მამუკა გამყრელიძე: “ქართული ოცნება” ჩვეულებრივი ბაცაცების გაერთიანებაა”

მამუკა გამყრელიძე: "ქართული ოცნება" ჩვეულებრივი ბაცაცების გაერთიანებაა"“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
მამუკა გამყრელიძე:
– ბევრი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არის რუსული პროექტი. ის არც რუსული პროექტია, არც დასავლეთ ევროპული და საერთოდ არანაირი პროექტი არ არის. ის არის ჩვეულებრივი ბაცაცების გაერთიანება, რომლებიც მოსულები არიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე გაიხანგრძლივონ თავიანთი არსებობა ხელისუფლებაში. მოიპარონ რაც შეიძლება მეტი ფული ბიუჯეტიდან, წაიღონ სახლებში და ყველანაირად შეეცადონ ცალკე რუსეთისთვის რევერანსების გაკეთებას და ცალკე – დასავლეთისათვის. ძალიან კარგად მახსენდება შევარდნაძის პერიოდი. ის ცდილობდა აქეთაც ყოფილიყო და იქითაც, მაგრამ, შევარდნაძისგან განსხვავებით, ამათ ხედვა არ გააჩნიათ!
– შევარდნაძეს რა ხედვა ჰქონდა?
– შევარდნაძეს ხედვა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ორ ფრონტზე იყო, ცდილობდა აქეთაც დაელაგებინა სიტუაცია და იქითაც, საბოლოოდ მაინც ქვეყნის სასიკეთოდ მიმართავდა სიტუაციას. გაიხსენეთ მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან ნავთობის გატარებაზე, სწორედ მის დროს დაიწყო ნატოსთან დაახლოებაზე საუბრები და ასე შემდეგ.
ამათ შევარდნაძეს არც შევადარებ. ამათ საკუთარ მოსახლეობასთანაც ვერ დაულაგებიათ სიტუაცია და ყველაზე მდაბიო ინსტინქტებზე ჰყავთ მიბმული ადამიანები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში არიან, ყველანაირი პერსპექტივა მოუსპეს და ცდილობენ, ასე 20-20 ლარით შეინარჩუნონ მათი კეთილგანწყობილება!
– სერიოზულ კრიზისში ვიმყოფებით როგორც საგარეო, ისე საშინაო კუთხით და სად არის გამოსავალი?
– ერთადერთი გამოსავალი არსებობს! ეს არის ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს, მე ვგულისხმობ სამოქალაქო სექტორს, უპირველეს ყოვლისა! ხალხი უნდა გაერთიანდეს. აქ იცით მთავარი რა არის?!
– რა?
– ის, რომ ჩვენ არ გვყავს სამოქალაქო საზოგადოება. ქართველ ადამიანს არ გააჩნია იმის უნარი, აღიქვას, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს. არც აქვს იმის მოთხოვნილება, რომ მას ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. არც იქით ვართ, არც აქეთ. ღამურასი არ იყოს, არც მიწისა ვართ, არც ცისა. სადა ვართ, ჩვენ თვითონაც არ ვიცით! სანამ არ გაიზრდება ის პლასტი ჩვენი მოქალაქეებისა, რომელიც გაითავისებს და შეიგრძნობს, რომ მას სჭირდება გადარჩენა და მარტო ვერ გადარჩება, ის კოლექტიურად უნდა გადარჩეს, სანამ ეს არ მოხდება, მანამ ამ მდგომარეობაში ვიქნებით.
– და ეს როდის მოხდება?
– ორ-სამ დღეში ნამდვილად ვერ მოხდება. ამას დიდი დრო დასჭირდება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ პატივცემული ივანიშვილის რეჟიმი კარგა ხნითაა მოსული. მისი გადაგდება ძალიან რთული იქნება უახლოესი 10 წლის განმავლობაში. რასაკვირველია, საგარეო ფაქტორის ჩარევა თუ არ მოხდება.
– ამ პროცესებს ოპოზიციის პასიურობაც უწყობს ხელს?
– საერთოდ გვყავს ოპოზიცია?! ვინმეს აქვს იმის შეგრძნება, რომ არსებობს ოპოზიცია?! ოპოზიციურ ველი ხელისუფლების მიერ არის დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ეს ფსევდოოპოზიციური ველია. თავის ხელის ბიჭებს მიუჩინეს შესაბამისი ადგილი და მათთვის ქმნიან კომფორტულ გარემოს, ხოლო ვინც მათ ეწინააღმდეგება, მათ პირდაპირ უწოდებენ მარგინალებს.
დღეს მიმდინარეობს ოპოზიციის მარგინალიზაცია. თურმე დღეს ხელისუფლების გადასაწყვეტი ყოფილა, როგორი ოპოზიცია უნდა არსებობდეს და როგორი არა! როდესაც ეს ყველაფერი საზოგადოებაში არ იწვევს გაღიზიანებას და პროტესტს, ძალიან რთულია გაერთიანების მოპოვება, შეუძლებელიც კი.
ამის დაკვეთა სწორედ საზოგადოებისგან უნდა მოდიოდეს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. სრული პასიურობაა და ამის ფონზე ხდება გადაწვები, ხეების თრევა აქეთ-იქით, მიწების მითვისება, საზღვრის გადმოწევა და ათასი უბედურება!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა