დაიწვა თუ დაწვეს? – სავაჭრო ცენტრ „თერგში“ გვიან ღამით გაჩენილ ხანძართან დაკავშირებითაც ეს იქნება მთავარი კითხვა მანამ, სანამ ბურუსით მოცულ შემთხვევას სამართალდამცავები ობიექტურად არ გამოიძიებენ, რისიც სავაჭრო ცენტრში დასაქმებულებს არ სჯერათ.
თუ დამწვარი ბაზრებისა და ცალკეული ობიეატების საქმეებს გადავხედავთ, პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს:
1. დამწვარი ,,ლილოს” ბაზრობა – 2012/15/11
2. დამწვარი სავაჭრო ცენტრი ,,საბა” – 2013/26/02
3. დამწვარი ,,ევროპარკი” – 2013/17/07
4. დამწვარი ,,ბოშათა” ბაზრობა – 2014/16/09
5. დამწვარი ,,ხოფას” ბაზრობა – 2014/7/12
6. დამწვარი ,,ელიავას” ბაზრობა – 2014/27/12
7. დამწვარი ,,ისნის” ბაზრობა – 2015/21/01
8. დამწვარი ,,ელიავას” ბაზრობა – 2015/4/08
9. დამწვარი ,,შავი” ბაზრობა – 2016/2/08
10. დამწვარი ბაზრობა და ბავშვთა სამყარო – 2017/29/01
როგორც აღვნიშნეთ, არცერთ ჩამოთვლილ „ქეისზე“ გამოძიებას ამომწურავი პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.
„თერგის“ თანამშრონლები კი დარწმუნებულები არიან, რომ ბაზრობა „ივანიშვილის დავალებით გადაწვეს“.
ისიც საგულისხმოა, რომ სავაჭრო ცენტრი ბაზრობების სავალდებულო დაზღვევამდე ორი დღით ადრე დაიწვა.
მეტი სიცხადისთვის, 2018 წლის პირველი მარტიდან, საქართველოში სავალდებულო ხდება სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების, სასტუმროებისა და ბენზინგასამართი (ასევე, აირგასამართი) სადგურების დაზღვევა.
მთავრობის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, ობიექტების მფლობელი ვალდებულია, დააზღვიოს მის საკუთრებაში არსებული ქონება, ბაზრობების შემთხვევაში კი მოვაჭრეთა სიცოცხლე და ქონება.
ამასთან, სავაჭრო ცენტრ „თერგში“ მომუშავეთა ინფორმაციით, ტერიტორიით დაინტერესება კონკრეტულმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს, თუმცა ტერიტორია არ გასხვისდა.
მოვაჭრეებმა გააჟღერეს ერთ-ერთი მეწილის გვარი – ბაგრატიონი, რომელიც მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.
ცაბაძის #8 ში არსებული ბაზრობები – „თერგი“ და „ქალაქის გული“ სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიორგი ბაგრატიონის ოჯახს უკავშირდება. კერძოდ, „ქალაქის გულის“ გენერალური დირექტორი მისი მამა მუხრან ბაგრატიონია. „ქალაქის გულის“ 44.57%-ის მფლობელი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „თერგიI“-ია. თავის მხრივ „თერგიI“-ის ერთ-ერთი მეწილეა ბაგრატიონების მოგვარე თეონა ბაგრატიონი. ორივე შპს-ს ხელმძღვანელობაში ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდება ჯემალ ქადაგიშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შპს „თერგიI“-ის 64.6 %-იანი წილის მფლობელი შპს „თი ელ ჯი“-ა, რომლის 100%-იანი წილს ბექა სურამელი ფლობს.
ცნობისთვის, 2012-2014 წლებში შპს. „თი ელ ჯი“-ს კომერციული დირექტორის თანამდებობას სწორედ გიორგი ბაგრატიონი იკავებდა.
„თერგიI“-ის დოკუმენტაცია
“ქალაქის გულის” დოკუმანტაცია
შპს “თი ელ ჯი”-ს დოკუმანტაცია
ცნობისთვის: ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი წუხელ, ღამე, დაახლოებით, 00:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია, მინიმუმ, 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დრომდე ობიექტებზე მომუშავე პირებს არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.
„თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები არიან შეკრებილი და ხელისუფლებას დამწვარი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას სთხოვენ.
ნიუპოსტი






