
– არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტმა საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია – ომი გრძელდება. როგორ შეაფასებდით თავად ამ ფაქტს და რას მიიჩნევთ მის უმთავრეს მიზეზად?
– მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ტატუნაშვილმა სეპარატისტებს და რუსეთის სპეცსამსახურებს გეგმები აურია, სწორედ პუტინის არჩევნების წინ. როდესაც ამ ძალას სურდა არჩილი და მისი სახით საქართველო, წარმოეჩინა “მშვიდობიანი ცხინვალის” წინააღმდეგ დივერსიული აქტების მომწყობ მხარედ. სათანადო ნარატივის მოფიქრებასაც ხომ არ სჭირდებოდა ტვინის ღრძობა, მხოლოდ “მძინარე ცხინვალი” უნდა ჩანაცვლებულიყო “მშვიდობიანი ცხინვალით”.
მიადევნეთ თვალყური, რას აბრალებენ არჩილ ტატუნაშვილს – რომ ის რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების წინ გეგმავდა ცხინვალში დივერსიული აქტების მოწყობას.
ეს გეგმა უფრო შორსმიმავალი იყო და ის მხარდაჭერილი უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიიდან. ამ გეგმის არარეალიზებულ ნაწილად მივიჩნევ თუნდაც ქართული ინტელიგენციის წერილს, რომელმაც ჩვენს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღლევა გამოიწვია. მათთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის, უფრო სწორად, ტატუნაშვილისთვის სასახელოდ, იგი არ ჩაჯდა რუსულ გეგმაში და უკვე შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ თავი შეაკლა სეპარატისტებს, რითიც დაანგრია ფსბ-ს სცენარი. სხვა შემთხვევაში ტატუნაშვილის წინააღმდეგ ბრალდებას მოჰყვებოდა ინტელიგენციის წერილი, ხოლო შემდეგ ვლადიმერ პუტინი, იმავე სიტყვაში, სადაც “ზემძლავრი” იარაღის შესახებ ანიმაციური ფილმის დემონსტრირება მოახდინა, იტყოდა, რომ საქართველოში არიან პროგრესული ძალები და არა მხოლოდ ტატუნაშვილები, რომლებიც ცდილობენ რეგიონში ვითარების არევას და “მშვიდობიანი ცხინვალის” წინააღმდეგ ილაშქრებენ. მართალია, ეს მსჯელობაა, მაგრამ სრულად ჯდება მოვლენათა განვითარების ჯაჭვში.
– თუ 2008 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მივადევნებთ თვალყურს, ცხადი ხდება, რომ მშვიდობა საკმაოდ ძვირი გვიჯდება. რა არის ამის მიზეზი?
– ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი არათუ საქართველოში, მთელს მსოფლიოში აწარმოებს. აქ მთავარი ამ ომის გააზრებაა. აქ უმთავრესი გააზრება შემდგომში მდგომარეობს – ომში გყავს მოწინააღმდეგე, რომელსაც ამარცხებ ან რომელთანაც მარცხდები. თუმცა ყველა ომს მოჰყვება დრო, როდესაც ქვემეხები სდუმან. ამ დროს არის მნიშვნელოვანი იმის გააზრება რა გსურს მშვიდობის დროს და საით უნდა წავიდეს ქვეყანა, როგორ უნდა განვითარდეს ის. უფრო დეტალურად – აქვს თუ არა სახელმწიფოს იდეოლოგია, რომლის ძირითად პრინციპებზე თანხმდება ყველა პოლიტიკური ძალა და რომელიც არ იცვლება ხელისუფლებათა ცვლილებების კვალდაკვალ.
სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ეროვნული იდეა არ გვქონდა და არ გვაქვს. დღემდე ვერ გავიაზრეთ, რა უნდა გვეკეთებინა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, როდესაც გვეგონა, რომ მხოლოდ ბორჯომი და ჩაი იქნებოდა საკმარისი ქვეყნის შესანახად და ეკონომიკური წარმატებისთვის. ჩვენ ვერ გავიაზრეთ ის, რომ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას სჭირდებოდა განათლებული და შრომისმოყვარე მოქალაქე და მთელი პერიოდი იმაზე ბჭობაში გავატარეთ – პირობითად – “ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი”. შესაბამისად, ვერ დავლაგდით, ვერ ვიშრომეთ, ვერ ვიომეთ, ვერ ვისწავლეთ და ა.შ.
