მასობრივი ცემა-ტყეპა ნტვ-ს პირდაპირ ეთერში – ვიდეო

მასობრივი ცემა-ტყეპა ნტვ-ს პირდაპირ ეთერში - ვიდეოტოკ-შოუ საზოგადოებაში არსებული განწყობილებების სარკეა. რუსულ შოუებშიც ხშირია ჩხუბი. განსაკუთრებით ეს მაშინ ხდება, როცა საქმე უკრაინას შეეხება. დონბასში რუსეთი ჩიხში შევიდა. რუსული საზოგადოებაც ტაშს უკრავს წამყვანს, რომელიც მკვეთრ ანტიუკრაინულ პოზიციას აფიქსირებს და უკრაინელ პატრიოტებს ფიზიკურად უსწორდება.
ნტვ-ს ტელეწამყვანმა ანდრეი ნორკინმაც უკრაინელების ცემა-შეურაცხყოფით გვარიანი კარიერა გაიკეთა. ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რუს ჟურნალისტად იქცა.
გადაცემა “მესტო ვსტრეჩის” 22 თებერვლის სიუჟეტი წინანდელებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ნორკინმა სტუდიაში უკრაინელი ექსპერტები და ის გერმანელი პოლიტოლოგებიც მიიწვია, რომლებიც ცოტა ხნის წინ დონბასში იყვნენ.
საუბარი ჩვეულებრივი ანტიუკრაინული რიტორიკით დაიწყო. გერმანელმა სტუმარმა, რომელიც სუფთა რუსულ ენაზე საუბრობდა, გამოაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქებსა და სოფლებს ბომბავენ, არც მოხუცს, არც ქალს, არც ბავშვს არ ინდობენ. მან განაცხადა, რომ უკრაინელები გლეხების ერია, აჯანყებულ გლეხზე საშინელი კი არაფერია, ის ყველაფერს ანგრევს და არავის ინდობსო.
აქ უკრაინელი სუვოროვი წამოხტა, გერმანელისაკენ თითი გაიშვირა და შესძახა:
– ეს კაცი პოლიტოლოგი კი არა, პუტინის „კაზიოლია!“ ხალხნო, შეხედეთ პუტინის „კაზიოლი“ როგორ გამოიყურება!
ნორკინი სუვოროვს მივარდა, ხელი სტაცა და გარეთ გაგდება დაუპირა. სუვოროვმა პასუხად ყბაში ლეწა. დარტყმა არ იყო ძლიერი, მაგრამ მოულოდნელობისგან ნორკინი წაბარბაცდა და იატაკზე გაიშხლართა.
ნორკინს მისი თანამემამულეები წამოეშველნენ, სუვოროვს კი – უკრაინელი სტუმრები. ნტვ-ს სტუდიაში მასობრივი ცემა-ტყეპა გაიმართა.
– გვიშველეთ! – გაჰკიოდა მეორე ტელე-წამყვანი ოლგა ბელოვა.
რამდენიმე მამაკაცი სუვოროვს მივარდა და წაქცევა დაუპირა. სცემდნენ მუშტებით, წიხლებით. ჩხუბში სტუდიაში მყოფი ელენა ბოიკოც ჩაერია, რომელიც მკვეთრი ანტიუკრაინული პოზიციითაა ცნობილი. მან სუვოროვს რამდენიმეჯერ წიხლი ჩასცხო და შემდეგ ბრჭყალებით სახეში ჩააფრინდა.
დაცვამ მოჩხუბრები გააშველა. დიმიტრი სუვოროვი სტუდიიდან გაიყვანეს. იქაურობა ნორკინმაც დატოვა, რადგან ჩხუბისას სათვალე გაუტეხეს, ცალი თვალი კი ჩაულურჯეს.