“რუსეთი საპრეზიდენტო კანდიდატს ლევან ვასაძესთან და მეუფე შიოსთან ერთად შეარჩევს”

"რუსეთი საპრეზიდენტო კანდიდატს ლევან ვასაძესთან და მეუფე შიოსთან ერთად შეარჩევს"რატომ არ იხსენიებს რუსეთის პატრიარქი ილია II-ს სრული ტიტულით, რა დოზით ჩაერევა მოსკოვი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რა რისკების წინაშე დგას საქართველო, რა უნდა გაითვალისწინოს პანკისის მოსახლეობამ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.

გოჩა მირცხულავა:

– პანკისთან დაკავშირებით ყველას სიფრთხილე გვმართებს. გამოძიების დასადგენია, რამდენად არიან კავშირში ტერორიზმთან სუსის მიერ დაკავებული პირები. იმ მასალიდან, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოადგინა, იკვეთება, რომ დაკავებულ პირებს ჩატაევის გარემოცვასთან რაღაც შეხება ჰქონდათ.

ეჭვები იმან გააჩინა, რომ სუსმა თავიდანვე წელში გამართული ინფორმაცია არ მიაწოდა საზოგადოებას. გარკვეულ კითხვებს აჩენს სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის მიმართ დამოკიდებულებები.

ჩვენ ვხედავთ, რომ დაჭრილზე ზრუნავს ოჯახი. არადა, წესით, დაჭრის შემდეგ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მასზე. მართალია, ეს ახალგაზრდა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მასთან პალატაში შესვლა და მისი მონახულება მკაცრად უნდა იყოს რეგლამენტირებული.

ბევრი კითხვა დაისვა, თუ რამდენად კვალიფიციურად ჩატარდა სპეცოპერაცია. ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ სპეცრაზმი საკმაოდ კარგად მოქმედებდა – მათ 4 ეჭვმიტანილი გართულებების გარეშე აიყვანეს. ძალიან ცუდი ფაქტია თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრა, მაგრამ ასეთი რაღაცები სპეცოპერაციების დროს ხშირად ხდება.

ვისარგებლებ შემთხვევით და აღელვებულ პანკისელებს ერთ რამეს ვეტყოდი, ისინი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები არიან და ამ ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვან.

– თქვენი აზრით, განცხადებები, რაც პანკისში კეთდება, სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება?

– უმჯობესია, თუ პანკისელები უფრო მეტად დაიცავენ საქართველოს ინტერესებს. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე წლები, როცა პანკისში ბევრი ცუდი ამბავი ხდებოდა. იქ ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ბნელი ძალები მათ თავიანთი ინტერესებისთვის იყენებდნენ.

გვახსოვს წლები, როცა პანკისი ორგანიზებული დანაშაულის ბუდედ იყო ქცეული და იქ შესვლა შეუძლებელი იყო. ფულის გამოძალვის მიზნით მოტაცებულ ადამიანებს სწორედ პანკისში მალავდნენ. ამაში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად პანკისელებიც იყვნენ ჩართული.

ამ კუთხეში ბევრი წესიერი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი წლების მანძილზე ამ უკანონობას ითმენდნენ. ჩვენ არ გვინდა ძველი დროის დაბრუნება. ამიტომაც მოვუწოდებ პანკისელებს, რომ პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებზე იფიქრონ.

– არის ძველი დროის დაბრუნების საშიშროება? ისევ შეიძლება აირიოს პანკისი?

– ჩვენ გვყავს მეზობელი, რომელიც საქართველოზე დიდი ხანია კბილებს ილესავს. ის დიდი ხანია ცდილობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაჭრელად ლეგიტიმაცია მოიპოვოს. ეს ყველაზე უკეთესად შეიძლება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით მოხდეს.

კარგი იქნება, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე არ ილაპარაკებენ. მათაც ჩაატარეს 2012 წელს ლაფანყურის სპეცოპერაცია. მაშინდელი ხელისუფლება პანკისზე აცხადებდა, რომ იქ იყო ტერორიზმის ბუდე.

ლაფანყურის სპეცოპერაცია გამოძიებულია, მაგრამ იქ არის სახელმწიფო ინტერესები და ამიტომ არ გახსნა ფრჩხილები “ქართულმა ოცნებამ”.

– ფიქრობთ, რომ ამ მიზეზით არ მოხდა გამოძიების შედეგების გასაჯაროება?

– ალბათ ამიტომ. თავი დავანებოთ გარკვეულ ნიუანსებს, ჩემი ინფორმაციით, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ შეიძლებოდა დიდი პროვოკაცია მოწყობილიყო. იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც სპეცოპერაცია ჩატარდა, შესაძლოა საქართველოს მიმართ ძალიან კარგი ზრახვები ჰქონდათ, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას თუ შეეცდებოდნენ, იქ სერიოზული პროვოკაცია მოხდებოდა.

მაშინ საქართველო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ისიც კარგად მესმის, რომ პანკისელები ერთმანეთს ენდობიან, მაგრამ არის სახელმწიფო ინტერესები და არის გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და მერე ვილაპარაკოთ.

