“ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, ვერ მივხვდითო” – ერთ-ერთი დაჭრილი ფეხბურთელია – წითელ ბაღში ჩხუბის ახალი დეტალები

"ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, ვერ მივხვდითო" - ერთ-ერთი დაჭრილი ფეხბურთელია - წითელ ბაღში ჩხუბის ახალი დეტალებირა გახდა თბილისში ორი არასრულწლოვანის დაჭრის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა.

– ყვიროდა, მეგობარი დაჭრეს, სისხლისგან იცლებაო.

რაც შეეხება მეორე მოზარდს, ის კლინიკაში თავად მივიდა. საბედნიეროდ, დაჭრილებს ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდათ.

როგორც ირკვევა, დაჭრილთაგან ერთი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია.

საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი გიგი კიკაბიძე ამბობს, რომ დაჭრილი მოზარდი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებოდა.

– ამ ფეხბურთელმა გამართა საწვრთნელი ვარჯიში, შემდეგ მამამ წაიყვანა. როგორც ვიცი შემდეგ რეპეტიტორთან მიდიოდა, და შემდეგ მოხდა ეს საშინელი ფაქტი. რაც შეეხება უშუალოდ ამ ფეხბურთელს, კლუბში მას არასდროს ჰქონია კონფლიქტი. – აღნიშნავს გიგი კიკაბიძე.

 

მოზარდების მასწავლებლების ინფორმაციით, მე -12 კლასის მოსწავლეებს 2 უცნობი პირი დაესხა თავს. მათივე თქმით, უცნობმა პირებმა შელაპარაკების შემდეგ 17 წლის მოზარდები დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ.

თბილისის #35-ე საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოზარდების დაჭრის შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

მიხეილ ჩიკვილაძე ამბობს, რომ სამართალდამცავები ამ დრომდე არ მისულან სკოლაში და არ დაინტერესებულან, თუ რა დააფიქსირა სკოლის ვიდეო-კამერამ.

– როგორც მშობლები ყვებიან, შემთხვევა წითელი ბაღის ტერიტორიაზე მაშინ მოხდა როცა ერთ-ერთი რეპეტიტორთან მიდიოდა, ბავშვებს იქ დახვდა გაურკვეველი ჯგუფი, რასაც, იმედია, არკვევს საგამოძიებო ორგანო,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

35-ე სკოლის პედაგოგი ეთერ მაისურაძე ამბობს, რომ დაჭრილებისთვის უცნობია. თუ ვინ დაჭრა ისინი.

– ორი უცნობი ბიჭი, რომელიც აგვიხირდაო რაღაც თემაზე. კამათი მოჰყვა ამ ახირებას, ბავშვები შეკამათდნენ ერთმანეთში და მერე ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, რომ ვერ მივხვდითო. როდესაც სისხლის დავინახეთ საკუთარ თავზე მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბავშვების თქმით, ორი ბიჭი იყო, – აცხადებს პედაგოგი.

ორივე დაჭრილი არასრულწლოვნიდან თბილისის 35-ე საჯარო სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან სამი წლის წინ გადავიდა.

ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, აღნიშნული მოსწავლეების სკოლიდან გადასვლა გაცდენებს უკავშირდებოდა.

– ნამდვილად ჩვენი მოსწავლეები იყვნენ, ვერ ვიხსენებ რომ მათ კონფლიქტი ჰქონიათ, – აცხადებს ბარაბაძე.

სკოლის მოსწავლეები კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციას დაკავებული არავინ ჰყავს.

ნიუპოსტი