კრემლის სია, რომელიც ახალი ამერიკული ანტირუსული სანქციების საფუძველია, ისევ აქტუალურია. არსებობს მოლოდინი, რომ ახალი სანქციები რუსეთის მაღლაჩინოსნების, ოლიგარქებისა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ აქამდე მოქმედ სანქციებზე უფრო მეტად დააზარალებს კრემლს და ხელს შეუშლის რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს.
ფრანგი ექსპერტი რუსეთის საკითხებში მატიე ბულეგი დარწმუნებულია, რომ სანქციები რუსეთის შესაკავებლად არ კმარა:
– ჯერჯერობით, აშშ რუსეთის პოლიტიკას პასუხობს სანქციებით და მყისიერი გადაწყვეტილებებით. მაგალითად, უკრაინისათვის იარაღის მიწოდებით. ეს საკმარისი აღარ არის. აშშ-მ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, რომლითაც შეძლებს უპასუხოს კრემლის მუქარებს.
ამასთან, ექსპერტი საუბრობს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობაზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის:
– აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება ზრდის ტაქტიკური შეცდომებისა და პროვოკაციების ალბათობას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო ესკალაცია.
მატიე ბულეგი ასახელებს სიტუაციებს, რომლებსაც შესაძლოა შეჯახება მოჰყვეს. ესაა რუსეთის გამანადგურებლების მხრიდან ნატოს გემების შევიწროება შავ და ბალტიის ზღვებში, უპასუხისმგებლო საჰაერო აქტივობა სირიაში, ასევე ჯარის განთავსება და წვრთნები რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე.
ექსპერტის თქმით, რუსეთი არ ერიდება სამხედრო მოქმედებებს მაშინ, როცა თვლის, რომ გამოწვევის წინაშეა, ასევე იმ დროს, როცა გეოპოლიტიკურ მარცხის თავიდან აცილება უნდა. ასე მოხდა საქართველოში, უკრაინასა და სირიაში.
– რუსეთი მიიჩნევს, რომ იმყოფება ომის მდგომარეობაში დასავლეთის ქვეყნებთან. ეს აუცილებლად გამოიწვევს უფრო გაბრაზებულ მოქმედებებს მისი მხრიდან, – ვარაუდობს ფრანგი ანალიტიკოსი.
ამერიკა-რუსეთის საომარ დაპირისპირებას არ გამორიცხავენ ამერიკელი ექსპერტები სირიაში.
სირიაში ისევ იმყოფებიან როგორც ამერიკული, ისე რუსეთის ჯარები.
ამერიკის არმიის სირიაში დატოვებას ამერიკელების ნაწილიც ეწინააღმდეგება. ექსპერტები თეთრ სახლს ურჩევენ სირიაში აქტიურობის შეწყვეტას. მათი აზრით, ასადის დიქტატურა პირდაპირ არ ემუქრება ამერიკის უსაფრთხოებას, ხოლო იქ მყოფ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლა, პირველ რიგში, ადგილობრივი ძალებისა და რეგიონული მოთამაშეების საქმეა. ამერიკელ სამხედროებს საფრთხე ექმნებათ სირიის ტერიტორიაზე და არა – მის ფარგლებს გარეთ.
მათი შეფასებით, თეთრი სახლი იმიტომაც უნდა იყოს ფრთხილად სირიაში, რომ დამასკოს მხარეს რუსეთია. ეს აჩენს რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის რისკს.
ამერიკელი ექსპერტების სიტყვებით, სირიაში ამერიკა შეიძლება უსასრულო ომში ჩაებას.
აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სურს სტაბილური, ერთიანი და დამოუკიდებელი სირია, სადაც არ იქნება ტერორისტული მუქარები და მასობრივი განადგურების იარაღი. ასეთი ხედვა ჰგავს განცხადებებს, რომლებსაც ადრე ვაშინგტონი ავღანეთისა და ერაყის მისამართით აკეთებდა. ავღანეთში ამერიკა მონაწილეობს ყველაზე ხანგრძლივ შეიარაღებულ კონფლიქტში, ერაყიდან კი ჯარი დღემდე ვერ გამოუყვანია.
ექსპერტების თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ დასკვნები უნდა გამოიტანოს ავღანეთის, ერაყისა და ლიბიის მწარე გაკვეთილებიდან. ფაქტია, რომ დიქტატორების ჩამოგდებამ ვერ მოიტანა თავისუფლება და დემოკრატია რეგიონში, ამან შექმნა პირობები ექსტრემისტული და ტერორისტული დაჯგუფებების შესაქმნელად.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