რამდენადაც ვიცი, გამოძიებაში ჩართული არიან ჩვენი პარტნიორებიც და ამიტომ არ მგონია, რომ ზედმეტ გადაცდომებს ჰქონდეს ადგილი. რამდენად სწორად დაიგეგმა ეს ოპერაცია, არ ვიცი, მაგრამ თემა ნამდვილად სათუოა. ამიტომ ყველა პოლიტიკოსს ვურჩევ, რომ ამ თემით მანიპულირებას თავი დაანებონ. ახლა პანკისზე ქულების დაწერა არ შეიძლება.

დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება სიმშვიდე და არაფრით არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს შინაურ საქმეებში გარე ძალები ჩაერიონ.

– მაშინ, როცა ჩვენ გარშემო სულ არეულობაა და ქვეყანაშიც მძიმე სოციალური ფონია, შევინარჩუნებთ მშვიდობას?

– ჩვენ ამ წუთას ერთი უპირატესობა გვაქვს – აქ პოლიტიკური რყევები უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ჯერ ვერ მივიდა იმ დონემდე, რომ თავისი სოციალური ინტერესები დაიცვას. ყოველ შემთხვევაში იმას ვერ ვახერხებთ, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად დავირაზმოთ.

ეს ნებისმიერი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. მათ იციან, რომ საქართველოში სოციალური პროტესტი მოსალოდნელი არ არის. საქართველოში არ არის ძალა, რომელიც ხალხს სოციალური მოთხოვნებით დარაზმავს. აქედან გამომდინარე რაღაც მნიშვნელოვან არეულობას არ ველოდებით, ისეთი რამე ნამდვილად არ მოხდება, რასაც ხელისუფლების ცვლილება მოჰყვება.

ჩვენ გარშემო შეიძლება კიდევ იყოს სოციალური მოთხოვნებით გამოსვლები, მაგრამ ეს ჩვენ არ გადაგვედება. ქართველები, ცოტა არ იყოს, უცნაური ხალხი ვართ. იმპულსურები ვართ და რა იქნება ჩვენი აფეთქების მიზეზი, თავადაც არ ვიცით.

– ეს ასეა, მაგრამ სოციალურ თემებზე აფეთქება კი არა, გარეთ გამოსვლაც გვიჭირს.

– საქართველოში ადამიანები ფიქრობენ, რომ ის პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ, სხვებსაც აწუხებს და ეს საერთო გაჭირვებაა. რამდენიმე ძალამ სცადა სოციალური მოთხოვნებით ხალხის ქუჩაში გამოყვანა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ახლაც ასე იქნება და ხალხი სოციალური მოთხოვნებით არ გამოვა ქუჩაში. ჩვენი საზოგადოების პროტესტის მიზეზი, შესაძლოა, ხელისუფლების სერიოზული შეცდომა გახდეს.

ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს და ყველაფერია მოსალოდნელი. ამ თემის უტრირება არ მინდა, მაგრამ გასული წლის დამლევს, პრემიერმა კვირიკაშვილმა ნიკა მელიას კი არ აგინა, არამედ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს. საუბარია 500.000 ადამიანზე. ქუჩაში არც ეს ნაგინები ხალხი არ გამოსულა.

საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა ვერც ჩადებებმა და მომატებულმა კრიმინალმა გამოიწვია. ჩემი აზრით, საზოგადოება აუცილებლად გამოვა ქუჩაში, თუ ხელისუფლება ისეთ დათმობებზე წავა, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს დააზიანებს.

– რუსეთის მიმართ დათმობებზე საუბრობთ?

– შესაძლოა, რუსეთის მიმართ იყოს დათმობა, შესაძლოა, სახელმწიფოს საზიანო ნაბიჯი იყოს. ასეთი რამე ნამდვილად გააერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. ასეთ შემთხვევაში აპოლიტიკური საზოგადოებაც კი გამოვა ქუჩაში.

რა იქნება ეს გამაერთიანებელი ფაქტორი, ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვენ ძალიან უცნაური ხალხი ვართ. ყველა ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ პროტესტის გამოსახატად ქუჩაში არავინ გამოვიდა.

– წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ელოდებით ახალი მესიის გამოჩენას?

– სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დაველოდები, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საპატრიარქოში. მე ერთ-ერთ ინტერვიუში გითხარით, რომ პატრიარქი არც 25 დეკემბერს და არც 4 იანვარს არ გადადგებოდა. ამის მიზეზად დავასახელე, რომ საპატრიარქოში ჯერჯერობით ვერ ლაგდება სიტუაცია. იქ სიტუაცია ისევ დაულაგებელია.

საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთს აუცილებლად ეყოლება თავისი კანდიდატი. იმაზე საუბრით თავს ნუ გამოვიდებთ, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერევიან. საქართველოში კი არა, აშშ-სა და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება რუსეთის კანდიდატი, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ.

– საპატრიარქოში არსებული ვითარების დალაგება და რუსეთის კანდიდატი ერთად ახსენეთ. შემთხვევით ეს კანდიდატი ლევან ვასაძე ხომ არ იქნება? ის საპატრიარქოსთანაც ახლოს არის და რუსეთთანაც. ის პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს, მეგობარია.

