რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე აშკარა და ფარული პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოზე. ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, საქართველოს გადარჩენის მოძრაობის ლიდერს, ყოფილ პოლიტდევნილ მირიან მირიანაშვილს.
– ბოლო დროს ამბობდით, რომ საერთაშორისო გავლენით შეიცვლება საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ველი გადასხვაფერდება. ამის ნიშნები გამოჩნდა?
– პერიპეტიები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ ვითარდება. რუსეთს თითქმის ყველგან მკვეთრად გამოხატული მეგაჩავარდნები აქვს. ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. რუსეთის მიმართ საკმაოდ გამკაცრდა ვაშინგტონი. თუ ადრე აშშ ინფორმირებული იყო კრემლის რომელიმე უმსგავსობაზე და ამაზე თვალს ხუჭავდა, ახლა სხვანაირადაა საქმე. ამის ერთ მაგალითად გამოდგება კოკაინის სკანდალი არგენტინაში, რომელშიც რუსეთის დიპლომატები და უმაღლესი მოხელეები არიან გარეული. მოხდა მისი გასაჯაროება.
– მხედველობაში გაქვთ არგენტინაში რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კილოგრამი კოკაინის აღმოჩენა? ამის შესახებ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია.
– ამ ანტინარკოტიკული ოპერაციით მოხდა რუსეთის რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის, დიპლომატის მხილება. ესაა მოსკოვის უდიდესი რეპუტაციული მარცხი. რუსეთში კოკაინის წინააღმდეგ მიმართულ ამ ოპერაციას ვერ უარყოფენ, მაგრამ რუსები ყველაფერს ვერ აღიარებენ. მათთვის სირცხვილია იმის დადასტურება, რომ კოკაინის ჩასატანად 2017 წელს არგენტინაში პუტინის ახალი თვითმფრინავით ჩაფრინდა თავად ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია, რამდენიმე წლის წინ კი ფსბ-ს დირექტორი იყო.
ამერიკელებმა კოკაინის არგენტინული სკანდალის შესახებ თავიდანვე იცოდნენ, თუმცა მათი ძალისხმევით ეს ინფორმაცია უკანასკნელ ხანს გახმიანდა. რუსეთზე, მის ელიტაზე, ვაშინგტონს სხვა კომპრომატებიც ბევრი აქვს და ამით რუსეთს დააშანტაჟებს. ეს საუკეთესო საშუალებაა რუსეთის შესაკავებლად. კოკაინის სკანდალი საქართველოს პირდაპირ უკავშირდება.
– როგორ?
– ამ საქმეზე ორი პირი არგენტინაში დააკავეს. ერთი მათგანი აღმოჩნდა ქველმოქმედი “მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბიდან”. ეს ორგანიზაცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელს ეფარება, სინამდვილეში კი ფსბ-ს დანაყოფს წარმოადგენს. იგივე ორგანიზაცია ნარკოტიკების ტრაფიკით იყო დაკავებული საქართველოში 2006-წლიდან 2010 წლის ჩათვლით. გადაზიდვების მარშრუტი მოიცავდა ფოთს, ბათუმსა და ცხინვალს. ამ კლუბის წევრები არიან ქართველებიც. ეს არიან არამარტო რუსეთში მცხოვრები შეძლებული ქართველები, არამედ, აქაური ბიზნესმენები. რუსეთის სპეცსამსახურებმა მოიზიდეს საქმიანი ადამიანები სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებიდან.
– შესაძლოა, რომელიმე მეცენატმა ამ ორგანიზაციიდან არც იცოდეს, რომ ეს “კლუბი” ნარკოტიკების ბრუნვაშია ჩათრეული?
– ასეთი გულუბრყვილო არავინ იქნება. ეს მრავალფუნქციური ორგანიზაციაა, რომელიც, ბუნებრივია, მარტო ნარკოტიკების მიმოქცევას არ ახორციელებს. იმ წლებში, რომლებიც დავასახელე, ქართველი პოლიტიკური ელიტის ნაწილი კოკაინზე შეჯდა. ზოგიერთი დღემდე კოკაინდამოკიდებულია.