“ვარდების ხელისუფლების” პერიოდში თვალი მოგვჭრა აღმშენებლობამ, ჩვენს სახლებში აჩახჩახებულმა ნათურებმა – “სინათლის ქალაქებმა”, მაგრამ სწორედ რომ ჩვენი არასათანადო განათლებისა და პრინციპულობის გამო იმდენად დავთმეთ ჩვენი უფლებები, რომ “ნაბანს ბავშვიც გადავაყოეთ”.
დიახ, ახლა საქართველოში ჰიბრიდული ომი მძვინვარებს და ამასაც ვერ ვიაზრებთ, ვერ ვითავისებთ. რატომ? იმიტომ, რომ პარაზიტულ საზოგადოებად ვყალიბდებით, რომელსაც მუდამ ზევიდან უნდა მიუთითონ, რა აკეთოს. ამ დროს რა მითითება უნდა იმის გააზრებას, რომ რუსეთი მტერია და შენი ქმედებებით და სიტყვით მისი საქმე არ უნდა აკეთთო.
– საიდან უნდა მოვიდეს ეს იდეა და ვინ უნდა შესთავაზოს ქვეყნის მოსახლეობას?
– საერთო ეროვნული იდეა პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის – შეთანხმების საგანი უნდა იყოს. ეს რთული ფორმულაა. მაგალითისთვის საქართველოს ახალი კონსტიტუციაც კმარა, როდესაც მმართველმა უმრავლესობამ ვერ მოახერხა კონსენსუსის მიღწევა და ამით აბსოლუტურად ნიველირება მოახდინა იმ ცალკეული მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებების, რომლებიც კონსტიტუციაში აისახა. სამწუხაროდ, პოლიტიკური ამბიციებისა და მადის საკითხში საქართველოს ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავს.
– რეალურად, ჰიბრიდული ომი ჩვენს ყოველდღიურობაში ასე ძლიერ არ იგრძნობა. რა არის ამის მიზეზი – ხელისუფლების არასათანადო ქმედება თუ ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების მიერ პრობლემის გაუცნობიერებლობა?
– ზუსტად ამას მივაქციე ზემოთ ყურადღება. რაც შეეხება ხელისუფლებას, აქ საქმე საკმაოდ რთულად არის. “ქართული ოცნების” ხელისუფლება მის მიერ დეკლარირებულ რუსეთის “არგაღიზიანების” პრინციპს პირნათლად ასრულებს. პირველად ბოლო ათი წლის განვალობაში რუსეთი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით მოწინავეთა რიგებს დაუბრუნდა. ვიღაც იტყვის, რომ ეს კარგია – მე ვამბობ, რომ ეს ცუდია, თან იმ პირობებში როდესაც გვაქვს უფრო დიდი ბაზარი იმავე ევროკავშირის და თუნდაც ჩინეთის სახით. ცუდია იმიტომაც, რომ ეს პროცესი ნებისმიერ დროს, შესაძლოა, კრემლმა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენოს და ამ პოლიტიკის საფუძველზე, ერთ მშვენიერ დღეს, ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდეს. ამავდროულად, ამ პრინციპის საფუძველზე, ჩვენ გავემიჯნეთ ყოველგვარ მორალურ დათქმებს მტრის გააზრებისა და მასთან ურთიერთობის ასპექტში.
გვავიწყდება, რომ რუსეთის ბუნება საუკუნეებია არ იცვლება და მას შეუძლია, ნაბისმიერ დროს გვიმუხთლოს. პარალელურად ვხედავთ პროცესს, რომ ე.წ. “წიწმატისა და ღვინის” სტრატეგია ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. თავად რუსეთმა რა დაგვითმო? ხომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია? ხომ გვიკლავენ თანამოქალაქეებს? ხომ ჩაგრავენ ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ავიწროვებენ ყოველმხრივ? მაშინ რა შეიცვალა ამ პოლიტიკით? მხოლოდ, ის რომ არ გვბომბავენ? პარალელურად რას მივაღწიეთ?
საქართველოში რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ამაში ჩართულია არა მხოლოდ ქართველების ერთი ნაწილი, როგორც ვამბობთ ხოლმე – საბჭოთა არისტოკრატია და ინტელიგენცია – არამედ რიგით მოქალაქეები, რომელთაც ტვინს ურეცხავენ. პროცესში მონაწილეობენ მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მმართველობისა და თვითმმართველობის ცალკეულ სტრუქტურებში დასაქმებული პირები.
ამ პირობებში სახელმწიფოსთვის მართლაც რომ რთულია წინააღმდეგობა და თან იმის საჯაროდ აღიარება, რომ ის ჩართულია ჰიბრიდულ ომში. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ეს პროცესი ბოლომდე გააზრებული არ აქვთ და, შესაბამისად, არც არსებობს წინააღმდეგობის არანაირი სტრატეგია. პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული.
– როგორ და რა ხერხებით უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლება რუსეთს ამ პროცესში?
– სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ანალიტიკოსები, ისტორიკოსები, უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები და ა.შ. წინააღმდეგობის მზა რეცეპტი რომც არსებობდეს, არ მიმაჩნია, რომ ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. ამ ომში გაშიშვლება და გეგმების გამომზეურება დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია პროცესის წაყრუება და მოჩვენებითობა, თითქოს რაღაც კეთდება, მაშინ როდესაც დინამიკაში დაკვირვებით ბრძოლებს ვაგებთ.
– როგორი უნდა იყოს ამ ომში საქართველოს მოსახლეობის როლი?
– ჩვენ ხშირად გვიყვარს ცნობილი ფრაზის მოხმობა – “თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა”, მაგრამ ამის იქეთ ვერ მივდივართ. შესაძლოა, ეს ეპოქალურ ფრაზადაც ჩაითვალოს, მაგრამ აქ დათქმას აქვს მნიშვნელობა – უნდა მოანდომებინო. დღეს ეს ვითარებაა, სხვა გარემოებები და ისტორიული რეალობაა. ამისთვის გვყავს და ვირჩევთ ხელისუფლებებს, ლიდერებს.
ხალხის კონსოლიდაცია პრობლემის გარშემო სწორედ რომ სახელმწიფოს ვალდებულება და მოვალეობაა. აი, აქ არის საჭირო გამჭრიახობა. სულაც არ არის სავალდებულო, პრემიერ-მინისტრი, ან სხვა ჩინოსანი ამაზე ტრიბუნებიდან საუბრობდნენ, მაგრამ სახელმწიფოს ხელშეწყობით უნდა იყვნენ მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც პრობლემას აუხსნიან მოსახლეობას.
პრობლემა არ უკავშირდება რომელიმე ცალკეულ პოლიტიკურ ძალას და ის გლობალური ხასიათისაა, გონიერი ხელისუფლება სამოქმედოდ ოპოზიციასაც გამოიყენებდა და მას მოკავშირედ აქცევდა.
რუსეთი ჩვენს ქვეყანაში მის მიმართ კეთილგანწყობის ფონს ქმნის, რაც სამომავლოდ შეიძლება მორიგი აგრესიისთვის იქნას გამოყენებული. ამ პროცესში ერის, საქართველოს მოსახლეობის გაერთიანება აუცილებელია. ეს სწორად უნდა გაიაზრეს ხელისუფლებამ და პოლიტიკურ ოპონენტებთან ზიზღის ენაზე საუბარი უნდა დაასრულოს, ისევე როგორ ოპოზიციამ უნდა დაასრულოს ხელისუფლების ქილიკი ცალკეულ საკითხებზე.
– საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების დაპირისპირების ზრდისთვის, შესაძლოა, რუსეთმა საპრეზიდენტო არჩევნებიც გამოიყენოს?
