემი სულ სხვანაირია – ძალიან თბილი, მოსიყვარულე დედაა. სანი მამას არც ნახულობს, საერთოდ არ აქვს ურთიერთობა, მე კი მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, მამასთან ყოველდღიური, თბილი ურთიერთობა მაქვს. დედ-მამას ისე არ ველაპარაკები, როგორც სანი ელაპარაკება.

_ და-ძმა გყავთ?

– კი, მყავს ძმა, რომელმაც ცოლი მოიყვანა და ცალკე ცხოვრობს.

_ თქვენს პარტნიორ ანი ჩირაძესთან, ჩიკას როლის შემსრულებელთან, როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?

– საქმიანი, საინტერესო ურთიერთობა გვაქვს. პირველ სცენას კაფეში ვიღებდით. შემოვიდა თუ არა, მაშინვე ის იკითხა, ჩემს “შვილს” ვინ თამაშობსო. მერე ჩემკენ გამოქანდა, შემომხედა, დამაკვირდა და კმაყოფილება დაეტყო სახეზე.

პირველ დღეს კარგად ვერ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ შემდეგ ეს მოვახერხეთ. ანი კარგი ადამიანია, ვცდილობთ, იმპროვიზაციები ერთმანეთს კარგად შევუთანხმოთ. სანამ გადაღებას დავიწყებთ, რეპეტიციასაც გავდივართ.

ანის სულ უნდა, რომ ვიღაცასთან იყოს ურთიერთობაში, ვიღაცას ესაუბროს. აქტიური ადამიანია, რაც მომწონს. არ ჰგავს ჩიკას, რომელიც ქედმაღალი, ნარცისი ქალია.

_ სერიალში ძალიან აქტუალურია ვერა-ვაკისა და თბილისის გარეუბნების თემა. თქვენთვის აქვს მნიშვნელობა, რომელ უბანში ცხოვრობთ?

– არასდროს მქონია ამაზე გართულება. ძალიან ბევრი უბანი გამოვიცვალე, ამჟამად ორთაჭალაში ვცხოვრობ. ისე მთაწმინდაზე დავიბადე და გავიზარდე.

_ სწავლისა და სერიალში თამაშის გარდა, რაიმე საქმით ხართ დაკავებული?

– ბოლო დროს სხვა რაღაცებისთვის ვეღარ ვიცლი. როცა დრო მქონდა, პატარ-პატარა პიესებს ვწერდი. მინდა, წერა ისევ გავაგრძელო.

_ მხოლოდ პიესებს წერთ?

– დიახ. სცენარისტობა ყოველთვის მიზიდავდა. მე და ჩემს სამეგობროს იდეა გვაქვს, რომ სცენარი დავწეროთ და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღოთ.

_ სერიალმა ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი შეგძინათ.

– კი, მომიმრავლა. სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი მწერს თბილ სიტყვებს. თუ ხალხს არ უყვარხარ, ვერც მსახიობი იქნები, ვერც მუსიკოსი.

_ როგორი გოგონები მოგწონთ?

– ისეთი, პირველივე ნახვის შემდეგ რაღაც საინტერესოს რომ დაგიტოვებენ. ზედმეტად აქტიური გოგოები არ მიყვარს. მირჩევნია, ისეთ გოგოსთან დავიჭირო ურთიერთობა, რომელსაც თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა არ აქვს, ცხოვრება იცის, განათლებული და ჭკვიანია.

ეკა ლემონჯავა, სარკენიუსი