სირიაში გრძელდება რამდენიმე ლოკალური ომი სხვადასხვა მხარის მონაწილეობით. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის. ბოლომდე დამარცხებულად არ ითვლება სირია-ერაყის ტერიტორიაზე შემორჩენილი ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”.
ამის ფონზე დასავლელი ექსპერტები ალაპარაკდნენ მასშტაბური ომის საფრთხეზე.
ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, თუ იანვარში ყურადღება მიპყრობილი იყო იმაზე, მოიტანს თუ არა 2018 წელი რევოლუციას ირანში, დღეს ისმის შეკითხვა-მოხდება თუ არა დიდი ომი ირანსა და ისრაელს შორის? საამისოდ წინაპირობა შექმნილია – ესაა ორი კვირის წინ განვითარებული მოვლენები. მაშინ ისრაელმა ჩამოაგდო თავის საჰაერო სივრცეში სირიიდან აფრენილი ირანის უპილოტო თვითმფრინავი. ამის შემდეგ ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის ობიექტებზე სირიაში, რასაც სირიის ძალების მიერ ისრაელის გამანადგურებლის განადგურება მოჰყვა.
ეს მოვლენები, ავტორების აზრით, იქცა ახალი მასშტაბური ომის დასაწყისად. დიდი ომი გარდაუვალია, თუ ირანი “ისლამური სახელმწიფოს” საბოლოოდ განადგურების შემდეგ შეეცდება, დარჩეს და გაძლიერდეს ამ ტერიტორიაზე.
შესაძლო ომში ირანის მხარეს აუცილებლად ჩაერთვებიან “სახალხო მობილიზაციის ძალები”. მათ ბირთვს შეადგენენ შიიტური შეიარაღებული ფორმირებები, რომლებსაც მხარს უჭერს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.
ებრაელი ანალიტიკოსების ინფორმაციით, რეგიონში ვითარდება სცენარი, რომლისაც ათწლეულების განმავლობაში ეშინოდათ. ისედაც ფეთქებადსაშიში ადგილი ახალი ბირთვული მოთამაშეებით ივსება.
ამჯერად საუბარი არ არის ირანის გახმაურებულ ბირთვულ პროექტზე. საფრთხეს ქმნიან სხვა სახელმწიფოებიც. ისინი ამუშავენ გეგმებს ატომური ენერგეტიკის სფეროში. საჭიროების შემთხვევაში, ადვილია ატომური ენერგეტიკის გადაყვანა სამხედრო ლიანდაგზე.
ისრაელი ბოლო წლებში არაოფიციალურად თანამშრომლობდა საუდის არაბეთთან. ამის მიუხედავად, საუდის არაბეთი ერთ-ერთ საფრთხედ განიხილება. ისრაელში ფიქრობენ, რომ ამ არაბულ სახელმწიფოს ირანის შიში აქვს და ის თავის ინფრასტრუქტურას ირანის სამხედრო მიზნებს მოახმარს.
საუდის არაბეთს ატომური ელექტროსადგურებისთვის საჭირო რეაქტორები, შეთანხმების თანახმად, აშშ-მ უნდა მიაწოდოს. ვაშინგტონის პირობაა, რომ ამ ქვეყანამ არ დაიწყოს ურანის გამდიდრება. ამგვარ მოთხოვნებს ასრულებენ ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. საუდის არაბეთი ამ პირობას ეწინააღმდეგება. თელ-ავივს ეს საგონებელში აგდებს.
ანალიტიკოსების თქმით, ამერიკას უძნელდება, საუდის არაბეთს აუკრძალოს ურანის გამდიდრება იმ დროს, როცა 2015 წლის შეთანხმებით ირანს ამის უფლება მიეცა. მოსალოდნელია, რომ ამ შეზღუდვის მოხსნა ეგვიპტემ და გაერთიანებულმა საამიროებმაც მოითხოვონ.
არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ამერიკასთან უთანხმოების გამო საუდის არაბეთმა რეაქტორები ატომური ელექტროსადგურებისათვის რუსეთიდან ან ჩინეთიდან მიიღოს.
საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და რეგიონის სხვა ქვეყნებს რუსეთთან გარკვეული ურთიერთობა აქვთ. საუდის არაბეთმა მოსკოვთან შეათანხმა ბირთვული კვლევების სფეროში თანამშრობლობა. რუსეთი რეგიონში თავისი გავლენისთვის იღწვის.
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყნის გარშემო ყალიბდება ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყნების წრე. ისრაელი მათ სამხედრო მეთოდებით ვერ მოერევა.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

