თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე დავით ქმოსტელის მკვლელობაში ბრალდებულებს – ლევან ყანდირელაშვილს და გიორგი ჭალელიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის ინფორმაციით, ლევან ყანდირელაშვილი და გიორგი ჭალელიშვილი არაერთ საქმეზე არიან ნასამართლევი და ამჟამადაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.
– ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიებად მოითხოვა დაპატიმრება, ვინაიდან არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მიმალვის საფრთხე. ბრალდებულები არიან არაერთგზის ნასამართლევი. ამ ეტაპზე იმყოფებიან პირობითი მსჯავრის ქვეშ და შესაბამისად, სხვა საქმეზეც მიმდინარეობს მათ მიმართ განხილვა, სადაც ორივე ბრალდებული მხილებულია ერთი დანაშაულის ჩადენაში, – განაცხადა პროკურორმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
დაცვის მხარე კი ლევან ყანდირელაშვილს და გიორგი ჭალელიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებს.
ამის შესახებ გიორგი ჭალელიშვილის ადვოკატმა, მერაბ წკრიალაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარეს ახლა ნულიდან დაწყება მოუწევს, ვინაიდან დაცვის განხორციელების საშუალება გვიან გახდა შესაძლებელი.
– რაც შეეხება დენთის კვალს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხაზს უსვამს, რომ მისი მხრიდან ამოღებული დენთის კვალი არის მისი ნების საწინააღმდეგოდ გაკეთებული. ამაზე ვაპირებთ რეაგირების მოხდენას. მისი სურვილით და ნებით ნიმუშები არ გადაუციათ, გააკავეს და ისე აიღეს ნიმუში, – განაცხადა ადვოკატმა.
მეორე დაკავებულის, ლევან ყანდირელაშვილის ადვოკატის ინფორმაციით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაცვის უფლება შეეზღუდა.
– ლევანს ჰყავდა ადვოკატი ჩემი სახით და უნდა შევეშვით მასთან. ხორციელდებოდა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ახორციელებდნენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, რისი უფლებაც ბრალდების მხარეს არ ჰქონდა, – განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ყ.-მ, თანმხლებ პირთან – გ.ჭ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 1988 წელს დაბადებული ლ.ყ. თბილისში, ხოლო 1994 წელს დაბადებული გ.ჭ. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტერპრესნიუსი