რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ დაღუპულების ოჯახებისთვის შექმნილ სტაბში განაცხადეს. ინფორმაციას “ინტერფაქსი” ავრცელებს.
გამოცემისთვის გადაცემულ სიაში 64 დაღუპულის გვარია, ამათგან 41 კი არასრულწლოვანია.
კემეროვოში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. 27, 28 და 29 მარტს რეგიონში სავაჭრო ცენტრში დაღუპულებს იგლოვებენ.
კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.
ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია.
დაღუპული ბავშვების რაოდენობით, ეს ბესლანის შემდეგ რუსეთისთვის ყველაზე მასშტაბური ტრაგედიაა. ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში ტერაქტი 2004 წლის 1 სექტემბერს #1 სკოლაში მოხდა. ტერორისტებს სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის თანამშრომლები მძევლად 2 დღე ჰყავდათ აყვანილი. მესამე დღეს სკოლაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო. ამ მოვლენების შედეგად, რომელიც 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა 300 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 186 ბავშვი.
იმედინიუსი

