“ის ხალხი, რომელიც სეპარატისტებს შიშის ზარს სცემდა, “ქართულმა ოცნებამ” ციხეში გამოკეტა”

"ის ხალხი, რომელიც სეპარატისტებს შიშის ზარს სცემდა, "ქართულმა ოცნებამ" ციხეში გამოკეტა"ვისი და რატომ ეშინოდათ სეპარატისტებს, რატომ დააპატიმრეს ის ხალხი, რომლისაც ცხინვალში და სოხუმში ძალიან ეშინოდათ, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში? – ამ თემებზე “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.

ზვიად კუპრავა:

– ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში აფხაზ და ოს სეპარატისტებს შიშის ზარს სცემდნენ, “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ციხეში აღმოჩნდნენ. “ახალი თაობის” რამდენიმე ნომერში დაიბეჭდა მასალები ალიკა სამუშიაზე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სასწაულებს ახდენდა. ალიკა სამუშია და სხვა ბიჭები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებდნენ და მაშინ სახელმწიფოც თავის სიმაღლეზე იდგა. ოკუპირებულ რეგიონებში თუ რომელიმე ტვინგახურებული სეპარატისტი რამეს გაბედავდა, ყველა ადეკვატურ პასუხს იღებდა. ჩვენი სპეცსამსახურები მათ მართლა შიშის ზარს სცემდნენ.

– ეს რით გამოიხატებოდა?

– არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადადიოდნენ და იქ ხალხს ხოცავდნენ, მაგრამ აფხაზი და ოსი სეპარატისტები თუ რამე პროვოკაციას მოაწყობდნენ, ისინი ამის საფასურს გადაიხდიდნენ.

გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ ბათუმში მომხდარი ტერაქტი, რომლის დროსაც სამაშველო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაიღუპა. აფხაზებმა პიკაპი აგვიფეთქეს. ჩვენმა უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ ეს აფეთქება განახორციელა ცნობილმა აფხაზმა ბოევიკმა ვოლმერ ბუთბამ.

– ბუთბა ბათუმში როგორ აღმოჩნდა?

– მან ეს თავისი არხებით გააკეთა და მის მიერ მოწყობილ ტერაქტს ახალგაზრდა შეეწირა. ამაზე საქართველოს სახელმწიფოს ასეთი რეაქცია ჰქონდა – ტერაქტიდან ძალიან მალე ვოლმერ ბუთბა და მისი თანამზრახველი კვეკვესკირი გალის ცენტრში სამაგალითოდ დაისაჯნენ.

მათი დასჯა იყო მესიჯი ყველა სეპარატისტისთვის, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაუსჯელი არ დარჩებოდა.

მინდა, თქვენს მკითხველს შევახსენო, ვინ იყო ვოლმერ ბუთბა. მას უძლეველის იმიჯი ჰქონდა და აფხაზ სეპარატისტებში დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ის ქართველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა როგორც ომის დროს, ასევე მისი დასრულების შემდეგაც. აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლებისგან ორმაგი გმირობა ჰქონდა მინიჭებული. გმირის წოდება ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღო.

ვოლმერ ბუთბას ლიკვიდაციის შემდეგ აფხაზი სეპარატისტები დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ თუკი ამ ადამიანს ასე გაუსწორდნენ, იქ არც სხვა დარჩებოდა დაუსჯელი. ამიტომაც ისინი აუტკივარი თავის ატკივებას ერიდებოდნენ და ქართველებიც, ასე თუ ისე, დაცული იყვნენ.

გარდა იმისა, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა ბუთბა სამაგალითოდ დასაჯეს, მათ აფხაზეთში ჩამოსული პუტინი საშინელ დღეში ჩააგდეს. აფეთქდა ის ნავი, რომლითაც პუტინი აპირებდა ზღვაში გასეირნებას. აფეთქდა სამზარეულოც. აფხაზეთში გატარებული საათები პუტინს კოშმარად უქციეს.

ეს ყველაფერი იყო იმის პრევენცია, რომ ქართველების დახოცვა და წამება აღარავის გაებედა. დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. რამდენიმე დღის წინ სეპარატისტებმა ცხინვალში ახალგაზრდა კაცი მოგვიკლეს. მას ციხეში წამებით ამოხადეს სული.

სამწუხაროდ, ამაზე ჩვენს სახელმწიფოს პასუხი არ აქვს. პასუხის უქონლობა არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფო არა ვართ. მოგეხსენებათ, ჯარისკაცი არის სახელმწიფოს სიმბოლო და, როდესაც სახელმწიფოს სიმბოლოს მოგიკლავენ, აუცილებლად უნდა მოახდინო რეაგირება.

– რა რეაგირება უნდა მოახდინოს ამ შემთხვევაზე სახელმწიფომ?

