მამუკა არეშიძე – “მშვიდობა კარგია, მაგრამ მთლად ფუნთუშასავით არ უნდა მოვიქცეთ – მეტოქეს ჩვენი თუ არ ეშინია, უნდა ერიდებოდეს მაინც”

მამუკა არეშიძე - "მშვიდობა კარგია, მაგრამ მთლად ფუნთუშასავით არ უნდა მოვიქცეთ - მეტოქეს ჩვენი თუ არ ეშინია, უნდა ერიდებოდეს მაინც"ექსპერტი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს საუბრობს რამდენად დაცულია ძალოვანი უწყების თანამშრომლების პერსონალური მონაცემები.
– ბატონო მამუკა, არჩილ ტატუნაშვილის ახალგორში მკვლელობამ გააჩინა კითხვა, რამდენად დაცულია მოქმედი და ყოფილი ძალოვანების პირადი მონაცემები?
– ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, იმდენად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს, რომ აბსოლუტურად ხელშეუხებელი და დაცული უნდა იყოს ეს მონაცემები.
უკრაინაში ერთ-ერთმა მებრძოლმა მარტიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ დაახლოებით 13 ათასი ვეტერანის მონაცემები რუსეთის სპეცსამსახურებს ხელში ჩაუვარდათ. თუ ეს რეალობაა, მაშინ ეს ცუდი და საგანგაშო ფაქტია, მაგრამ მე არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია. ის საუბრობს ვეტერანებზე, რომლებიც 90-იან წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდნენ. მე ნაკლებად დამაჯერებლად მეჩვენება ეს ინფორმაცია. ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ჩვენ მსგავსი ფაქტების მოწმენი არ ვყოფილვართ.
თუ მართლაც ჩაუვარდათ რუსებს ხელში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, სპეცსამსახურების თანამშრომლების პირადი მონაცემები, მაშინ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს დაუშვა. რადგან აქ საუბარია ჯარისკაცების პირად მონაცემებზე.
ერთი ინფორმაცია არსებობს, რომელიც რუსულ წიგნში “ქართული დაზვერვა რუსეთის წინააღმდეგ” არის დაბეჭდილი. ამ მონაცემებით, 2008 წლის ომის დროს, გორში სამხედრო დაზვერვის ადგილობრივ ხელმძღვანელობას დაუტოვებია მთელი საიდუმლო არქივი და როდესაც რუსები გორში შევიდნენ, მაშინ ეს არქივი ხელში ჩაუვარდათ. საუბარია საიდუმლო არქივზე.
მე არ ვიცი, რამდენად უტყუარია ეს ინფორმაცია, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში, სოჭისა და მახაჩყალას ტერიტორიაზე საქართველოს დაზვერვის 10-12 თანამშრომელი დააკავეს. ამ წიგნში ერთ-ერთი მზვერავი ღიად არის ნახსენები, რომელიც დაპატიმრებული იყო კიდეც ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ ქალაქში. აქიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს მსგავსი ინფორმაცია, უფრო გაათმაგებულად უნდა მოხდეს დამცავი სისტემების შეიქმნა ამ ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.
– ოჯახი ცხედრის გადმოცემას ითხოვს და ამ მოთხოვნით მთავარი მაგისტრალიც იყო გადაკეტილი. რატომ არ ხდება გადმოცემა, რა შეიძლება იყოს მიზეზი?
– ეს ორი გარემოებით შეიძლება აიხსნას: ერთი, ცხედარი ძალიან არის ნაწამები, იმდენად, რომ მისი წარმოდგენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საერთაშორისო გარემოებების გათვალისწინებით, ცხადია, რუსეთს ეშინია, საერთაშორისო თანამეგობრობის მორიგი ზეწოლის საფუძველი არ გახდეს ეს ფაქტი, მით უფრო სანქციების ფონზე და ა.შ. რუსული მხარე ხვდება, რომ ძალიან შეტოპა და ზედმეტი მოუვიდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფაქტის გამო რუსი კურატორები შოკშიც კი იყვნენ ჩავარდნილები.
მეორე მიზეზი, რაც მე ასევე სარწმუნოდ მეჩვენება, არის ის, რომ ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, რუსი კურატორების მიერ ინიცირებული პროვოკაცია იმისთვის, რომ ქართული მხარე პროვოკაციაზე წამოეგო. სანამ არ მოხდება ამ პროვოკაციაზე წამოგება, შეიძლება ცხედრის გადმოცემა გააჭიანურონ. ამიტომ, ჩვენ გვმართებს მაქსიმალური კონსოლიდირება იმისთვის, რომ ამ პროვოკაციაზე წამოგება არ მოხდეს. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ოთხოზორიას შემთხვევა არ უნდა განმეორდეს.
– რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ იმას, რომ მკვლელები უნდა დაისაჯონ. აუცილებლად უნდა დაისაჯონ, ყოველ მიზეზ გარეშე. როგორი ფორმით დაისჯებიან, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, უკვე მნიშვნელობა არ აქვს. მე არ მჯერა საერთაშორისო მართლმსაჯულების, რომ ისინი ან ოთხოზორიას მკვლელს დასჯიან ან ტატუნაშვილის მკვლელს. მაგრამ მკვლელები ყველა შემთხვევაში უნდა დაისაჯონ.
– როგორ უნდა დაისაჯონ?
– უამრავი მეთოდი არსებობს. სხვა მეთოდიც შეიძლება მოიფიქრო, მაგრამ ამისთვის დრო არის საჭირო. ხაზგასმით ვამბობ: დრო არის საჭირო! ცხელ გულზე არფერის გაკეთება არ შეიძლება.
– რა, მაგალითად? საერთაშორისო ბერკეტის გარდა რა გაგვაჩნია?
– სხვა მეთოდებიც არსებობს.
– ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთთან დღეს სახელმწიფო ატარებს, რამდენად არის რაციონალური?
– დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა არის სამშვიდობო პოლიტიკა. ამ პოლიტიკას ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ძალისმიერი გზით ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ მთლად ფუნთუშასავით რომ მოვიქცეთ, არ არის საჭირო.
მეტოქეს ჩვენი თუ არ ეშინია, უნდა ერიდებოდეს მაინც. ამის მეთოდოლოგია არსებობს. ამ მეთოდოლოგიის მცოდნე ხალხი დღევანდელ ხელისუფლებაში ნამდვილად არის, მაგრამ პოლიტიკურ ნებაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ გამოზომილად, გააზრებულად უნდა იმოქმედოს, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენს მეტოქეს, სულ მცირე, ჩვენი ერიდებოდეს მაინც, რადგან სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა მთავარი არის. სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის შელახვა თუ ვინმეს გაუვიდა, მერე ეს უკვე  გაუვა სხვებსაც.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა