სირიაში მიმდინარე მოვლების გამწვავებას ანალიტიკოსები დიდ პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირებენ. „გარდიანის“ სიტყვებით, ის, რაც სირიაში ხდება, არის სუპერსახელმწიფოებს შორის კონფლიქტის შედეგი. ისინი ღრმად არიან შეჭრილი სირიის პროცესებში და მათი მოქმედებები უფრო აგრესიული ხდება.
თურქული მედიის მონაცემებით, შემუშავებულია სირიის პრობლემის მოგვარების გეგმა. ის გასაიდუმლოებულია. მისი მიღება მოსკოვსა და ვაშინგტონზეა დამოკიდებული. ამ მიზნით ამ დღეებში რუსეთის წარმომადგენლები აშშ-ში ჩადიან. ის გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას. ამ გეგმით, თეთრ სახლს მოუწევს კარგა ხნით გადადოს დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნის, ასევე ქურთების თავდაცვის რაზმების ტერორისტებთან შეჯახების იდეები. გეგმა არ არის მიმართული თურქეთის ინტერესების წინააღმდეგ.
სირიაზე აპირებენ საუბარს ასევე რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერები. ეს მათი მეორე სამიტია, რომელიც, სავარაუდოდ, აპრილში სტამბოლში გაიმართება.
ამ სახელმწიფოების პრეზიდენტები ერთმანეთს 2017 წლის ნოემბერში სოჭში შეხვდნენ. მათ სირიის პრობლემაზე იმსჯელეს. სამივე ქვეყანა „ასტანის პროცესის“ მონაწილეა.
ამ ალიანსის სიმყარე ბევრს აეჭვებს. სამი სახელმწიფოს თანამშრომლობას უფრო ტაქტიკური ხასიათი აქვს. ანალიტიკოსების აზრით, თურქეთი არ მისდევს ამ ალიანსის მიერ გაცხადებულ პრინციპებს. სამეული შეთანხმებულია სირიის ტერიტორიულ მთლიანობაზე, თუმცა ანკარა 20 იანვარს შევიდა სირიის აფრინის რეგიონში და დაიწყო სამხედრო ოპერაცია.
ექსპერტების დასკვნით, თურქეთი ვაშინგტონის ინტერესებსაც ატარებს. მისი მეშვეობით აშშ სირიაში ახორციელებს ფართო პოლიტიკურ-დიპლომატიურ მანევრს.
ამასთან, ანკარა ყველაფერში ამერიკულ წესებს არ ემორჩილება.
თურქეთი არ მალავს თავის უკმაყოფილებას ირანის მოქმედებების გამოც და აცხადებს, რომ თეირანი რეგიონში ამყარებს ისლამის ერთ-ერთი შტოს ჰეგემონიას.
რამდენიმე დღის წინ ექსპერტების ნაწილი ფიქრობდა, რომ აშშ სირიის მოვლენებს ძირითადად ჩამოშორდა. ეს გამოჩნდა მაშინ, როცა აშშ-მ უარი თქვა თავის გეგმაზე, შეექმნა 30.000-კაციანი სასაზღვრო უსაფრთხოების ჯარი ქურთების მონაწილეობით მათი სიტყვებით, ვაშინგტონმა ქურთები თურქული ოპერაციის დროს ბედის ანაბარა დატოვა.
სხვა ავტორები ირწმუნებიან, რომ აშშ ქურთებს კვლავინდებურად გვერდში უდგას და ანკარამ ვერ ააღებინა ხელი ამერიკას ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმების დახმარებაზე.
სირიის პრობლემის გეგმის არსებობის მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა ნაკლებად სავარაუდოა.
ერდოღანი საუბრობს მოსალოდნელ ცხელ ზაფხულზე, ირანი კი იმუქრება ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით, თუ ევროპის სახელმწიფოები ამერიკის დაჟინებით შეწყვეტენ ირანთან ეკონომიკურ ურთიერთობას.
ბოლო მონაცემებით, აშშ სირიაში დარჩება, რათა წინ აღუდგეს ირანს.
მშვიდობას არც რუსეთის გეგმები მოასწავებს. ბოლო დროს დამტკიცდა, რომ რუსეთს სირიაში დაქირავებული ჯგუფები ჰყავს გაგზავნილი. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თავისი მოქალაქეების დაღუპვის აღიარებით ეს, ფაქტობრივად, დაადასტურეს. თუმცა, მათ შეამცირეს დაღუპულთა რაოდენობა.
ანალიტიკოსების უმრავლესობა სირიაში ბევრი ახალი ფრონტის გახსნას ვარაუდობს. ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტისა და 30-დღიანი ზავისკენ მხარეებს გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