– ისეთი ნამდვილად არა, როგორიც სოზარ სუბარსა და ახალგორის გამგებელ თინიკაშვილს ჰქონდათ. მათი განცხადებები სეპარატისტებმა ერთგვარ მესიჯად აღიქვეს და დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდათ. და რა უშლით ხელს, რომ ასეთი საშინელებები კიდევ ჩაიდინონ? ამის სურვილი რომ აქვთ, აშკარაა, მაგრამ არც ხელს უშლის მათ ამაში ვინმე.

ამას, საბოლოო ჯამში, მივყავართ იქითკენ, რომ ნელ-ნელა ჩვენი სახელმწიფო თავმოყვარეობა ქრება. დღეს სუსს ვახტანგ გომელაური და სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობენ. მათ აქვთ აღებული სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა. სეპარატისტების დანაშაულს მათ უნდა გასცენ პასუხი. მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პასუხს თუ არ გავცემთ, ჩვენს სახელმწიფოს არავინ არაფრად აღარ ჩააგდებს.

– მოდით, იმ ადამიანებს დავუბრუნდეთ, რომლებიც სეპარატისტებს შიშის ზარს სცემდნენ. ჩვენ რამდენიმე მათგანის სახელი ვიცით, მხედველობაში მყავს რომა შამათავა და ალიკა სამუშია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით თქვენ ძალიან აქტიურობდით. რა ხდება მის თავს?

– მის შესახებ საქართველოში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს გავუგზავნეთ წერილები. ყველას უკვირდა, როგორ შეიძლება, სახელმწიფო ასე მოექცეს იმ ტიპის პროფესიონალს, როგორიც სამუშიააო.

– ამ აქტიურობის შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა?

– მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ის ჩასვეს სამარტოო საკანში. წარმომიდგენია, რა ხდება ახლა მისი და რომა შამათავას გულში. ისინი ტელევიზორში უყურებენ ამ ყველაფერს და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

ალიკა სამუშიას სატელეფონო კომუნიკაციაც შეუზღუდეს. სადღაც 2 თვეა, მას ჩემთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ამ თემის აწევამდე ორ დღეში ერთხელ მაინც მირეკავდა. მას ჩემთან კომუნიკაცია დახურული არხებითაც ჰქონდა. სწორედ ამ არხებით მომაწოდა მთელი რიგი ინფორმაციები. ბოლო პერიოდში საერთოდ აღარ დამკავშირებია.

– მის ოჯახთან დაკავშირებით რა ხდება? სამუშია ითხოვდა, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება დაეცვათ. მათთვის დაცვის დანიშვნას ითხოვდით თქვენც.

– არაფერიც არ ხდება. ოჯახისთვის არავის დაუნიშნავს დაცვა. აფხაზებისა და რუსების კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული. ისინი ჯერჯერობით არ ცდილობენ, რომ შური იძიონ. სამუშიას ოჯახის მიმართ დაცვის რამე განსაკუთრებული ნორმები არ ამუშავებულა.

იმ სოფელში, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, არის პოლიციის განყოფილება. ამ განყოფილებაში უთხრეს, რომ თუ რამე მოხდება, 112-ზე დარეკონ. შსს-შიც იგივე გვირჩიესო.

112-ზე დარეკვა ჩათვალეთ, რომ არაფერი არ არის. ამ ნომერზე ვინც დარეკავს, შსს-ს ვალდებულია, ყველას დაეხმაროს. ეს ოჯახი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. მათ რუსებისა და აფხაზების მხრიდან განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ.

პოლიციის განყოფილება მათი სახლიდან დაახლოებით 4 კილომეტრში მდებარეობს. ვინმემ შურისძიება თუ გადაწყვიტა, საკითხავია, რამდენად მოახერხებენ ისინი 112-ზე დარეკვას. რომც დარეკონ, დახმარებამ შეიძლება დააგვიანოს – პოლიციის განყოფილება მათი სახლიდან, როგორც უკვე გითხარით, 4 კილომეტრშია. იქ მისასვლელად 15 წუთი მაინც არის საჭირო. ცუდის გამკეთებლისთვის თავისი ცუდი საქმის გასაკეთებლად 15 წუთი სრულიად საკმარისია.

ასეთი დამოკიდებულება სამარცხვინოა. ასევე სამარცხვინოა ის განცხადებები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ტატუნაშვილთან დაკავშირებით აკეთებს. ისინი ცხედარსაც არ გვიბრუნებენ, ესენი მხოლოდ უსუსურ განცხადებებს აკეთებენ. პირადად მე ამით ძალიან შეურაცხყოფილი ვარ.

– რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, სპეცდანიშნულების რაზმი უნდა შეეშვა ცხინვალში?

– ასე მარტივად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერც სამუშია შედიოდა, ვერც შამათავა და ვერც სხვები, მაგრამ ისინი აკეთებდნენ იმას, რაც სახელმწიფოს მხრიდან იყო გასაკეთებელი – არცერთი სეპარატისტი, რომელმაც ქართველების უფლებები დაარღვია, პასუხგაუცემელი არ დარჩენილა. აქ მხოლოდ მათ ლიკვიდაციასა და სამაგალითო დასჯაზე არ არის საუბარი.

