შსს-ს მაღალჩინოსანი ოთარ ტატალაშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვის 500 ლარით დააჯარიმეს

შსს-ს მაღალჩინოსანი ოთარ ტატალაშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვის 500 ლარით დააჯარიმესშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი ახალციხეში გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეამოწმეს, რის შედეგადაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლომ ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმა და უფლებამოსილება შეუჩერა.

როგორც შსს-ში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ტატალაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. მას 45–ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს უკანონო ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე.

„გენერალურმა ინსპექციამ სასამართლოს სწორედ ამ მუხლით მიმართა და ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს“, – განაცხადეს შსს-ში.

მათივე ცნობით, გენერალური ინსპექციის დასკვნის დაწერის შემდეგ ოთარ ტატალაშვილს უფლებამოსილება შეუწყდება. ოთარ ტატალაშვილი სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას არ აპირებს.

რეგინფო