სოფო გელოვანი: “რთულია, იყო კარგი დედა, კარგი მომღერალი და კარგი მეუღლე”

სოფო გელოვანი: “რთულია, იყო კარგი დედა, კარგი მომღერალი და კარგი მეუღლე”მომღერალ სოფო გელოვანის შემოქმედებით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დგას. ის “სარკეს” უყვება, რომ მუსიკოს მიშა მდინარაძესთან ერთად ახალ სიმღერებს წერს. ოჯახური ცხოვრება კი ქმართან, ნოდი ლანდიასთან ერთად მშვიდად მიედინება. ცოლ-ქმარი ორ შვილს, დათას და აკას, ზრდის და თავიანთ სიყვარულს ისევე უფრთხილდებიან, როგორც 11 წლის წინ, როცა ოჯახი შექმნეს.

სოფო გელოვანი:

– ახალ ალბომზე დავიწყე მუშაობა, ახალი სიმღერა ჩავწერე, რომლის სატელევიზიო პრემიერაც ახლახან შედგა. ამას გარდა, მე და მიშა მდინარაძემ დავიწყეთ თანამშრომლობა, სიმღერებს ერთად ვწერთ.

– გული არ გწყდებათ, ახალი წლის შემოსვლას ოჯახში, შვილებთან ერთად რომ არ ხვდებით ხოლმე?

– ამასაც ერთგვარი ხიბლი აქვს, მაგრამ, როცა ოჯახს, ბავშვებს აკლდები, გულდასაწყვეტიც არის. ხშირ შემთხვევაში მეუღლე ჩემთან ერთად არის, ბავშვები – ბებია-ბაბუებთან.

– საახალწლო სუფრას თქვენ ამზადებთ?

– ამით დედა და დედამთილი მანებივრებდნენ, ჩემთვისაც მოაქვთ გოზინაყი, საცივი და ა.შ. სხვათა შორის, საცივი არასოდეს მომიმზადებია. სამზარეულოსთან ვმეგობრობ, მაგრამ ახალი წლის სუფრასთან – ნაკლებად.

– თქვენი ოჯახური ცხოვრებაც განსაცდელების, დაშორება-გაშორების გარეშე მიდის. თქვენი აზრით, გარდა სიყვარულისა, რისი დამსახურებაა ეს?

– ხშირად მესმის, რომ ძალიან რთულია ადამიანს პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად ჰქონდეს და კარიერაშიც. როცა შენს მეუღლეს ხან სხვა ქვეყანაში აქვს კონცერტი და იქ მიფრინავს, ხან გვიან ღამე მოდის სახლში, ხან ჩაწერები აქვს, არაორგანიზებულად, ქაოსურად ცხოვრობს, ამ ყველაფრისთვის მარტივად შეხედვა ადვილი არ არის.

მე გამიმართლა, ნოდი არის ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრით თვითონაც დიდ სიამოვნებას იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შენი მეორე ნახევარი სიამოვნებას იღებს იმისგან, რაც შენ გაბედნიერებს.

– 11 წელია, რაც ცოლ-ქმარი ხართ და ისევ დიდი სიყვარულით საუბრობთ თქვენს მეორე ნახევარზე. რა გეხმარებათ, რომ ეს გრძნობები არ გახუნდეს?

– გარშემო ბევრი პრობლემა, განსაცდელია და მარტივი არ არის ამდენი წელი ორი ადამიანის ერთად ცხოვრება, მაგრამ გამოსავალი საუბარია, უნდა იცოდე, რა მოსწონს, რა უყვარს და ყველაფერი გაითვალისწინო.

ცოლ-ქმარს შორის აუცილებელია პატივისცემა. ხშირად ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა არ აქვთ, რაც ურთიერთობას აუბრალოებს. როცა შენს მეუღლეს პატივს სცემ, აფასებ, უფრთხილდები, სიყვარულიც და ოჯახიც სხვანაირია. მხოლოდ სიყვარული არ კმარა. წინ დახვედრილ ბევრ განსაცდელს წყვილი ერთად რომ გადაიტანს, ერთად ძლიერდება.

მე და ნოდი ერთად გავიზარდეთ, რადგან, როცა ოჯახი შევქმენით, პატარები ვიყავით. ნოდიმ ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა, ჩემგანაც რაღაცები ისწავლა.

ძალიან რთულია, იყო კარგი დედა, კარგი მომღერალი და კარგი მეუღლე. ერთ რაღაცას რომ აკეთებ, მეორე არ უნდა გააფუჭო. მეორეს რომ აკეთებ, მესამე არ უნდა გააფუჭო. რაღაცნაირად ვცდილობ, ეს ყველაფერი ერთმანეთში დავალაგო.

– ამბობენ, წლებთან ერთად რომანტიკაც ქრებაო. თქვენ ამასაც გაუძელით?

– მე ნაკლებად ვარ რომანტიკული, ნოდის დამსახურებაა, რომ ჩვენს ურთიერთობას რომანტიკა სულ თან სდევს, ამ ყველაფერს თვითონ აფერადებს.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”