– სეპარატისტების მოტაცებას გულისხმობთ, როგორც ეს მარეკ დუდაევის შემთხვევაში მოხდა? ის წარდგა ქართული სასამართლოს წინაშე და 27 წელი მიესაჯა. “ოცნების” ხელისუფლებამ ის გაათავისუფლა.

– წინა ხელისუფლების დროს ასეთი ფაქტები იშვიათობას არ წარმოადგენდა. გავიხსენოთ, როგორ მოხვდა ქართულ ციხეში კოჭოია. ის აფხაზეთის ტერიტორიიდან მოიპარეს და აქეთ გადმოიყვანეს.

ეს იყო ყველაზე ღირსეული პასუხი ქართული სახელმწიფოს მხრიდან. დამიჯერეთ, მისი ლიკვიდაცია უფრო მარტივი იყო, ვიდრე აქეთ გადმოყვანა. არ დაგავიწყდეთ, რომ აფხაზები მას დიდ პატივს სცემდნენ და ხელისგულზე ატარებდნენ.

ასეთი რამე უნდა გააკეთონ ახლაც. ჩვენი სპეცსამსახურების წარმომადგენლები უნდა შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ის პირები მოიპარონ, რომლებმაც ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. სახელმწიფოებრიობაზე თუ გვაქვს პრეტენზია, ეს უნდა გავაკეთოთ.

– ამის გაკეთება ადვილი არ იქნება.

– ადვილი არც კოჭოიას მოპარვა იყო, მაგრამ გააკეთეს. არც ახლა იქნება მსგავსი ოპერაციის გაკეთება ადვილი, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ჯარისკაცი ქვეყნის სიმბოლოა და ჯარისკაცის მკვლელს სათანადო პასუხი უნდა გავცეთ. სათანადო პასუხი უნდა გავცეთ მათაც, ვინც საქართველოს მოქალაქეების უფლებებს არღვევს.

ასე თუ არ მოვიქცევით, არცერთი თავმოყვარე სახელმწიფო არ დაგველაპარაკება. ერთადერთი, რუსეთი და მისი სატელიტები თუ დაგველაპარაკებიან. მათ აწყობთ, რომ საქართველო ასეთ მდგომარეობაში იყოს. უთავმოყვარეო ადამიანებთან კომუნიკაციას ყველა ერიდება, ასევე არ უყვართ უთავმოყვარეო სახელმწიფოსთან საუბარი.

იმაზე არაფერს ვამბობ, რომ მსგავსი პასუხი იქნება მესიჯი სეპარატისტებისთვის და ისინი საქართველოს მოქალაქეების მოკვლასა და დამცირებას ვეღარ გაბედავენ.

– სეპარატისტებისთვის საკადრისი პასუხის გაცემას ბევრი ითხოვს. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ვინც ასეთი მოთხოვნებით გამოდის, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

– სუბარმა ეს განცხადება ტატუნაშვილის ახლობლების მიერ გამართულ აქციაზე გააკეთა. ამ ადამიანებმა გზა რატომ გადაკეტეს? იმიტომ, რომ სახელმწიფოს მათთვის ყურადღება მიექცია. სახელმწიფო არაფერს აკეთებს და ახლა ოჯახი იმაზე დარდობს, როგორმე ნაწამები შვილის ცხედარი დაიბრუნოს.

მიცვალებულებთან დაკავშირებით, ეტყობა, სეპარატისტებმა რაღაც ახალი მოიგონეს. გარდაცვლილების გადმოცემაზე აფხაზებიც უარს ამბობენ. რამდენიმე დღის წინ, 23 თებერვალს, გალში დაიღუპა დედაჩემის ძმა, ოთარ ქობალია. გალში ბებიასა და ბაბუას საფლავებია და საფლავების მოსანახულებლად ჩადიოდა. მოულოდნელად დაიღუპა. აფხაზები ცხედრის გადმოცემაზე უარს გვეუბნებიან, ამბობენ, რომ მეზობლები დაკრძალავენ. არც აქედან უშვებენ ვინმეს.

– ადრე ასეთი რაღაცები არ ხდებოდა.

– მართლა არ ხდებოდა. გარდაცვლილის გადმოცემაზე არც ოსები და არც აფხაზები უარს არ ამბობდნენ. ახლა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერზე მოსთხოვს მათ პასუხს და ყველაფერს კადრულობენ. ასეთი რამეები აღარ მოხდება, თუ სახელმწიფო სათანადო დონეზე იქნება. არ არის იოლი გასაკეთებელი ის, რასაც რომა შამათავა და ალიკა სამუშია აკეთებდნენ. ისინი დავალების შესასრულებლად რომ გადადიოდნენ, იცოდნენ, რომ უკან დაბრუნების შანსი ძალიან მცირე იყო. ჩავარდნის შემთხვევაში წამებით სიკვდილი ელოდათ. ტყვიით მათ არავინ მოკლავდა, მაგრამ მაინც მიდიოდნენ. სამაგიეროდ, სეპარატისტებმა იცოდნენ, რომ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ შერჩებოდათ.