“კვირიკაშვილის წასვლა გარდაუვალია” – სოსო ცინცაძის პროგნოზი

"კვირიკაშვილის წასვლა გარდაუვალია" - სოსო ცინცაძის პროგნოზიპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, გასულ კვირას გავრცელებული ხმებით პრემიერის გადადგომაზე და სამთავრობო ცვლილებეზე იყო საუბარი. ამ ტალღამ გადაიარა თუ წინასაარჩევნოდ ცვლილებები იქნება?
– ბოლო ხანებში პრემიერი კვირიკაშვილი ისე იქცევა, რომ ერთი შეხედვით ძალზე მყარი პოზიციები აქვს.
– რას გულისხმობთ?
– თუნდაც პარლამენტში მის თავშეუკავებლობას, შემდეგ რუსეთთან ერთი მეორეზე მიყოლებით სარისკო ინიციატივებს. პრემიერ კვირიკაშვილს არ აქვს მყარი პოზიციები. რატომ იქცევა ის ასე?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის არ არის ავანტიურაზე წამსვლელი პოლიტიკოსი. მე ვვერ დავიჯერებ, რომ რუსეთთან დაკავშირებული მთელი ამ აჟიოტაჟის ავტორი მხოლოდ კვირიკაშვილია, რომ ის არავის არ დაეკითხა და თავისით მიიღო გადაწყვეტილება, ელაპარაკოს პუტინს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის შეგუებულია იმ აზრს, რომ მას მოუწევს წასვლა. თუ გავიხსენებთ, ღარიბაშვილს როგორ მოუწია მოწმენდილ ცაზე წასვლა. ღარიბაშვილი წინა დღით სამომავლო გეგმებზე გვესაუბრებოდა და მეორე დღეს გვითხრა, უკვე გადავდექიო.
– კვირიკაშვილის წასვლა გარდაუვალია?
– ნამდვილად გარდაუვალია, ეს უბრალოდ დროის ამბავია. თანაც, ბატონი ბიძინა თავის ფავორიტებს უყურადღებოდ არ ტოვებს. თუნდაც, ბატონ საგანელიძეს, რომელიც უმრავლესობის ლიდერი იყო, დღეს ფონდში 30 ათასი აქვს ხელფასი. შეიძლება ასეთი თბილი სავარძელი უკვე კვირიკაშვილისთვისაც მზად არის. თანამდებობა, სადაც არც პასუხისმგებლობაა, არც ჟურნალისტები ჩაგეძიებიან და არც აუდიტი შეგამოწმებს.
თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დარჩეს და გარკვეული გუნდი შექმნას.
– და რა შანსები ექნება?
– გადახედეთ ქართულ პოლიტიკას და ამ კითხვაზე პასუხიც გექნებათ, ყოფილების ბედი როგორია. ეს უბრალოდ ტივტივია პოლიტიკის დიდ მდინარეში და სხვა არაფერი.
– თქვენ თქვით, რომ რუსეთთან დაკავშირებული ინიციატივების ავტორი კვირიკაშვილი არ არის, ვინ შეიძლება იყოს?
– მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ კვირიკაშვილი სააღდგომო ბატკანივით გამოიყენეს. ეს იყო საცდელი გასროლა, ერთგვარი მოსინჯვა, თუ როგორი იქნებოდა ქვეყნის შიგნით რეაქცია. დღეს ვისაც არ ეზარება, კვირიკაშვილს აკრიტიკებს. ოპოზიციის ვალდებულება ესეც არის, რომ პრემიერი აკრიტიკოს, მიუთითოს, მაგრამ სხვა ყველა დანარჩენიც რომ აკრიტიკებს?! მე არ გამოვრიცხავ, რომ კვირიკაშვილის გადადგომის საკითხი გადაწყვეტილიც იყოს. თუმცა, უახლოეს დღეებში ეს არ მოხდება.
– ხშირად არის საუბარი, რომ კადრების პრობლემაა.
– გასაგებია, გეთანხმებით, ნამდვილად არის, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, არათუ ჩვენნაირი ქვეყნისთვის, კადრების სწორი სელექცია არის მზიდი კონსტრუქცია. ჩინოვნიკური აპარატი, ვინც რეალურად ასრულებს სამუშაოს, ისინი უნდა იყვნენ თავისი საქმის სპეციალისტები, პროფესიონალები. რაც შეეხება ახალ პრემიერს, რეალურად ბიძინა ივანიშვილის გუნდის შიგნით მოხდება კვლავ ძიება ახალი პრემიერის. სანამ “ქართული ოცნების” ხელისუფლება იქნება ქვეყნის სათავეში, მანამდე ქვეყნის პრემიერი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იქნება.
– ბოლოს თითქოს ივანიშვილის დაბრუნებაზეც იყო საუბარი.
– არ მგონია, ეს რეალობასთან ახლოს იყოს. ივანიშვილს ძალაუფლება არ იზიდავს, საჯაროობა არ უნდა. მას ისედაც აქვს ძალაუფლება და რაში სჭირდება ფორმალური ძალაუფლება, როდესაც პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრება.
– წინასაარჩევნოდ “ოცნების” მხრიდან გარკვეული სვლები არ იქნება?
– იქნება, მაგრამ თავდაჯერებული სვლები იქნება, ისეთი სვლები არა, რომ რაღაცეები არიოს. მე ივანიშვილს არც საპრეზიდენტო კანდიდატად ველოდები და არც პრემიერად. ეს იქნებოდა მანევრი, რომელიც ამ მდორე პოლიტიკურ პროცესს ამოაყირავებდა. თუმცა, ერთიც და მეორეც მისი ნდობით აღჭურვილი პირი იქნება. ოპოზიციას მოუწევს ასეთი აყირავება. თუ ის ერთიან ძლიერ კანდიდატზე ვერ შეთანხმდება, არაფერი გამოუვა და ტყუილად დაიღლება. რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქ ჯერ ასე არ დგას საკითხი. ივანიშვილის სახელით მათ ჯერ კიდევ აქვთ ნდობის ვოტუმი, თუმცა, როდემდე გასტანს, ეს არის საკითხავი.
– თქვენ ამბობთ, რომ “ქართულ ოცნებაში” ყველაფერი მშვიდად არის?
– არც ასეა საქმე. იქაც არიან პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც თავს წამოყოფენ ხოლმე, მაგრამ ერთი, რაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახლა მათ დაბნეულობის პერიოდი აქვთ, რადგან ივანიშვილისგან თავისუფლები არიან, ეს უმრავლესობა ივანიშვილს არ აინტერესებს.
– ვინმეს აქვს ლიდერის პრეტენზია?
– ერთადერთი, ვისაც ამის პრეტენზია აქვს, ეს კალაძეა, მაგრამ მანაც უნდა დაამტკიცოს. მას ამის ამბიციას პირველ რიგში თბილისში მოგებული არჩევნები აძლევს. თუმცა, კალაძე რეალურად შეძლებს თუ არა ლიდერობას და რომ ის ნამდვილი ლიდერია, ეს მან უნდა დაამტკიცოს. თანაც, ამის დამტკიცება არც ისე მარტივი იქნება, რადგან თბილისის მერობა არ არის მარტივი საქმე, ეს ურთულესი რამეა. თუ ის ვერ იქნება წარმატებული მერი და აქ ექნება ჩავრდნები, გარწმუნებთ, რომ არათუ ლიდერი გახდება, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდება კიდეც.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა