ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი მანიფესტანტების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული გაზეთი Alquds Al-Arabi იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი ქალაქ ბუშერში საჯარო გამოსვლისას ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ახმადინეჯადის დაკავების ფაქტს ებრაული გამოცემა Times of Israel-იც ადასტურებს. გაზეთის ინფორმაციით, ბუშერში გამოსვლისას ახმადინეჯადიმ ხელისუფლებას ხალხის პრობლემების იგნორირება დააბრალა.
მისი გამოსვლა თეირანში საპროტესტო გამოსვლების წახალისებად შეაფასეს და ექსპრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ირანის ექსპრეზიდენტის დაკავების ფაქტი ოფიციალურ დონეზე ამ დრომდე არ დასტურდება. მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში 28 დეკემბერს დაიწყო. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული. ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა.
იმედინიუსი

