დავით ქმოსტელის მკვლელობის ბრალდებით ლევან ყანდორელაშვილი დააკავეს

დავით ქმოსტელის მკვლელობის ბრალდებით ლევან ყანდორელაშვილი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ლომთათიძის ქუჩაზე მომდარი მკვლელობის შესახებ ისაუბრა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი, რომელმაც, შურისძიების მოტივით, დავით ქმოსტელს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა

– ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ჩადენილი დანაშაული 7დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვალს წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით 1980 წელს დ. ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით სხეულის მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე სააათში თბილისში დააკავეს, – განაცხადა ჭელიძემ.

ბრალდებულის ძმა პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ძმა ლევან ყანდორელაშვილი უდანაშაულოა.

გურამ ყანდორელაშვილის თქმით, მის ძმას ოჯახის წევრების დაკავებით ემუქრებოდნენ, თუ ის ბრალს არ აღიარებდა.

– ეს საქმე არის შეკერილი. უდანაშაულოები არიან ერთი თუ მეორე. სანამ დააკავებდნენ, ორივე მათგანს იქამდე, ჩვენს სახლებში, ამ ორი პიროვნების ოჯახში შემოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები ყველანაირი საბუთის გარეშე, გვაყენებდნენ ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ცალ-ცალკე მანქანაში ჰყავდათ და მათ აწვდიდნენ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ ვიყავით დაკავებულები და, თუ ისინი ბრალს არ აღიარებდნენ და ანუ არ დაიბრალებდნენ დანაშაულს, მაშინ ჩვენ პრობლემა შეგვექმნებოდა, – განაცხადა გურამ ყანდორელაშვილმა.

ყანდორელაშვილის ადვოკატი სულხან კომახიძე უზუსტობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სიცრუეა შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლევან ყანდორელაშვილი და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი – გიგა ჭრელაშვილი – თბილისში დააკავეს, ადვოკატი აცხადებს, რომ ამ პირების დაკავება სოფელ აღაიანში, ჭრელაშვილის სახლში მოხდა.

– ლევან ყანდორელაშვილის დაკავება თბილისში არ მომხდარა, ის დააკავეს გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე დაკავების ოქმია შედგენილი. მთელი დღის განმავლობაში ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში და მე, მის ადვოკატს, არ მეძლეოდა მასთან შეხვედრის საშუალება.- განაცხადა სულხან კომახიძემ.

მისი თქმით, მან თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ შეძლო.

ნიუპოსტი