– რუსეთს ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეყოლება თავისი ფავორიტი და, შესაძლოა, მხოლოდ ერთი არა. ანუ ის ცალკეულ კანდიდატებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს თუ უკვე დაწყებული და დასრულებულიც არ აქვს. ჩვენ არ გვეყოლება კანდიდატი, რომელიც ღიად იქნება კრემლზე მიბმული, ან ასეთის ყოლის შემთხვევაში ის სულაც არ იქნება რუსეთის მთავარი კოზირი.
ცალკეული პოლიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პრეზიდენტის უფლებები ნიველირებულია, ინსტიტუტი დაკნინებული. ასეთ დროს, შესაძლოა, ამომრჩვეველს გაუჩნდეს განცდა – საერთოდ რატომ უნდა მივიდეს არჩევნებზე უუფლებო პრეზიდენტის ასარჩევად? ესეც იმ ომის ნაწილია – ნიჰილიზმის დათესვა ცალკეული პროცესების მიმართ. მაგრამ რატომ გვავიწყდება, რომ ეს უუფლებო პრეზიდენტი ქვეყნის მთავარსარდალია და ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს და რომ ეს უუფლებო პრეზიდენტი ფაქტობრივად პოლიტიკური მედიატორია ქვეყანაში?
შესაბამისად, ძალიანაც ნუ დავაკნინებთ პრეზიდენტის როლს და, შესაბამისად, ნურც იმით დავიმშვიდებთ თავს, რომ რუსეთს ეს არჩევნები არ აინტერესებს. აგერ პატრიარქის მოსაყდრე დაგვინიშნა რუსეთმა და ვდუმვართ და პრეზიდენტზე უარს უტყვის?
– რა რეალური საფრთხე, ან საფრთხის კონტურები იკვეთება ამჟამად რუსეთის მხრიდან?
– გახსოვთ 2008 წელი? იმის მიუხედავად, რომ საქართველოშიც გვყავს არაერთი მოღალატე და იდიოტი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველომ იერიში “მძინარე ცხინვალზე” მიიტანა, მაშინ რუსეთის ამოცანა სულაც არ იყო მხოლოდ სეპარატისტულ რეგიონებში გამაგრება. ამ რეგიონებს ის ისედაც აკონტროლებდა. მაშინ პუტინის ამოცანა იყო, რომ ქართველი ხალხი რუსეთის ტანკებს ყვავილებით და ოვაციებით დახვედროდა, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა, ტრიუმფალური მარშით შემოსულიყო თბილისში და აქ დროებითი ხელისუფლება დაესვა. შემდგომ კი ჩატარებულიყო “დემოკრატიული” არჩევნები და ვინ გაიმარჯვებდა ამ არჩევნებში, გასაგებია. ჩვენ დღეს რუსეთის მეფისნაცვალი უნდა გვყოლოდა ქვეყნის სათავეში.
ჰიბრიდული ომის მიზანს ამჟამად ის წარმოადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ტოტალურად მოვიდნენ რუსეთის მონები, ამისთვის კი საჭიროა შესაბამისი ფონის შექმნა, სწორედ იმ ფონის, რისი მცდელობაც იყო “შეუვალი ავტორიტეტების” – სტურუას, ამაშუკელის და მათი საძმოს მხრიდან წერილის დაწერა, რაც მხარდაჭერილი იყო ცალკლეული პოლიტიკური ძალების მიერ.
ამიტომ, აუცილებელია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ეს სახადი მოიხადოს და საბჭოთა არისტოკრატიას ერთხელ და სამუდამოდ მიუჩინოს სათანადო ადგილი ისტორიის სანაგვეზე. უფრო მეტიც – მათი პოლიტიკური უტილიზაციაც მოახდინოს.
ასეთ დროს რუსეთს გამოეცლება ე.წ. ინტელექტუალების იდეოლოგიური მხარდაჭერა და იარაღით მოუწევს ჩვენი დაპყრობა, რაც, მერწმუნეთ, მნიშვნელოვნად შეასუსტებს მის პოზიციებს იმის მიუხედავად, რომ პუტინმა რამოდენიმე დღის წინ დასავლეთის წინააღმდეგ ცივი ომი გაანახლა და ამით ყველა საერთაშორისო შეთანხმება თავზე გადაახია საერთაშორისო თანამეგობრობას.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა