ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე მესამე სექტორს დახმარებას სთხოვს. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში განაცხადა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებს და მოსამართლის საქმიანობაში ჩრევას ცდილობს.
ირაკლი შავაძის თქმით, დავით მამისეიშვილმა პროკურატურასთან შეთანხმებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისციპლინური დევნა დაიწყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე ეჭვობს, რომ იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ გამწესებაზე უარი დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების გამო უთხრა.
– იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ გასაუბრება გაიარა 50-მა პირმა და 50 პირი კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. მოსამართლის უვადოდ გამწესება სწორედ ამ ორი კრიტერიუმით ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე უარი მეთქვა და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა სასამართლოში მისვლის პირველივე დღეს განმიცხადა, რომ ან იქნები ჩვენს გუნდთან ერთად ან იქნები მარტო, გარიყულიო. ასეთი ულტიმატუმი დამიყენა.
ბუნებრივია მასთან არ ვაპირებდი დაპირისპირებას და ვცდილობდი ლავირება გამეკეთებინა. მისი სურვილი იყო, ჩემს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე მოეხდინა გავლენა და მისი კარნახის მიხედვით მიმეღო გადაწყვეტილებები. ამასთან დაკავშირებით შემიძლია ბევრი საკითხი გავიხსენო, კერძოდ, ქობულეთში დამწვარი სასტუმროს “არმაზის” მფლობელ ზაზა ართმელაძეს დავით მამისეიშვილმა პატირობა შეუფარდა. მამისეიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმე მე შემხვედროდა და მოაყოლა დირექტივაც, რომ წინასწარ პატიმრობაში დამეტოვებინა ზაზა ართმელაძე (მზად ვარ გავიარო სიცრუის დეტექტორზე, რომ მის სიტყვებს ვამბობ), მითხრა, რომ თავადაც აპირებდა შეეცვალა წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობა მისთვის, თუმცა ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ ზაზა ართმელაძის ადვოკატმა და დამ თბილისში, მოსამართლეთა კონფერენციაზე რაღაც პლაკატები გამოაკრეს მისი საწინააღმდეგო და ამაზე იყო დაბოღმილი და მითხრა, რომ მისთვის პატიმრობა არ უნდა შემეცვალა და ეს იყო მისი პირადი გაბრაზება და განაწყენება ბრალდებულის დასა და ადვოკატზე.
მე ზაზა ართმელაძეს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შევუცვალე და გავათავისუფლე. ჩემი პოზიცია აბსოლუტურად სწორი იყო. ძალიან ცუდ სიტუაციაში მიწევდა მართლმსაჯულების გაწევა და შეგნებულად მიშლიდა ხელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი, რომ განეხორციელებინა მართლმსაჯულება. მიქმნიდა პრობლემებს, დაიწყო კავშირების გაბმა პროკურატურაში, ჩემს მიმართ შეთანხმებულად დაიწყეს თავდასხმა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინარული დევნის საკითხები დააყენეს. ყოველივე ამის უკან რომ თვითონ მამისეიშვილი დგას, მე ამის მტკიცებულებები შემიძლია მივაწოდო შესაბამის უწყებებს,- განაცხადა მან.
როგორც ირაკლი შავაძე ამბობს, იუსტიციის საბჭოს წევრებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ორგანიზებით, იუსტიციის საბჭოში მის წინააღდეგ 5 საჩივარი შეიტანეს, მათ შორის ბათუმის მე-3 საპყრობილის ადმინისტრაციიდან.
– უნდა ნახოთ საჩივრის ენა, ეს არის სიძულვილით დაწერილი. ვიფიქრე, ახლა ღმერთმა დაგვიფაროს და 37 წელი ყოფილიყო, ალბათ დამხვრეტდნენ, ისეთი რაღაცები წერია. ბუნებრივია, როგორც ადამიანს, რომლის მიმართ დევნა მიმდინარეობს, მაქვს უფლება ყველაფერი გავასაჯაროო, ვთხოვ დახმარებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომ ჩაერთონ საქმეში და საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს იყო ჩემს წინააღმდეგ ორკესტრირებული ქმედება და ამას პროკურატურიდან „ადეიშვილის ნარჩენები“ აჭარის პროკურატურაში აკეთებდნენ. ჩემს წინააღმდეგ დიდი მეცადინეობით ოთხი თუ ხუთი საჩივარი მოაგროვეს, მაგრამ ვერაფერი ხელშესახები ვერ ნახეს, რომ რეალურად დისციპლინური დევნა განეხორციელებინათ, – აცხადებს ირაკლი შავაძე