– თავად ბატონი ვასაძე თუ უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, კანდიდატურა მასთან და მეუფე შიოსთან იქნება შეთანხმებული. ამ ადამიანს საპატრიარქოს რუსული ფრთა დაუჭერს მხარს. კანდიდატს ვასაძე დააფინანსებს. ეს ფული სინამდვილეში რუსული ფული იქნება.

– მეუფე შიოს და ლევან ვასაძის ახლო მეგობარია საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა ის არ არის რუსეთუმე. აქედან გამომდინარე, ალბათ მათგან მისი კანდიდატურის შერჩევა არ მოხდება.

– ჯერ ისიც არაა გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა ის მეორედ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამასთან, მან არ ითამაშა პოლიტიკურ ნიუანსებში მეუფე შიოს თამაში. მარგველაშვილი პრაგმატულია და იცის, საქართველო საით უნდა წავიდეს. რუსული განათლება აქვს, მაგრამ რუსეთის პოლიტინტერესების მიმართ აღმატებული დამოკიდებულებით არ გამოირჩევა. ამიტომ ის რუსეთს არ გამოადგება. სხვა კანდიდატურას მოძებნიან. ბატონი ვასაძე არ ითავხედებს და თავად არ დააყენებს კანდიდატურას, თუმცა ეს კანდიდატი მასთან და მეუფე შიოსთან იქნება შეთანხმებული.

– რუსეთის პატრიარქმა ილია II-ს დაბადების დღეც მოულოცა და აღსაყდრების 40 წლის იუბილეც, მაგრამ არც ერთ მისალოცში ის სრული ტიტულით არ მოიხსენია, რაც შემთხვევითობა ნამდვილად არ იქნება.

– რა თქმა უნდა, შემთხვევითობასთან არ გვაქვს საქმე. კირილს ჩვენი პატრიარქის სრული ტიტულით მოხსენიებაში ხელს აფხაზეთის ფაქტორი უშლის. ილია II ასევე არის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის წინამძღვარი. კირილისთვის და რუსეთისთვის ცხუმ-აფხაზეთის ხსენებაა მიუღებელი.

რუსეთს აფხაზეთში ხელდასმული მღვდელმთავრები ჰყავს. მეორე ფრთასთან აქვს პრობლემა. ეს იმის დადასტურებაა, რომ მოსკოვი აფხაზეთის ეკლესიას ირიბად ცნობს, ჩვენ კი გვეუბნება, რომ აფხაზეთის ეკლესიას საქართველოს შემადგენლობაში აღიარებს.

ოფიციალურ მოსკოვს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს. კირილი არ წავა კრემლის წინააღმდეგ. ამიტომაც არ მოიხსენია ილია II ცხუმ-აფხაზეთის სულიერ ლიდერად. ეს ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ აფხაზეთი საქართველოა.

ეფესბეს მიერ პატრიარქად აღსაყდრებული კომბინატორის პოზიცია გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რატომ უყურებს ამას ასე მშვიდად ჩვენი სინოდი. რატომ არავინ გამოთქვა პროტესტი.

– სინოდის წევრებს არც იმაზე გამოუთქვამთ პროტესტი, რომ რუსეთის საპატრიარქო ცხინვალში რუსულ ეკლესიას აშენებს.

– ეს არის დათმობითი პოლიტიკა. ამაზე სინოდმა აუცილებლად უნდა ამოიღოს ხმა. სინოდმა მთელ მართლმადიდებლურ სამყაროსაც უნდა მიმართოს და რუსეთისგანაც მოითხოვოს განმარტებები.

– თქვენი აზრით, რატომ არ აკეთებს ამას სინოდი?

– ის პოლიტიკა, რომ დათვი თუ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო, უგუნურებაა. ამის ლაპარაკი სისულელეა. გადაშალონ ბიბლია და წაიკითხონ, კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ რაზე წერია.

შემთხვევით არ ვსაუბრობ ხოლმე საპატრიარქოში რუსულ გავლენებზე. ეპისკოპოსების ნაწილი რუსეთთან ვალშია. გარდა იმისა, რომ მოსკოვიდან ძღვენს იღებენ, რუსებს მათზე კომპრომატებიც აქვთ. ამიტომაც არაფერს არ ლაპარაკობენ რუსეთის წინააღმდეგ.

თუ რუსეთს გავემიჯნებით, მაშინ დღის წესრიგში დავაყენებთ ჩვენს ადგილს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელიც რუსეთს აქვს დაკავებული და ამის გამო გვჩაგრავს.

იბადება კითხვა, ვის უნდა მიმართოს ქართულმა ეკლესიამ მხარდაჭერისთვის – მართლმადიდებელ საეკლესიო იერარქებს თუ მსოფლიო პატრიარქს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით გადააგდეს კრეტაზე. კრეტაზე, მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წაუსვლელობით, საქართველოს საპატრიარქომ რუსული საქმე გააკეთა.

ამაზე მრევლმაც უნდა მოითხოვოს პასუხი.