საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰერბერტ როილს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შეხვედრაზე ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მხარეებმა მთავრობის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიასა და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ნინო ჯავახაძემ ხაზგასმით აღნიშნა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების საჭიროება და ჰერბერტ როილს მემორანდუმის ტექსტი პირადად გადასცა.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გერმანიაში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება. ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს ინფორმაცია მიაწოდა ევროპოლთან მარტში დაგეგმილი მემორანდუმების გაფორმების შესახებ, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.
ჰერბერტ როილმა ქართული მხარის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ინიციატივები მოიწონა და მემორანდუმის გაფორმების პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვესტფალიის ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.
2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა – 1570-მდე გაიზარდა.
ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებაც მოითხოვა.
მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვარის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
იმედინიუსი