– რუსეთის “მეგაჩავარდნებს” დავუბრუნდეთ. რუსეთს საქართველოსთვის ნაკლებად ეცლება?
– რუსეთი, აგრესიის გარდა, საქართველოს სხვა მხრიდანაც უტევს. ეს საინფორმაციო თავდასხმებია. ამ თვალსაზრისით რუსეთი ჯერ გაჩერებულია.
– დროებით?
– მთავარია, რომ საქართველოში კრემლს გეგმები აერია. ადრეც ვთქვი, რომ ფსბ-ს შევიწროების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის კურირება დაევალა პირადად საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვს. ლავროვი ამერიკელებმა “კრემლის სიაშიც” შეიყვანეს. არგენტინული კოკაინის სკანდალის საქმის სააშკარაოზე გამოტანა ნიშნავს რუსეთის პირველი დიპლომატის დისკრედიტაციას. სახელგატეხილი ლავროვი ვეღარ შეძლებს პოლიტიკური პარტიების და რუსეთის აგენტების მართვას. ამიტომ, ფსევდოდასავლურ პარტიებსაც კარგი არაფერი დაეყრებათ.
“ევროპულ საქართველოს”, რომელიც დასავლეთში ლავროვი-ზახაროვას ორგანიზაციის სახელთაა ცნობილი, პერსპექტივა არ გააჩნია. საქართველოს დაუდგა ხელსაყრელი მომენტი, რომელიც მეოთხედი საუკუნეა, არ ჰქონია. საქართველო ისტორიულ წარსულში ყოველთვის სარგებლობდა მტრის დასუსტებით.
– რუსეთს აშშ წინა წლებში ამგვარად არ ებრძოდა და ასეთი შანსი არ იყო?
– რასაკვირველია. დღეს რუსეთის სპეცოპერაციების წინააღმდეგ საპასუხო ოპერაციებს ატარებენ ამერიკელები. ეს რომ არა, პოროშენკო რუსეთის აგენტ სააკაშვილსაც ვერ განდევნიდა უკრაინიდან. დასავლეთმა სააკაშვილი ჩამოწერა და განდევნა პოლიტიკური სივრციდან.
– რუსეთს საქართველოში თავისი ინტერესების ბევრი გამტარებელი ეყოლება.
– რუსეთის ინტერესების გამტარებლები პოლიტიკურ პარტიებშიც არიან, ბიზნესმენებშიც და სახელმწიფო უწყებებშიც. ისინი რუსეთის დავალებით ანტიამერიკულ განწყობას აღვივებენ. თუ ადრე ამერიკული მხარე ამაზე არ რეაგირებდა, ასე აღარ იქნება. პოლიტიკოსები და ჩინოსნები ვეღარ მოატყუებენ ხალხს კოაბიტაციის თემით.
– კერძოდ?
– სამართლიანობა რომ არ აღედგინათ და სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაძარცვი პატრონებისთვის არ დაებრუნებინათ, მოიგონეს კოაბიტაცია. საზოგადოებას განემარტა, რომ ეს დასავლეთის, აშშ-ს მოთხოვნა იყო. სინამდვილეში, ეს ხრიკი პუტინის თანაშემწე სურკოვის მოფიქრებულია. უახლოეს მომავალში ამერიკა გამოეხმაურება ანტიამერიკულ ვირუსებს, ნაბიჯებს და მიიღებს ზომებს დამნაშავეების წინააღმდეგ. ეს პოლიტიკურ წვრილფეხობასაც ეხება, ხელისუფლებასაც, მსხვილ ოპოზიციასაც და ჟურნალისტებსაც.
– მათ წინააღმდეგ შეზღუდვები გატარდება?
– ეს მოსალოდნელია. მალე მათ წინააღმდეგაც ამუშავდება შეზღუდვები. უახლოეს სამ კვირაში განისაზღვრება სანქციები “კრემლის სიაში” შეყვანილი რუსეთის მოქალაქეების მიმართ. სანქციებს, დიდი ალბათობით, ვერ გაექცევიან ასევე “ეთნიკური ელიტები”, რომლებიც კრემლთან ურთიერთობენ. ასე რომ, წინ დიდი ცვლილებები გველის.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

